საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნორვეგიის სამეფოს წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის მმართველობისა და იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო სექტორის უფროსი, მაიკლ სტეინფილდი და მისი ასისტენტი, იოჰანე ერიკსენი, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მაიკლ სტეინფილდი და იოჰანე ერიკსენი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დევი ხვედელიანს, ასევე, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანს ლენა შატაკიშვილს, დეკანის მოადგილეს სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობებში ვახტანგ გვიშიანს და ფაკულტეტის პროფესორებს: გრიგოლ ხელიძეს და გიორგი გიგინეიშვილს, შეხვდნენ.
სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დევი ხვედელიანის თქმით, ნორვეგიის სამეფოს წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის მმართველობისა და იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლების უნივერსიტეტში ვიზიტი უკავშირდება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანია, ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით, სტუ-ის სტუდენტებისათვის ნორვეგიაში სწავლის ხელშეწყობა.
„საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატს შორის თანამშრომლობა 2013 წლის 3 ივლისს დაიწყო, როცა გაფორმდა სამმხრივი - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი. მემორანდუმი გულისხმობს საქართველოს მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შეფასებას და მიღებული მონაცემების საფუძველზე ვებგვერდის შექმნას.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგროვებული ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური დაკვირვებების შედეგად მიღებული მონაცემების ციფრულ ფორმატში გადაყვანა, შეცდომების გასწორება და გამოტოვებული ინფორმაციის შევსება. მიღებული შედეგების დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე, მდინარეების ჩამონადენისა და მშენებლობისათვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით გამოიკვეთა პრიორიტეტული პოტენციური ჰიდროელექტროსადგურები.
GIS სისტემის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მდინარეების ციფრული რუკა, რომელზეც დატანილია ინფორმაცია პოტენციური ჰიდროსადგურების სავარაუდო მონაცემების შესახებ: კოორდინატები, სიმძლავრე, გამომუშავება, მშენებლობისათვის საჭირო ინვესტიციის ოდენობა და სხვა, რაც ინვესტორებს გაუმარტივებს სასურველი პროექტის შერჩევის პროცესს. პროექტი წარმატებით დასრულდა, რაც თანამშრომლების გაღრმავებისა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატთან ერთად ახალი პროექტის ინიცირების საფუძველი გახდა. შეხვედრაზე ჩვენ გამოვთქვით მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი”, - განაცხადა დევი ხვედელიანმა.
სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით, ნორვეგიის სამეფოს პროექტით, 2018 წლიდან დღემდე, ენერგეტიკის ფაკულტეტის 8 სტუდენტმა ისარგებლა.
„პროექტის ფარგლებში დამუშავდა მაგისტრატურის პროგრამა ჰიდროინჟინერის განხრით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის. ამ დროისთვის პროგრამაზე სწავლობს ოთხი ქართველი სტუდენტი, რომლებიც 2024 წელს დაასრულებენ სწავლას. ასევე გვყავს სტუდენტები, რომელთაც წარმატებით დაასრულეს ორწლიანი პროგრამა და საქართველოში დაბრუნდნენ. გარდა ამისა, დირექტორატის დახმარებით წარმატებით შემუშავდა განახლებადი ენერგიების შესახებ კანონპროექტი და სხვა. მაიკლ სტეინფილდიმ და იოჰანე ერიკსენმა ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს პროექტში ჩართული ყველა უწყება, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. აღსანიშნავია, რომ პროგრამამ, ნორვეგიის გამოცდილების გაზიარებამ დადებითი ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორზე, სტუდენტების ცოდნის ამაღლებასა და მათ კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბების პროცესზე. ჩვენ მზაობა გამოვთქვით, სამომავლოდ, მსგავს პროგრამებში ჩართულობასა და განხორციელებაზე“, - განაცხადა ლენა შატაკიშვილმა.