საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერის მოხსენება EMCEI 2024-ზე წარდგენილ საუკეთესო კვლევებს შორის დასახელდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგარარული მეცნიერებებისა ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორმა, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „ტალღის“ ხელმძღვანელმა, მედეა ბურჯანაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში - ევრო-ხმელთაშუაზღვის მე-6 კონფერენცია გარემოსდაცვითი ინტეგრაციისთვის (The 6th Euro-Mediterranean Conference for Environmental Integration - EMCEI-24). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაზე, რომელიც მარაკეშში, კადი აიადის უნივერსიტეტში (მაროკო) ჩატარდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრის სამეცნიერო მოხსენება - „ბოვერ-ჯი: მიკოპესტიციდი სასოფლო-სამეურნეო და ტყის მავნე მწერების კონტროლისთვის“ - სამეცნიერო კომიტეტმა გარემოს მენეჯმენტის ბიოტექნოლოგიის სექციის გამარჯვებულად დაასახელა.

როგორც სტუ-ის პროფესორი მედეა ბურჯანაძე აღნიშნავს, EMCEI 2024-ის მიზანია, თავი მოუყაროს გარემოსდაცვითი მიმართულებით ჩატარებულ უახლეს კვლევებს და ხელი შეუწყოს, ერთი მხრივ, გლობალური გარემოსდაცვითი მიზნების განხორციელებას და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მდგრადი გარემოს შექმნაში.

„EMCEI 2024-ის 18 სექციაში მსჯელობა და პანელური დისკუსიები წარიმართა გარემოს მზარდ დეგრადაციაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კრიტიკულ საკითხებზე, სასოფლო-სამეურნეო პრობლემატიკაზე, გარემოსდაცვითი ცნობიერების, კრიზისების შეფასებისა და მართვის, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების, ასევე, უახლესი გარემოსდაცვითი მიდგომებისა და სამეცნიერო კვლევების ინტეგრირების შესაძლებლობებზე. კონფერენციის სექციებში მონაწილეობდა 400-მდე მეცნიერი 70-ზე მეტი ქვეყნიდან. ჩემ მიერ გარემოს მენეჯმენტის ბიოტექნოლოგიის სექციაში წარდგენილი სამეცნიერო მოხსენება ეხება პირველ ქართულ მიკოპესტიციდს, რომელიც დამზადებულია და რეგისტრირებულია საქართველოში, სამარკო ნიშნით - ბოვერ-ჯი. მიკოპესტიციდის შესაქმნელად კვლევებს ვატარებდით გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სასიხარულოა, რომ მოხსენებას EMCEI 2024-ის სამეცნიერო კომიტეტმა მაღალი შეფასება მისცა და სექციის გამარჯვებულად აღიარა. ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებაა. სამეცნიერო კვლევებში უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და კოლეგებს. აქვე აღვნიშნავ, რომ მოხსენება, EMCEI 2024-ზე წარდგენილ სხვა კვლევებთან ერთად, გამოქვეყნდება იმპაქტფაქტორიან „შპრინგელის“ სამეცნიერო გამოცემებში“, - აცხადებს მედეა ბურჯანაძე.

სტუ-ის მეცნიერის ინფორმაციით, EMCEI 2024-ის ფარგლებში, კონფერენციის ორგანიზატორთა ინიციატივით შედგა შეხვედრები, რომელზეც განიხილეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები სამეცნიერო მიმართულებით, ასევე, იმსჯელეს კონფერენციის გამართვის შესაძლებლობის თაობაზე საქართველოში, კერძოდ კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში