თინა ბოკუჩავა - საარჩევნო ცვლილებები არის ივანიშვილის პარტიის მცდელობა, პოლიტიკურ ვერტიკალს დაუქვემდებაროს საარჩევნო ადმინისტრაცია - პრეზიდენტის ვეტო სწორია

დღეს საქართველოს ჰყავს ღიად პრორუსული ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება დასავლეთს და ცდილობს რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანი, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ამერიკა არის „გლობალური ომის პარტია“, რევოლუციის წახალისებას ცდილობს და აქვს ბოროტი ზრახვები, რისი მოსმენაც გულდასაწყვეტია.

ბოკუჩავას განმარტებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრემლის და ივანიშვილის პარტიის მესიჯები ერთ-ერთში ემთხვევა ერთმანეთს.

„ის, რომ დღეს საქართველოში რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არის ივანიშვილის მთავრობა, არის სწორედ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიმართა ისეთ უკიდურეს ზომას მეგობრებთან ურთიერთობაში, როგორიც არის სანქციების დაწესება კონკრეტულად იმ პირებზე, რომლებიც, მათ შორის, პროპაგანდის გამოყენებით და ასევე, ძალადობით, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და საქართველოს წაართვან ევროატლანტიკური მომავალი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებისთვის ვეტოს დადებას და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც მმართველი პარტია ცდილობს, პოლიტიკურ ვერტიკალს დაუქვემდებაროს საარჩევნო ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება სწორია.

„საარჩევნო ცვლილებები, რომელიც ივანიშვილის პარტიამ მიიღო, არის მორიგი მცდელობა პოლიტიკურ ვერტიკალს დაუქვემდებაროს საარჩევნო ადმინისტრაცია, რაც, რა თქმა უნდა, არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული და ევროპული განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ, ნამდვილად გამართლებულია და სწორია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან აღნიშნული საარჩევნო კანონმდებლობისთვის ვეტოს დადება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია