დიდი ბრიტანეთი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინისთვის 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას გამოაცხადებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე 242 მილიონი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით 309 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის დახმარებას გამოაცხადებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

“სამიტზე პრემიერ-მინისტრი გამოაცხადებს 242 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის დახმარებას უკრაინას გადაუდებელი ჰუმანიტარული, ენერგეტიკული და სტაბილიზაციის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის საფუძვლის ჩასაყრელად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს დაფინანსება ადასტურებს მათ მუდმივ საერთაშორისო სოლიდარობას უკრაინის მიმართ და რუსეთის აგრესიის შედეგად წარმოქმნილ დაუყოვნებელ საჭიროებებზე რეაგირებაში მოქნილობას.

“სამიტზე პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტი იქნება პარტნიორებთან მუშაობა, რათა შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების გზებზე. გაერთიანებული სამეფოსა და „დიდი შვიდეულის“ ლიდერები მკაფიოდ აცხადებენ, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რასაც უკრაინას აყენებს. ჩვენ გამოვიკვლევთ ყველა კანონიერ გზას, რომლითაც შესაძლებელი იქნება იმობილიზებული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში განმარტავენ, რომ „დიდი შვიდეულის“ იურისდიქციებში არსებული აქტივების ღირებულება 285 მილიარდი აშშ დოლარია.

„უნდა ვიყოთ გადამწყვეტი და კრეატიული ჩვენს მცდელობებში, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და დავასრულოთ პუტინის უკანონო ომი ამ კრიტიკულ მომენტში. დიდი ბრიტანეთი რჩება საერთაშორისო რეაგირების წინა პლანზე. ჩვენ უნდა შევცვალოთ ფრაზა [დავეხმარებით] „იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ ფრაზით : „რაც საჭირო იქნება“, თუ გვინდა, რომ ეს უკანონო ომი დასრულდეს“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა, რიში სუნაკმა.

შეგახსენებთ, იტალიის აპულიის რეგიონში „დიდი შვიდეულის“ სამიტი 13-14 ივნისს გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება