შალვა პაპუაშვილი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს წერილით მიმართავს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს ტერეზა რიბეიროს წერილით მიმართავს.

პარლამენტის თავმჯდომარე მედიისთვის აკრედიტაციის სისტემასთან დაკავშირებით, ტერეზა რიბეიროს სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც პაპუაშვილი წერილში წერს, საქართველოს პარლამენტში 2023 წლის მარტიდან მოქმედებს მედიის აკრედიტაციის წესი და იგი ეფუძნება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის საუკეთესო პრაქტიკას.

„პატივცემულო ქალბატონო რიბეირო, წავიკითხე თქვენი განცხადება სოციალურ ქსელ X-ში საქართველოს პარლამენტში რამდენიმე ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის დროებით შეჩერების შესახებ.

ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის მარტიდან მოქმედებს მედიის აკრედიტაციის წესი (წესი თან ერთვის წერილს). იგი ეფუძნება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის საუკეთესო პრაქტიკას. აღნიშნული წესი პარლამენტში ადგენს ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტებს. ერთი მხრივ, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ მანამდე გაცემული ქაოტური ყოველდღიური ნებართვების ნაცვლად, წლიური სააკრედიტაციო ბარათების მქონე ჟურნალისტებს ახლა შესაძლებლობა აქვთ, პარლამენტის თანამშრომლების მსგავსად ნებისმიერ დროს შემოვიდნენ პარლამენტში, წინასწარი ნებართვის გარეშე (თუ შენობაში არ მოქმედებს უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი) და პარლამენტის ნებისმიერ კუთხეში ჩაწერონ ნებისმიერი პარლამენტის წევრი. თითოეულ ეროვნულ მედიას უფლება აქვს, ყოველდღიური საქმიანობისთვის პარლამენტში ჰყავდეს მედიის წარმომადგენლების 10 ჯგუფი (თითო ჯგუფში სამი ადამიანი).

მეორე მხრივ, როგორც მედიის აკრედიტაციის ნებისმიერ სხვა წესში, ჟურნალისტებმა პატივი უნდა სცენ გარკვეულ წესებს, რათა დეპუტატების, პარლამენტის თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის უზრუნველყოფილი იყოს კონსტრუქციული სამუშაო გარემო. კერძოდ, მედიის აკრედიტაციაზე განაცხადის შეტანისას, ჟურნალისტები თანხმდებიან, დაიცვან ეთიკური ჟურნალისტიკის სამი ძირითადი წესი: არ გადაიღონ დეპუტატისა და პარლამენტის თანამშრომლის სამუშაო ოთახი წინასწარი გაფრთხილებისა და ნებართვის გარეშე; არ გადაიღონ დოკუმენტები, ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების ეკრანები ნებართვის გარეშე; და შეწყვიტონ რესპონდენტებთან გასაუბრება, თუ ისინი უარს იტყვიან ინტერვიუს გაგრძელებაზე და შეწყვიტონ ადევნება (აღსანიშნავია, რომ სხვა პარლამენტებისგან განსხვავებით, ინტერვიუს დასაწყებად წინასწარი ნებართვა არ არის საჭირო, მაგრამ ის უნდა შეწყდეს, თუ რესპონდენტი უარს აცხადებს მის გაგრძელებაზე).

აკრედიტაციის წესის გარდა, პარლამენტი უზრუნველყოფს ყველა კომიტეტის, ბიუროსა და პლენარული სესიის ონლაინ ტრანსლირებას (საკუთარი ტელევიზიის, Youtube და სოციალური მედიის არხებით), რაც სულაც არ არის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა ეუთოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. გარდა ამისა, კარგად დამკვიდრებული პრაქტიკაა უმრავლესობისა და უმცირესობის წევრების ყოველდღიური შეხვედრები პრესასთან. მე ღია კითხვებისთვის კვირაში 1-2-ჯერ, საშუალოდ 45 წუთის განმავლობაში ვხვდები ყველა ჟურნალისტს. ეუთოს/ევროკავშირის სხვა პარლამენტებში ძნელად თუ შევხვდებით პარლამენტის თავმჯდომარის მედიასთან ასეთი ხშირი კომუნიკაციის პრაქტიკას. საერთო ჯამში, ჟურნალისტებს დღეში 2-3 საათი აქვთ ყველა დეპუტატთან ინტერვიუს ჩასაწერად.

შედეგად, ასობით ჟურნალისტსა და მედია სააგენტოს აქვს სრული შესაძლებლობა, უწყვეტად გააშუქოს საპარლამენტო მოვლენები და ამავდროულად, პარლამენტში შეინარჩუნოს სამუშაო გარემო.

პატივცემულო ქალბატონო რიბეირო, წლიური აკრედიტაცია ამ დროისთვის 339 ჟურნალისტს აქვს მიღებული. წესის შემოღების შემდეგ, პარლამენტის სასახლეში 22,839 შემოსვლა დარეგისტრირდა, ხოლო მედიის აკრედიტაციის შეჩერების მხოლოდ 14 შემთხვევა დაფიქსირდა (2023 წელს 9 შემთხვევა, 2024 წელს - 5). ყველა შემთხვევაში დარღვევა ეხებოდა რესპონდენტების მიერ გასაუბრებაზე უარის თქმის შემდეგ ჩართული კამერებით მათ ადევნებას. ეს გახლდათ ინდივიდუალური სანქცია, ანუ იმ მედიასაშუალებებს, რომელთა ჟურნალისტებსაც დროებით შეუჩერდათ აკრედიტაცია, ჰქონდათ შესაძლებლობა, ემუშავათ პარლამენტში დანარჩენი 9 ჯგუფის ოპერირებით.

ის ფაქტი, რომ დროებითი აკრძალვა (1 ან 6 თვის განმავლობაში) გამოყენებულ იქნა მხოლოდ შემთხვევების 0,06%-ში, ცხადყოფს, რომ ჟურნალისტები კეთილსინდისიერად იცავენ აკრედიტაციის წესს. ამიტომ, გასაკვირია, რომ წესების დარღვევამ, რომლებიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება და რომლებსაც ჟურნალისტები ეთანხმებიან აკრედიტაციის მიღებამდე, შეიძლება გამოიწვიოს კრიტიკული რეაქციები. ასეთი შეშფოთება არ უწყობს ხელს ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარებას.

პატივცემულო ქალბატონო რიბეირო, გარწმუნებთ, რომ საქართველოს პარლამენტი რჩება მედიის კეთილსინდისიერებისა და სანდოობის ხელშეწყობის ერთგული, რათა საზოგადოებას მიეწოდოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია და ხელი შეეწყოს დემოკრატიულ განხილვებს“, - ნათქვამია წერილში.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის