სახალხო დამცველი ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი განცხადებებისაგან

საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო პერიოდში პოლიტიკოსებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, რომლებიც შეიცავს სტიგმას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ.

სახალხო დამცველის განცხადებით, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს ეკისრებათ განსაკუთრებული ვალდებულება, რომ საჯარო პოლიტიკურ დებატებში არ გაავრცელონ არასწორი, სტერეოტიპებზე დამყარებული განცხადებები და არ გამოიყენონ სიძულვილის ენა.

ამასთან, სახალხო დამცველი ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი განცხადებებისაგან.

„საქართველოს სახალხო დამცველს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ტერმინ „აუტიზმის“ დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება მიუღებელია, ვინაიდან ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში მძლავრად ფესვგადგმული სოციალურ სტიგმის და მცდარი შეხედულებების გამყარებას, იწვევს საზოგადოების გაუცხოებას ამ პირთა მიმართ და ქმნის საფრთხეს, რომ ისინი მომავალში შესაძლოა დისკრიმინაციას დაექვემდებარონ. ამასთან, საზოგადოებაში ფორმირებული მცდარი სტერეოტიპული შეხედულებები სერიოზულ ფსიქოემოციურ ტრავმას აყენებს შეზღუდული შესაძლებლობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებს.

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, მათ შორის, აუტიზმისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მაღალია სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი დამოკიდებულება, რის გამოც ისინი ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის დროს. ამ ფონზე, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ცნობილი სახეების მხრიდან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რომლებიც კიდევ უფრო ამძლავრებს არსებულ სტერეოტიპებს და ხელს უწყობს არასწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს ეკისრებათ განსაკუთრებული ვალდებულება, რომ საჯარო პოლიტიკურ დებატებში არ გაავრცელონ არასწორი, სტერეოტიპებზე დამყარებული განცხადებები და არ გამოიყენონ სიძულვილის ენა.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მე-8 მუხლი წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს მიიღონ სათანადო ზომების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ღირსების პატივისცემის უზრუნველსაყოფად.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებების გატარებას და ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი განცხადებებისაგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია