შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები დაკავებული არიან ზიზღის კამპანიით, იმუქრებიან და სამწუხაროდ, ამაზე ევროკავშირის მხრიდან არანაირი რეაქცია არ გვაქვს - წაყრუება მიუღებელია

ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები დაკავებული არიან ზიზღის კამპანიით, იმუქრებიან, შეურაცხყოფას აყენებენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს და სამწუხაროდ, ამაზე ევროკავშირის მხრიდან არანაირი რეაქცია არ გვაქვს - წაყრუება მიუღებელია, თუ იწონებენ ამას და ამბობენ, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, გვითხრან, თუ პასუხისმგებლობას არ იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახარჯულ ფულზე, ესეც გვითხრან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან ევროკავშირის სტრუქტურებს, პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წაყრუება, რომელიც არის ძალადობის და ტერორის მიმართ და ასევე, მმართველი გუნდის მიმართვების მიმართ, მიუღებელია.

პაპუაშვილმა ევროკავშირს ასევე მოუწოდა, შეისწავლოს ის შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები დაკავებულები არიან მუქარით, ტერორით, დაშინებით, ტელეფონზე რეკვით.

„რა ხანია ვხედავთ მუქარას, დაშინების მცდელობას, სატელეფონო ზარებს, ოჯახის წევრებზე თავდასხმას, მუქარას, ტელეფონების ნომრების გასაჯაროებას, ტერორს ოჯახებზე, პირად სივრცეში მივარდნას და ზიზღის ენას - ამ ყველაფერს კოორდინირებულად ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამ ორგანიზაციების ნაწილი არის დაფინანსებული ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ევროპის დემოკრატიის ფონდი. კიდევ ერთხელ მივმართავ ევროკავშირის წარმომადგენლობას, როგორც საქართველოში, ისე საერთოდ, ევროკავშირს და ევროკომისიას, შეისწავლოს ის შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები დაკავებულები არიან მუქარით, ტერორით, დაშინებით, ტელეფონზე რეკვით.

ეს არის შემთხვევები, რომელსაც სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის არც ერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია. ამას არ გამოხმაურებია არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ დაეგმო ეს ძალადობა, ტერორი, მუქარა, ზიზღის კამპანია, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ეს წაყრუება თავის მხრივ, შეიძლება იქნას ამ ჯგუფების მხრიდან გაგებული, როგორც წახალისება. ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო იმატებს მათი მხრიდან ეს ზიზღის კამპანია, რომელიც თავის მხრივ, აღრმავებს პოლარიზაციას. სამწუხაროა, რომ ამ პოლარიზაციის არათუ გაღრმავების წინააღმდეგ რამეს აკეთებენ ევროპული სტრუქტურები, არამედ ამ წაყრუებით და იმით, რომ ეგუებიან, რომ ევროკავშირის ფული იხარჯება იმ ორგანიზებაზე, რომლებიც ჩართულები არიან ზიზღის და პოლარიზაციის კამპანიაში, თავისთავად ვნებს საქართველოს. მივმართავ ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს, შეისწავლოს ეს საკითხი და დააფიქროს თავისი პოზიცია,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია