„ევროპულ - დემოკრატიული ერთობის“ ლიდერი აკია ბარბაქაძე „ ქართული ოცნების“ მიერ „სახელმწიფოს უსაფრთხოების საფუძვლების ნგრევის ინდიკატორებზე“ საუბრობს და სტრატეგიულ პარტნიორებსა და სამხედრო მოსამსახურეებს მოუწოდებს, პოლიტიკური საბოტაჟისგან დაიცვან ამერიკის და საქართველოს მრავალწლიანი სამხედრო თანამშრომლობა.
აკია ბარბაქაძე აშშ-ს მოუწოდებს, რომ არ შეწყვიტოს სამხედრო სტრატეგიული თანამშრომლობა და 2024 წლის არჩევნების შემდეგ ეს თანამშრომლობა, კიდევ უფრო ნაყოფიერი და ორმხრივად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გახადოს.
„პოლიტიკური პლატფორმა „ ევროპული დემოკრატიული ერთობის“ სახელით მივმართავთ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს, სტრატეგიულ და მეგობრულ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მყოფ ამერიკელ მეგობრებს, აშშ-ის საელჩოს, აგრეთვე ქართველ პოლიტიკოსებს, სამხედროებს: ჩვენ კარგად გვახსოვს პირველი დიდი ერთობლივი პროექტი, წვრთნის და აღჭურვის პროგრამა, როდესაც ამერიკელი ინსტრუქტორების ძალისხმევით ჩამოვაყალიბეთ, გავწვრთენით და აღვჭურვეთ პირველი ქართული ბატალიონები პროფესიონალური ჯარისთვის, პირველი გიგანტური ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა საქართველოს თავდაცვის სისტემის დასავლურ ყაიდაზე მოწყობისათვის, შემდეგ იყო ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა ოფიცრების განათლებისთვის, სერჟანტების მომზადება, საბრძოლო მომზადების საბაზისო მომზადების კურსის შექმნა, საბრძოლო ვერტმფრენების გადმოცემა, ერთობლივი მისიები ერაყსა და ავღანეთში, ქართულენოვან სამხედრო ლიტერატურის შექმნა, ოპერატიული დაგეგმარების დახვეწა, ერთობლივი საწვრთნელი და შეფასების ცენტრის შექმნა, მრავალეროვნული სწავლებები და ბოლოს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური პროგრამა. რაც მთავარია ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერებით, სტრატეგიული თანამშრომლობით და მხარდაჭერის დემონსტრირებით, მშვიდობას საქართველოში ჰქონდა ნამდვილი, მყარი გარანტია.
ჩვენ შეშფოთებით ვუყურებთ ოცნების ხელისუფლების მიერ ამ თანამშრომლობის დაზიანების მცდელობას, დემარშებს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, გვაქვს ინდიკატორები, რომ შეიძლება უკიდურესად დასუსტდეს ან შეწყდეს სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ-თან. ამიტომ, მოვუწოდებთ აშშ-ს არ შეწყვიტოს სამხედრო სტრატეგიული თანამშრომლობა და 2024 წლის არჩევნების შემდეგ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და ორმხრივად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გახდება;
მოვუწოდებთ ქართველ სამხედროებს, მაქსიმალურად დაიცვან პოლიტიკური საბოტაჟიდან სამხედრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კომპეტენციის ფარგლებში პრინციპულად გამოხატონ თავიანთი პროდასავლური პოზიციები.
ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ვალდებული ვართ, ერთობლივი მტკიცე პოზიციით, ვაიძულოთ „ოცნება“ ხელი აიღოს საქართველოს უსაფრთხოების საფუძვლების ნგრევაზე. ჩვენ ერთად უნდა მოვახერხოთ, რაც შეიძლება ნაკლები ზარალით გამოვიდეთ, კოლაბორაციონიზმის დასრულებისას, თავიდან, ნულიდან რომ არ მოგვიწიოს საქართველოს თავდაცვის სისტემის მშენებლობა“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.