საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი აკადემიური საბჭოსა და სენატის წინაშე 2023 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშით წარსდგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის აკადემიური საბჭოს, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, სტუ-ის სენატის და ფაკულტეტების წარმომადგენლების წინაშე მოხსენებით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, კანცლერმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო გასული 2023 წლის განმავლობაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და ასევე, სამომავლო გეგმები.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ უნივერსიტეტს, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გახდეს ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტი ინოვაციების მიმართულებით. შესაბამისად, მისთვის უმნიშვნელოვანესია იმ ძირითადი პრინციპების განხორციელება, რომელსაც ევროპის ინოვატორი უნივერსიტეტები ნერგავენ. მათ შორის უმთავრესია: სწავლა- სწავლებისა და კვლევის ერთიანობა; შედეგებზე და შესაძლებლობებზე ორიენტირებული რესურსების განაწილება, რომელიც კვლევებს დამატებით მოტივაციას და შესაძლებლობებს შეუქმნის დაფინანსებისათვის, როგორც შიდა, ისე საერთაშორისოდ აღიარებული დონორების მხრიდან და მმართველობის დაბალანსებული სტრუქტურის შექმნა.

„სწრაფვა ხარისხისაკენ და მუდმივი ძიება მართვის პროცესების გაუმჯობესებისათვის, სიახლეს არ წარმოადგენს. უნივერსიტეტისათვის, როგორც თავისუფალი აკადემიური სივრცისათვის, აუცილებელი კომპონენტია სწავლის, სწავლებისა და კვლევის ერთიანობა, რაც გულისხმობს სწავლისა და სწავლების პროცესში უახლესი კვლევის შედეგების გათვალისწინებას, სტუდენტის ჩართულობას კვლევის პროცესების გაანალიზებაში. აღნიშნული თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევის შედეგების ნაყოფიერ გამოყენებას საზოგადოებრივი დანიშნულებით და მათ ადაპტაციას სასწავლო პროგრამაში დასანერგად. სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა 2023 წლის ბიუჯეტი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2022-2028 წწ. განვითარების სტრატეგია შვიდი მიმართულებით ხორციელდება, რომელიც ასახულია უნივერსიტეტის 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის სხვადასხვა პროგრამებში. იგი ითვალისწინებს სტრატეგიული გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობას და მოიცავს ძირითადი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებს. უნივერსიტეტის განვითარების 2022-2028 წწ. სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას უკავია, რაშიც დიდ მხარდაჭერას გვიცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. უნივერსიტეტი დიდ სამუშაოს ეწევა საბაკალავრო STEM პროგრამების საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი 5 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამიდან ერთს „ბიოსამედიცინო ინჟინერია Biomedical Engineering” ABET ორგანიზაციის მიერ მიენიჭა აკრედიტაცია. დანარჩენი პროგრამების აკრედიტაციისათვის პროექტი გაგარძელდა 2024 წელს”, - აღნიშნა თავის გამოსვლაში კანცლერმა.

როგორც კანცლერმა განაცხადა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ზრუნავს თანამშრომელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზეც და ამ მიზნით ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა კორპორაციული დაზღვევის ხარჯები. უნივერსიტეტის მიზანია მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის გზით უზრუნველყოს სტუდენტების კონკურენტუნარიან, მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბება და მათი ჩართულობის გაზრდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. სტუდენტთა ხელშეწყობა გამოიხატება წარჩინებული სტუდენტებისათვის სახელმწიფო, თუ საფაკულტეტო სტიპენდიებით უზრუნველყოფაში, სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული შეღავათების დაწესებაში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი. მისი თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი კურიკულუმს გარე აქტივობების ორგანიზებასა და დაფინანსებაში, მუდმივად ზრუნავენ სპორტისა და კულტურის პოპულარიზაციაზე, სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, უზრუნველყოფენ ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენას და მათ მონაწილეობას მსოფლიო და ეროვნულ უნივერსიადებში. პროგრამა მოიცავს ქვეპროგრამებს და ითვალისწინებს აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეთა ხელშეწყობას.

„2023 წლის განმავლობაში, აკრედიტაცია გაიარა 23 ახალმა პროგრამამ, რეკომენდაციების შესრულების ანგარიში-8 პროგრამამ, ხოლო აკრედიტაციის პირობების შემოწმება-4 პროგრამამ. პროცესი მოიცავს, როგორც პროგრამის მდგრადობის, ასევე ფინანსური მხარდაჭერის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და საბიბლიოთეკო ფონდის განახლების მონიტორინგს, რასაც უნივერსიტეტმა წარმატებით გაართვა თავი. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი-ს წევრი, რომელიც თავის მხრივ არის საერთაშორისო ორგანიზაციის (ბიბლიოთეკების ეროვნული კონსორციუმების კონსორციუმის) eIFL.net-ის წევრი. კონსორციუმი საშუალებას აძლევს ბიბლიოთეკებს შეღავათიან ფასად ინტერნეტის საშუალებით ისარგებლონ მსოფლიოს მრავალი ცნობილი გამომცემლობების ჟურნალებით, ელექტრონული წიგნებითა და სხვა მრავალი მონაცემთა ბაზებით. 2023 წლის განმავლობაში, უნივერსიტეტი აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში, ასევე მონაწილებდა ეროვნული ფედერაციების მიერ მოწყობილ ჩემპიონატებზე, კერძოდ, 2023 წლის საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ჩემპიონატში უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრებმა I საპრიზო ადგილი დაიკავა, ხოლო ქვიშის ფრენბურთში უნივერსიტეტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდების მიერ პირველი და მესამე ადგილები მოიპოვეს. უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი დაუმარცხებლად ატარებდა შეხვედრებს სტუდენტური A ლიგაში, ასევე, მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში (კალათბურთი U 22), უნივერსიტეტის ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები გუნდი წარმატებით ასპარეზობდა საქართველოს ხელბურთის 34-ე ეროვნულ ჩემპიონატში. მთელი წლის განმავლობაში ფაკულტეტებს შორის მიმდინარეობდა სპორტული ოლიმპიადა სხვადასხვა სპორტის სახეობებში. საქართველოს კუთხეების უკეთ გაცნობის მიზნით, ეწყობა ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისათვის, რაც ხელს უწყობს მათ დაახლოებას და შესაბამისად, ინტერნაციონალიზაციის გაღრმავებას. სტუდენტების მიერ ეწყობა ბევრი საინტერესო შეხვედრა, დისკუსია, პერსონალური გამოფენები უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში „გალერი“ და ასე შემდეგ”, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს კარლო კოპალიანმა აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრების კითხვებს გასცა პასუხები.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია