სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 5 პირი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 5 პირი ამხილა, მათ შორის 2 მამაკაცი და 3 ქალი. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც კონკრეტული საქმეების დეტალებზეა საუბარი.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების ფაქტებზე, მხილებულია 30 წლის ქალი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ნოემბრიდან, ბრალდებული ქალი ქორწინებაში იმყოფებოდა ნ.ბ-სთან, რომელსაც ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალთან და ისინი კომუნიკაციას სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ახორციელებდნენ.

2023 წლის 28 იანვარს, ბრალდებული ქალი მობილურ ტელეფონში აპლიკაცია „Viber“-ში თავისი მეუღლის სასიყვარულო შინაარსის მიმოწერას გაეცნო. მან მიმოწერის ე.წ. სქრინები გადაიღო და შემდგომში ისინი მეუღლის ნათესავებთან და მეგობრებთან უკანონოდ გაავრცელა.

დანაშაულში მხილებულ ქალს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით და 159-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინა. მას სასამართლოს განაჩენით 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 1973 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის იანვარში, დაზარალებულმა ქალმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ის მეშვეობით, 1973 წელს დაბადებული ბრალდებული გაიცნო და მასთან ვიდეოზარით ვირტუალური სექსი ჰქონდა, რისი ამსახველი ფოტოები და ვიდეო მამაკაცმა ფარულად გადაიღო. მოგვიანებით ბრალდებული დაზარალებულ ქალს დაემუქრა - თუ არ დაემორჩილებოდა მას და არ შეასრულებდა მის მითითებებს, ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერს და ფოტოსურათებს გაუვრცელებდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ცხელი ხაზის მეშვეობით შეტყობინების მიღებისთანავე, კონფიდენციალურობის სრული დაცვით საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მოკლე დროში ჩაატარა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალა, რომელიც სასამართლოს განაჩენის შემდეგ განადგურდება. ბრალდებული ა.ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იქნა დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტი გახსნა.

სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დანაშაულში მხილებულია დედა-შვილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, დაზარალებულმა მ.გ.-მ საზღვარგარეთ მყოფ თავის შეყვარებულ მამაკაცს გ.დ.-ს, აპლიკაცია „whatsapp“-ის საშუალებით, თავისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა გაუგზავნა, რომელსაც მამაკაცი კუთვნილ ტელეფონში ინახავდა. პარალელურად, ასევე, აღნიშნულ მამაკაც გ.დ.-ს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა გოგოსთან თ.ტ.-სთანაც, რომელმაც მამაკაცის მობილურ ტელეფონში სხვა ქალთან არსებული მიმოწერები და დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტოები ნახა.

მოგვიანებით, შურისძიების მიზნით ბრალდებულებმა ქალმა თ.ტ.-მ და დედამისმა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრებს და ახლობლებს გადაუგზავნა.

დანაშაულში მხილებულ დედას და შვილს ბრალდება, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გამოყენების და გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინათ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 19 წლის კაცი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ „Telegram”-ის ერთ-ერთ ჯგუფში მისთვის უცნობი დაზარალებული ქალის შიშველი ფოტო-ვიდეო მასალა მოიპოვა, რის შემდეგაც იგი სოციალური ქსელით დაუკავშირდა დაზარალებულ ქალს და ახალი ინტიმური კადრების გადაღება და მასთან გადაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე მოპოვებული კადრების გავრცელებით დაემუქრა. დაზარალებულისგან უარის მიღების შემდეგ, ბრალდებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები მის ქმარს და მეზობლებს გადაუგზავნა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შეტყობინების მიღების შემდეგ გამოძიება მყისიერად დაიწყო. ბრალდებული გ.მ. გამოძიების დროს სააბონენტო ნომრით იდენტიფიცირდა, რომლის მობილურ ტელეფონში ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალები და მიმოწერის დამადასტურებელი ე.წ. „სქრინები“.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებული გ.მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იქნა დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - ხელისუფლებამ იცის, რომ ამერიკასთან ურთიერთობების დალაგების კუთხით ჩიხშია, ახლა მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ - არჩევნები მოიგონ და შემდეგ თქვან: ხალხმა ჩვენ აგვირჩია და დაანებეთ თავი ამ ქვეყანას
ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო