ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024

სანდრო თვალჭრელიძე - “მთელ ახალგაზრდობას ვერ გალახავენ და ვერც ციხეში ამოალპობენ. ამგვარად დაშინება აბსოლუტურად უშედეგოა”

პრეზიდენტის მიმართვა ელჩებს და ახალი სკანდალი - ვინ როგორ გაიგო ზურაბიშვილის მოწოდებები

კახა ქემოკლიძე - “აბსურდული საერთო სია არ არის გამარჯვების ფორმულა, პირიქით, ეს არის “შუის ბოლომდე გაკრეფა... ჩვენი ხელი ისევ გაწვდილია „ლელოსთვის”

გიდების “აჯანყება” აფხაზეთში - დე ფაქტო მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, მოსახლეობის 13% შეიძლება შემოსავლის გარეშე დარჩეს

ალეკო ელისაშვილი - “მე გამოსავალს საარჩევნო ამბოხში ვხედავ”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “მთელ ახალგაზრდობას ვერ გალახავენ და ვერც ციხეში ამოალპობენ. ამგვარად დაშინება აბსოლუტურად უშედეგოა”

“საქართველო ათასი ძაფით არის დაკავშირებული აშშ-თან, ევროკავშირთან. დასავლეთის დამსახურებაა ის, რომ საქართველო შედგა როგორც სახელმწიფო. ამ ძაფების, ამ კავშირების გადაჭრა შეუძლებელია, მით უფრო აშშ და ევროკავშირიც ძალიან კარგად ხვდებიან, რა ხდება საქართველოში და ელოდებიან არჩევნების შედეგებს. თუ ყველაფერი ისევ გაგრძელდა, ქვეყნისთვის სავალალოდ დასრულდება და აღმოვჩნდებით ძალიან ღრმა ეკონომიკურ-სამხედრო-პოლიტიკურ კრიზისში. თუ ისევ “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა არჩევნებში, ჩვენ ძალიან მძიმე 4 წელიწადი გველის. ახლა “ოცნებაც~ თითქოს ცდილობს რიტორიკის შერბილებას, მაგრამ, ჩემი აზრით, დააგვიანდათ - ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების ნდობა დაკარგა, როდესაც ბოლო დროს არაერთხელ გატეხა სიტყვა, მათ შორის ყველაზე მძიმე ე.წ. აგენტების კანონის მიღება იყო”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვინ ჩაშალა დიდი ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბება?!

“ანაკლიის პორტი თავიდანვე არ ყოფილა მხოლოდ ეკონომიკური პროექტი. მისი იდეა საიდუმლოდ გაჩნდა და პირველი ნაბიჯებიც მალულად გადაიდგა, რადგან მიიჩნეოდა, რომ მას საქართველოსთვის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა და ქვეყნის უსაფრთხოების მრავალი მიმართულება მოეცვა - ეს ვიცი ძალიან კარგად, რადგან აშშ-ის პირველ ელჩთან საქართველოში ამ კონცეფციაზე ვმუშაობდი. მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ეს ადგილი შეარჩია პორტისთვის. მაშინ გეოლოგიის ინსტიტუტში დირექტორის მოადგილე გახლდით სამეცნიერო დარგში. პროექტი ძალიან მალულად უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ შეცდომა ჯერ მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა, როდესაც დაიწყო ლაზიკის მშენებლობაზე ლაპარაკი და ამას უზარმაზარი პიარი მოაყოლა. მერე იყო მამუკა ხაზარაძის თემა და ამხელა სკანდალი. მე მეჩვენება, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ამერიკელებმა ამ პორტთან დაკავშირებული ინტერესი დაკარგეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ის, რაც ქალბატონმა აშშ-ის ელჩმა ბრძანა, სწორია, - სტრატეგიული პროექტები სტრატეგიულ პარტნიორებთან უნდა განახორციელო. რადგან ჩინეთს აძლევ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს, ე.ი. ამერიკას აღარ განიხილავ სტრატეგიულ პარტნიორად. ჩინელები როგორ აშენებენ, კი ვიცით რიკოთის სტრატეგიული გზის მაგალითით. გული მისკდება, რამე დიდ უბედურებას არ გადავეყაროთ. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკულმა კომპანიებმა ანაკლიის მიმართ საბოლოოდ დიდი ინტერესი აღარ გამოიჩინეს. კარგი იქნებოდა, ეს პროექტი გადადებულიყო 4-5 წლით და მერე განხორციელებულიყო. მოკლედ, ამ კარიკატურად ქცეულ პროექტს მე უკვე დიდ ყურადღებას აღარ მივაქცევდი. მან მთავარი - უსაფრთხოების შემადგენელი, სამწუხაროდ, უკვე დაკარგა” , - განაგრძობს რესპონდენტი.

სალომე ზურაბიშვილი ძალიან სწორად იქცევა - როგორც ველოდი, ის უშუალოდ არ ერევა საარჩევნო პროცესში, რჩება განზე და ერთგვარად არბიტრის როლის შესრულებას ეცდება. დღეს პრეზიდენტი დასავლეთში ყველაზე დაფასებული ქართველი პოლიტიკოსია. ნახეთ, როგორ ხვდებიან მას დასავლელი ლიდერები. მან ჯერ ქარტიაზე მოაწერინა ხელი პარტიებს, შემდგომ კი თქვა, მე ვიქნები თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატიო. ის უკვე პოსტსაარჩევნო პროცესსა და კოალიციურ ერთობაზე ფიქრობს. ზურაბიშვილი ემზადება და დიდი იმედიც აქვს, რომ მეორე ვადით გახდება პრეზიდენტი კოალიციური მთავრობის პირობებში. მან მოახერხა და დაალაგა მეტ-ნაკლებად ურთიერთობა “ნაციონალურ მოძრაობასთან”, განსაკუთრებით კი შუალედურ პატარ-პატარა პარტიებთან, რომელთა გაერთიანების საფუძველზეც შესაძლოა საარჩევნოდ მესამე ძალა ჩამოყალიბდეს. სალომე ზურაბიშვილი პოსტსაარჩევნო გაერთიანებაზე მუშაობს - ამ გაერთიანებას უნდა ჰყავდეს ლიდერი და ზურაბიშვილი სწორედ ამ ლიდერის როლის შესრულებას ცდილობს”, - განმარტავს ექსპერტი.

“საარჩევნოდ მე მომხრე ვარ მე-3, მე-4 ცენტრის ჩამოყალიბების. ვფიქრობ, ოპოზიცია გააქტიურდება ივლისის შუა რიცხვებიდან. ახლა საქართველოს მოსახლეობის მთელი ყურადღება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისკენ არის მიმართული. პოლიტიკისთვის არავის სცალია. მე ფეხბურთის ძალიან დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ და კარგად ვიცი, რამხელა წარმატებაა ჩვენი ევროპაზე გასვლა. ბედნიერი ვარ, რომ ამის მომსწრე ვარ, თუმცა ჩვენი ნაკრები მომავლის ნაკრებია და დარწმუნებული ვარ, მომავალ ჩემპიონატზე ჩვენ ფავორიტთა შორის ვიქნებით”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “ვხედავთ, რომ ბოლოდროინდელი პროტესტის მონაწილეებს ან სასამართლოებში იბარებენ, ან ქუჩაში უსწორდებიან ისე, რომ დამნაშავეები ჯერაც არ დასჯილან...” - პასუხობს:

“რუსეთივით აქ პროტესტანტების დაშინება და გაქრობა არ გამოვა, საქართველოში სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე. “არა რუსულ კანონს” - ეს მოძრაობა პოლიტიკოსებმა კი არა, ახალგაზრდებმა წამოიწყეს. მათ არა ჰყავთ მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერი. ეს არის ძალიან დიდი სამოქალაქო მოძრაობა, რომელსაც აერთიანებს ერთი სულისკვეთება. ერთ ლიდერს სცემენ და დაიჭერენ და მეორე გამოჩნდება, შემდეგ მესამე, მეოთხე და ა.შ. მთელ ახალგაზრდობას ვერ გალახავენ და ვერც ციხეში ამოალპობენ. ამგვარად დაშინება აბსოლუტურად უშედეგოა. ძალადობა სისუსტის ნიშანია, როცა სხვა არანაირი ბერკეტი აღარ გაქვს, მაშინ გადადიხარ ძალადობაზე, როცა ვერც ინტელექტუალურად, ვერც მსოფლმხედველურად, ვერც იდეებით ვერ ახერხებ მოწინააღმდეგის დაჯაბნას, ჩხუბზე გადადიხარ".

“არ ვიცი, რატომ ჩაიგდო ხელისუფლებამ თავი ამ ე.წ. გამჭვირვალობის კანონით ამ მდგომარეობაში, რატომ მიექანება უფსკრულისკენ. დიახ, ეს ხელისუფლება მიექანება და არა ქვეყანა. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ქვეყანა რჩება. თავის დროზე “ქართული ოცნება” “მოქალაქეთა კავშირივით” გაქრება. იმ ლიდერებს, რომლებიც საკუთარ თავზე ფიქრობენ და არა სახელმწიფოზე, ერთადერთ ბერკეტად ხელკეტი დარჩათ.... არ მკითხეთ, მაგრამ აუცილებლად ორი სიტყვა უნდა ვთქვა რამდენიმე დღის წინ წიწამურთან ჯი-ვი-პის მაგისტრალურ წყალსადენზე მომხდარ ავარიაზე. არ ვიცი, რა ჰქვია ამას, გულგრილობა, კორუფცია, უცოდინარობა? ჯი-ვი-პის განცხადებით, თურმე მილსადენის თავზე “მესამე პირი” სისტემატურად ნაყარს ასაწყობებდა, რის გამოც ქანებმა მდგრადობა დაკარგა და მეწყერი ჩამოწვა. სანაყარე მეურნეობის მოწყობა ექვემდებარება წინასწარ გეოლოგიურ შესწავლას, დაპროექტებასა და შესაბამისი ნებართვების მიღებას. არსებობს ეს ნებართვა? თუ არსებობს, ვინ გასცა, ან თუ არ არსებობს, ვერ ხედავდნენ, რა ხდებოდა? სად იყო ჯი-ვი-პი? ან სად იყვნენ სახელმწიფო სამსახურები?.. კიდევ კარგი აღიძრა საქმე, იმედია, ყველა დაისჯება, ვინც დამნაშავეა, რომ მსგავსი რამ ვეღარავინ გაბედოს!” - დასძენს თვალჭრელიძე.

პრეზიდენტის მიმართვა ელჩებს და ახალი სკანდალი - ვინ როგორ გაიგო ზურაბიშვილის მოწოდებები

“იმ ფონზე, როცა პრემიერი ირაკლი კობახიძე დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრობს, ბერლინში დიპლომატებს ხვდება და ამ მიმართულებით მუშაობას სთხოვს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩებს საგანგებოდ მიმართავს და არჩევანის გაკეთებისაკენ მოუწოდებს. ვინ როგორ გაიგო პრეზიდენტის მოწოდება და რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამას? სალომე ზურაბიშვილი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, დიპლომატების განსაკუთრებულ როლზე მიუთითებს. მისი თქმით, მაშინ, როცა ქვეყნის მომავალი წყდება, საქართველოს წარმომადგენლებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ. “შაბათ-კვირას ვიმყოფებოდი შვეიცარიაში, სადაც, პრაქტიკულად, ყველა ევროპელ ლიდერს შევხვდი და ისინი მეკითხებოდნენ, რას ნიშნავს, რომ “საქართველო მაინც შევა ევროკავშირში?”, - ამბობს ზურაბიშვილი თავის მიმართვაში, რომელშიც დასძენს, რომ აინტერესებთ, “მაინც” რას ნიშნავსო, იმის მიუხედავად, რომ იღებენ რუსულ კანონებს და არა მხოლოდ ერთ კანონს, იმის მიუხედავად, რომ არ ისმენენ არც ერთ რეკომენდაციას და არ ასრულებენ არც ერთ იმ რეფორმას, რომელიც საჭიროა ამ გზაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პრეზიდენტის მიმართვა ელჩებს და ახალი სკანდალი - ვინ როგორ გაიგო ზურაბიშვილის მოწოდებები.

“სწორედ დღეს მოლდოვის პრეზიდენტმა - ერთგვარად, თეთრი შურით მშურს მისი - ხელი მოაწერა განკარგულებას დელეგაციის შემადგენლობის შესახებ, რომელიც მომავალ კვირას გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებს და ახლა ჩვენც ამ მდგომარეობაში უნდა ვყოფილიყავით. ეს თქვენთვის იმ საქმის სწორი დაგვირგვინება იქნებოდა, რაც აქამდე გაგიკეთებიათ, რადგან კარგად ვიცი, რომ თქვენ ის პროფესიონალი დიპლომატები ხართ, რომლებიც აქამდე ჩვენს ევროპულ გზაზე მუშაობდნენ და რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ იმ მიღწევაში, რომელიც არც ერთ მთავრობასა და არც ერთ ხელისუფლებას არ ეკუთვნის. ჩვენი დიპლომატიის მიღწევაა, რომ ჩვენ მივედით კანდიდატის სტატუსამდე და მასთან ერთად, ჩვენი ხალხის დამსახურებაა - ამ საქმეს პროფესიონალები და ხალხის ნება სჭირდება. და დღეს რაც ხდება, ეს არის ღალატი პროფესიონალიზმის, ეს არის ღალატი იმ ხალხის, რომელიც პირველივე დღიდან, დამოუკიდებლობიდან და მანამდეც, სწორედ ამ ევროპულ გზაზე ოცნებობდა. ამიტომ, მე დღეს მტკივა თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ, გაურკვევლობაში, როცა ერთი რამ უნდა თქვათ და მეორე რამ გწამთ. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, თქვენ გწამთ იმისი, რაც გწამდათ აქამდე. მინდა, ამაში ვიყო დარწმუნებული”, - ასე მიმართავს ზურაბიშვილი ქართველ დიპლომატებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მართალია, საჯარო მოხელეებს არ მოეთხოვებათ რაღაცნაირად პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რასაც მათ კარნახობენ, მაგრამ ელჩები უცხო ქვეყნებში და, მით უმეტეს, ევროკავშირში, რომლებიც დღეს საქართველოს წარმოადგენენ, არ არიან ჩვეულებრივ მდგომარეობაში, არ არიან ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები და ბევრად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, რამეთუ ისინი წარმოადგენენ ქვეყანას და არა რომელიმე მთავრობას. მთავრობები მიდიან და მოდიან. თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას, მის ინტერესებს, მის წარსულს, მის მომავალს და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ამიტომ, არაფერს გასწავლით და არაფერს გკარნახობთ, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“, - დაასკვნის ზურაბიშვილი თავის სიტყვაში ქართველ დიპლომატებთან. მმართველ პარტიაში ეს უკვე შეფასდა, როგორც საბოტაჟი პრეზიდენტის მხრიდან”, - განაგრძობს გამოცემა.

“დღეს საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება საგარეო პოლიტიკის საგარეო ფლანგზე მხარდაჭერა და აქტიური მუშაობა, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ საგარეო ურთიერთობები იქცა საქართველოს შიდა პოლიტიკის მთავარ ბირთვად. ამ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ დიპლომატიური კორპუსის მუშაობას და ასეთი მოწოდებები სალომე ზურაბიშვილისგან, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად აცნობიერებს, რას ნიშნავს ეს, ნამდვილად არის ქვეყნის დაზიანებისკენ, ქვეყნის ინტერესების დაზიანებისკენ მიმართული“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ პრეზიდენტის ეს განცხადება ზუსტად ჯდება იმ გეგმაში, რომელიც “აგენტოკრატიამ ფსევდო პრეზიდენტ ზურაბიშვილს დაუკვეთა”. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კანფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ პრეზიდენტმა ელჩებს მხოლოდ კონსტიტუციით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სთხოვა”, - დასძენს გამოცემა.

“კონსტიტუციის დამრღვევი ზურაბიშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა და საკუთარ ამომრჩეველს დაუპირისპირდა. ის, რაც სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან დაკავშირებით განაცხადა, ეს არის ანტიკონსტიტუციური განცხადება. ზურაბიშვილი უკვე კრიმინალურ ელემენტად იქცა, რადგან ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს და საბოტაჟის მოწყობის მოწოდებებით გამოდის. გასაკვირი არ იქნება, თუკი კონსტიტუციურად მხოლოდ ცერემონიალური პრეზიდენტი უკანონო განცხდებებს და მოწოდებებს ახლა საქართველოს თავდაცვის თუ სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ გააკეთებს. ეს არის ზურაბიშვილის უსამშობლო და ანტიეროვნული ბუნება. გვიან შემოდგომაზე კი ამ ყველაფერს წერტილი დაესმება. მისი ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველო დააზიანოს, ფუჭი იქნება“, - ამბობს აბაშიძე. მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად და მიტაცებულად გამოაცხადებს. ამით კი შეეცდება, რომ რადიკალურ ოპოზიციას სტიმული მისცეს, რათა ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ზურაბიშვილმა ელჩებს სთხოვა, რომ გამოიყენონ მანდატი და მთელი ყურადღება, ენერგია ევროკვშირისკენ და ნატოსკენ გადაიტანონ. დაარწმუნონ ის სახელმწიფოები, სადაც ელჩებად არიან, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია და მისი ხალხის სურვილი ეს არის. არ დაიჯერონ, რომ თითქოს საქართველო რუსეთისკენ ან ჩინეთისკენ მიდის. მე ზურაბიშვილის მოწოდება და განცხადება ასე გავიგე. ელჩებმა არ უნდა დაიჭირონ ხელისუფლების მხარე, მათ უნდა დაიჭირონ საქართველოს - ქვეყნის და კონსტიტუციის მხარე. მეორეც - საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს ელჩებს და ისინი ვალდებული არიან კონსტიტუციას და პრეზიდენტის ხედვას დაემორჩილონ და არა იმას, რომ საეჭვო ვითარებაში ქვეყნის ანტიკონსტიტუციური კანონი გავიდა, რომელიც ვის ინტერესებში შედის და რას ემსახურება, კაცმა არ იცის. კანონს დღემდე ევროკავშირის წარმომადგენელები და ნატოს წევრი სახელმწიფოები გმობენ. ამიტომ აქ არანაირი აპელაციები არ უნდა იყოს იმაზე, რომ ელჩები რაღაც მოქალაქეობრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდნენ და ა.შ. ელჩი პირველ რიგში ვალდებულია საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესების მიხედვით იმოქმედოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“მე მათ ადგილას გადადგომას არც ვიფიქრებდი. საქართველოსთვის სასარგებლო საქმიანობას გავაგრძელებდი. ამ კანონის საწინააღმდეგო მოქმედებებს მივმართავდი. მათ ყველაზე კარგი საშუალებები აქვთ იმისთვის, რომ იმ ქვეყნის პირველ პირებს, სადაც თავად მოღვაწეობენ, აუხსნან, რომ ქართველი ხალხის ინტერესებში ეს კანონი არ შედის, არამედ შედის ის, რომ ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება მოხდეს. ელჩებს ამის სრული უფლება და საშუალება აქვთ. ამიტომ მათ ახლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ და გადადგომის ნაცვლად სჯობს იმუშაონ იმაზე, რომ ამ რთულ და მძიმე სიტუაციაში ქვეყანა სამშვიდობოს გავიდეს. მათ ამის დიდი შესაძლებლობა აქვთ და ზურაბიშვილის მოწოდებაც ამას გულისხმობდა“, - მიიჩნევს ზაქარეიშვილი.

კახა ქემოკლიძე - “აბსურდული საერთო სია არ არის გამარჯვების ფორმულა, პირიქით, ეს არის “შუის ბოლომდე გაკრეფა... ჩვენი ხელი ისევ გაწვდილია „ლელოსთვის”

“ჩვენი ხედვა ანალიზს ეყრდნობა. ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების 80% აბსოლუტურად ეწინააღმდეგება “ნაცმოძრაობის” დაბრუნებას. ეს არის ფაქტი. ნებისმიერი კონფიგურაცია, რომელიც აჩენს აღქმას, რომ შეიძლება “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ჩვენთვის მიუღებელია. არ აქვს მნიშვნელობა, “ოცნება” რუსულ კანონს მიიღებს, რუსებს შეეკვრებიან თუ საერთოდ ჩააბარებენ ქვეყანას, თუ ხელისუფლებაში “ნაციონალების” დაბრუნების საფრთხე ჩნდება, ხალხის უმრავლესობა მომენტალურად გადაჯგუფდება “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა ბანაკში. აქედან გამომდინარე, ვამბობთ, რომ გაერთიანება, მით უფრო აბსურდული საერთო სია, არ არის გამარჯვების ფორმულა. პირიქით, ეს არის “შუის ბოლომდე გაკრეფა” და არა არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის”, - აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, შსს-ის ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი კახა ქემოკლიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “როგორც კი ოპოზიცია ერთიანი გახდება, იმ დღიდან ყველა “ოცნების” მოედანზე ვიწყებთ თამაშს” / “ჩვენი ხელი ისევ გაწვდილია „ლელოსთვის”.

“სიმართლე გითხრათ, ასეთ არჩევანს ვერც ხედავს მოსახლეობის უმრავლესობა, განსაკუთრებით რეგიონებში. შეიძლება ხედავდნენ ვიღაცები, ისინი, ვისაც “ნაცები” მეტისმეტად არ ეზიზღება, მაგრამ ისინი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის მხოლოდ 20% წარმოადგენენ, დანარჩენ 20%-ს იმდენად არ უნდა და იმდენად ეშინია “ნაციონალების” ხელისუფლებაში დაბრუნების, რომ ასეთ არჩევანს ვერ ხედავენ. ეს არის ის მოცემულობა და კრიტიკული დეტალი, რომელიც ყოველთვის ავიწყდებათ ერთობის მომხრეებს. ერთობა საჭიროა მხოლოდ ზეპარტიულ და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებში. სხვა შემთხვევაში, როგორც კი ოპოზიცია ერთიანი გახდება, ჩათვალეთ, რომ იმ დღიდან ყველა “ქართული ოცნების” მოედანზე ვიწყებთ თამაშს. ამიტომ დაზუსტებით ვამბობ - ოპოზიციური ერთობა დიდად სარისკოა. ჩვენ პრაგმატულად ვუყურებთ ამ საკითხს. ოპოზიციურ სპექტრში რამდენიმე წვრილი პარტიაა, რომლებიც, დიდი ალბათობით, 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ. ვფიქრობთ, მათი ხმები არ უნდა დაიკარგოს. ისეთი პატარა პარტიების გაძლიერებას ვემხრობით, რომლებიც “ნაცმოძრაობის” ქოლგის ქვეშ არ იქნებიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა ქემოკლიძე.

“დღეს პატარა პარტიები დიდი რისკის წინაშე დგანან, შესაძლოა ვერ გაუძლონ ცდუნებას და “ნაცმოძრაობამ” ისინი გადაყლაპოს. ჩვენც ვიდექით ასეთი რისკის წინაშე, “ქართული ოცნება” წლების განმავლობაში ცდილობდა შევეწებებინეთ “ნაცმოძრაობას”, ფულს ხარჯავდნენ ამ პროპაგანდის დასაფინანსებლად. მათ შესანიშნავად იციან, რომ ერთობა “ნაცმოძრაობის” ქოლგის ქვეშ არის ოპოზიციის წაგების ფორმულა... “ნაცმოძრაობის” ნდობა არ შეიძლება. ახლა ფანტასტიკურ რაღაცებს ამბობენ, მაგრამ როგორც კი ძალაუფლების კონსოლიდირების შესაძლებლობა მიეცემათ, ამას გააკეთებენ... როგორც “`ოცნების”, ისე “ნაციონალების” სიტყვას ძალიან დაბალი ფასი აქვს. ამიტომ ჩვენი სტრატეგიული ხაზი ასეთია - “ოცნებამ” და “ნაცმოძრაობამ” თავისი ძველებით თუ ახლებით არჩევნებში 51% არ უნდა აიღოს. ხომ ნახეთ, რუსთავში რა მოხდა - ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც “ოცნების” კორუფციულ სქემებს ებრძოდა, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციიდან მოხსნეს და მის მაგივრად “ნაციონალი” დასვეს. იმიტომ, რომ შეკრული არიან. ფარდის მიღმა გარიგებებს დებენ, საკუთარ დეპუტატებსაც ატყუებენ. ხომ გახსოვთ, როგორ გაიყიდნენ ვიღაც-ვიღაცები მურუსიძე-ჩინჩალაძის საქმეზე...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ნაციონალებსა” და “ახლებს” შორის ჩვენ დიდ განსხვავებას ვერ ვხედავთ. ისინი ერთი წრიდან არიან, ერთნაირი ფასეულობები აქვთ, უბრალოდ, პიროვნული უთანხმოება მოხდა მათ შორის. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე საზოგადოების 90% ჩვენსავით ფიქრობს. ჩვენი განცხადების პასუხად “ლელოს” ლიდერების რეაქციაზე გაგვეღიმა. არ მიგვიქცევია ყურადღება ამ ირონიისთვის, საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკური ძალა ვართ საიმისოდ, რომ მსგავსმა ინსინუაციებმა დისკომფორტი არ შეგვიქმნას. “ლელოს” “ნაცების” ქოლგიდან გამოსვლას და თავის დამკვიდრებას ყოველთვის მივესალმებოდით, რადგან ეს პოლიტიკური გუნდი იდეოლოგიურად და მსოფლმხედველობრივად ჩვენთვის მისაღები იქნება საარჩევნო ვითარებაში სათანამშრომლოდ. სტრატეგიული მოთმინებით ვაკვირდებით პოლიტიკური ლანდშაფტის ჩამოყალიბებას, რათა შექმნილი მოცემულობა ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ჩვენი ხელი ისევ გაწვდილია როგორც “ლელოსთვის”, ასევ ყველა იმ პოლიტიკური ძალისა და ინდივიდისთვის, რომლებიც ჩვენს იდეოლოგიასა და მსოფლმხედველობას იზიარებენ”, - ამბობს ქემოკლიძე და შეკითხვაზე - “ხელის გაწვდენასთან ერთად, ალბათ, “ლელო” ელოდება გახარიას საჯარო აღიარებას 20 ივნისის ღამისა და ანაკლიის პროექტის შესახებ”, - პასუხობს:

“20 ივნისის შესახებ ჩვენი პოზიცია ასეთია - სახელწიფომ დაუშვა უდიდესი შეცდომა. ამას ვამბობ ადამიანი, რომელიც მაშინ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ეს იყო სირცხვილი, იმიტომ, რომ ის ამბავი, რაზეც ქართველები სამართლიანად გაბრაზდნენ, საერთოდ არ უნდა მომხდარიყო. ბრაზი რომ აგრესიაში გადაიზარდა და სახელმწიფო ინსტიტუციაზე შტურმი დაიწყო, ეს მედლის მეორე მხარეა. თუმცა უნდა ითქვას, რომ 2019 წლის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ ისეთი დარბევები და ძალადობა გამოიარა, 20 ივნისის საკითხზე საუბარმა აზრი დაკარგა. გასცა თუ არა აქციის დარბევის ბრძანება გახარიამ? ამ საკითხზე ჩანაწერებიც­ არსებობს და სახალხო დამცველსაც განხილული აქვს. გახარიას აქციის დარბევის ბრძანება არ გაუცია...”

“რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, ობიექტური დამკვირვებლისთვის პასუხგაუცემელი კითხვები არ არსებობს, ბევრი უცხოელი ექსპერტია ამ ამბავში ჩახედული და ყველამ ყველაფერი კარგად იცის. მე ამ საკითხში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის სტატუსით ვიყავი ჩართული და შემიძლია ვთქვა, რომ იმ ცნობილი პრობლემის შემდეგ ამერიკელი ინვესტორი იყო დაინტერესებული ამ საქმით და მზად იყო ბევრად ძლიერი პორტი აეშენებინა, ვიდრე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ჰქონდა დაგეგმილი. ყველამ ყველაფერი იცის. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს დასავლური პარტნიორების ინვესტიციებით და არა ჩინელების. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ წინაშე ეროვნული უსაფრთხოების რისკები იქმნება და ეს “ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის”, - დასძენს კახა ქემოკლიძე.

გიდების “აჯანყება” აფხაზეთში - დე ფაქტო მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, მოსახლეობის 13% შეიძლება შემოსავლის გარეშე დარჩეს

“საკურორტო სეზონი ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი სკანდალით დაიწყო, რომელმაც უკვე შეიძინა პოლიტიკური დატვირთვა. საუბარია ე.წ. საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლითაც აფხაზეთში ჩასული ტურისტული ჯგუფების მომსახურების უფლება რუს გიდებსაც ექნებათ. ამას აფხაზი გიდების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ თანამდებობიდან გადადგა დე ფაქტო ტურიზმის მინისტრი. რატომ გახდა ეს ცვლილება საჭირო და მოყვება თუ არა ამას სერიოზული დაპირისპირება? აფხაზური “ტელეგრამ” არხებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მოგზაურობისას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმდა, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთში რუსი გიდების მუშაობაზე მოქმედ აკრძალვას გააუქმებს. აფხაზური საექსკურსიო კომპანიები შეშფოთებულნი არიან ამ გადაწყვეტილებით, რადგან ისინი ვერ გაუწევენ კონკურენციას რუსულ კომპანიებს. დე ფაქტო ხელისუფლების ამ ინიციატივის დასაპირისპირებლად სპეციალური შტაბიც კი შექმნეს. შტაბის მუშაობის პირველი 24 საათის განმავლობაში მას ტურიზმის ათასზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გიდების “აჯანყება” აფხაზეთში - დე ფაქტო მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, მოსახლეობის 13% შეიძლება შემოსავლის გარეშე დარჩეს.

“აფხაზეთში აქამდე მოქმედი ე.წ. კანონმდებლობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ტურისტების ჯგუფების მომსახურების უფლება მხოლოდ “აფხაზეთის მოქალაქეებს” აქვთ. აფხაზი გიდები ამბობენ, რომ ამ წესის შეცვლით ისინი შემოსავლის მთავარ წყაროს დაკარგავენ, რადგან ერთ დღიანი ტურები საკმაოდ შემოსავლიანია და მარტო შარშან ასეთ ექსკურსიაზე სოჭიდან აფხაზეთში 1.2 მილიონი რუსი ტურისტი ჩავიდა. აფხაზეთი რუს ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და, შესაბამისად, გიდის პროფესია იქ ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით პოპულარულია ერთდღიანი ტურები აფხაზეთში - როდესაც სოჭში დასასვენებლად მყოფი მოქალაქეები ავტობუსებით ან მირკოავტობუსებით ჩადიან აფხაზეთში და ადგილობრივ ღირშესანიშნაობებს ათვალიერებენ - ახალი ათონი, რიწის ტბა და ა.შ. ასეთი ჯგუფები საზღვარზე ქირაობენ აფხაზ გიდებს, რომელიც ტურისტებს მეგზურობას უწევს, კონკრეტული ლოკაციების დათვალიერებაში ეხმარება, ესაუბრება აფხაზეთის ისტორიის შესახებ და ა.შ. ახლა კი მოსალოდნელია, რომ ამ ტურისტულ ჯგუფებს სოჭიდანვე გაყვებიან რუსი გიდები და მათ აფხაზების მომსახურება აღარ დასჭირდებათ. აფხაზეთში გიდების შემოსავალი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით კი ზაფხულში. სწორედ ამან გამოიწვია აფხაზი გიდების უკმაყოფილება, რადგან მათ რუსი კოლეგების საკუთარ ტერიტორიაზე შეშვება არ სურთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აფხაზური საექსკურსიო კომპანიების თქმით, თუ ეს ცვლილება ამოქმედდება აფხაზეთის მოსახლეობის დაახლოებით 13% საარსებო წყაროს გარეშე დარჩება. ამ ყველაფრის ფონზე აფხაზეთის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ე.წ. ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა თანამდებობიდან გადადგა. მან განაცხადა, რომ ინდუსტრიაში შექმნილი ვითარების გამო პოსტი საკუთარი ნებით დატოვა. როგორც მან აღნიშნა, იგი ტურისტული საქმიანობის შესახებ მოქმედ კანონს (ეს კანონი უცხოელი გიდებს აფხაზეთის ტეიტორიაზე საექსკურსიო საქმიანობას უკრძალავს) მხარს უჭერს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ აფხაზ გიდებს სხვადასხვა ლოკაციებზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, ხშირ შემთხვევაში მითებსა და ზღაპრებს ჰყვებიან, დასმულ შეკითხვებს კი ზერელედ პასუხობენ. მისივე თქმით, შესაძლოა ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლებამ გარკვეული სტანდარტები დააწესოს, რომლის მიხედვითაც გიდები შეირჩევა. ზაქარეიშვილი სიტუაციის დაძაბვას გამორიცხავს, რადგან მიაჩნია, რომ ეს საკითხი პრობლემატური არ არის. როგორც იგი აღნიშნავს, ამ თემას აფხაზებიც არ უყურებენ სერიოზულად.

“ამ კანონის ცვლილებას თავისი ლოგიკა აქვს, რადგან აფხაზებიიმ თანამედროვე ტურიზმის სტანდარტებს არ შეესაბამებიან, რასაც რუსეთიდან ჩამოსული გიდები ახორციელებენ, რომლებიც უფრო კომპეტენტური არიან, ვიდრე აფხაზები. რუსი ტურისტები თავის გიდებს უფრო ენდობიან, რადგან აფხაზებს ხშირ შემთხვევაში მითებსა და ზღაპრებს ჰყვებიან, დასმულ კითხვებს ვერ პასუხობენ, ან თუ პასუხობენ - ძალიან ზერელედ. ასე რომ, ისინი რუსეთიდან ჩამოსულ გიდებს კონკურენციას ვერ უწევენ. ამიტომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, რათა ტურისტული სფერო უფრო კვალიფიცირებული იყოს. შესაძლოა, რაღაც გარკვეული სტანდარტები დააწესონ და არ ექნება მნიშვნელობა რუსი იქნება თუ აფხაზი. მაგრამ ასეთ ვითარებაში რუსეები გაიმარჯვებენ, თუმცა გიდების გამო სერიოზულ პოლიტიკურ დაპირისპირებას მე ვერ ვხედავ. როგორც ჩანს, თეიმურაზ ხიშბა პრობლემებს ვერ გაუმკლავდა და ამიტომ გადადგა. აფხაზებს მიაჩნიათ, რომ ხიშბა სიტუაციის მსხვერპლი გახდა და ამჯობინა წასულიყო, ვიდრე ვინმეს მხარე დაეჭირა”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

ალეკო ელისაშვილი - “მე გამოსავალს საარჩევნო ამბოხში ვხედავ”

“ნახეთ, როგორ რეალობასთან მოგვიწია შეჯახებამ, დასავლელი პარტნიორები, რომელთა დახმარებითაც დღემდე სული ედგა საქართველოს, ახლა ჩვენი ხელისუფლების დასჯაზე გადავიდნენ. გამორიცხულია უკვე, “ქართულმა ოცნებამ” ამერიკელებსა და ევროპელებთან ნორმალური ურთიერთობა აღადგინოს. ბოლო ორი წლის განმავლობაში გვითმენდნენ დასავლელი პარტნიორები, ცდილობდნენ არ შეემჩნიათ ის შეურაცხმყოფელი რიტორიკა, რომელსაც მტრის წინააღმდეგაც არ გამოიყენებენ ჭკუათამყოფელი პოლიტიკოსები. “ქართული ოცნება” ისევ ცდილობს მოგვატყუოს, თითქოს მაგათ გარდა არავის არაფერი გვესმის და არაფერი ვიცით. ვინ უნდა დააჯერონ, რომ ვითომ დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, წელში მოკაკულებმა გველაპარაკეთო? ეს არც ამერიკელების სტილია და არც ევროპელების, მხოლოდ რუსებისთვის არის დამახასიათებელი ასეთი ვასალური ურთიერთობა”, - აცხადებს პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მე გამოსავალს საარჩევნო ამბოხში ვხედავ”.

“ევროკავშირი იმიტომ მომწონს და მინდა, რომ ამ ორგანიზაციაში პატარა და დიდ ქვეყნებს თანაბარი უფლებები აქვთ. მთელი საქართველო ამერიკის ვიზებზე ვოცნებობთ, გვეუბნებიან, გაძლევთო, ცალკე თავისუფალ ვაჭრობის გახსნას გვპირდებიან, ცალკე თავდაცვის პაქტზე ლაპარაკობენ, მე ამ ყველაფერზე ნერწყვი მომდის და ივანიშვილი კი გვეუბნება, ეგ ჩვენ არ გვჭირდებაო. გამოსავალს ვხედავთ საარჩევნო ამბოხში. ეს არჩევნები უნდა იყოს სახალხო მძვინვარება, საარჩევნო ამბოხი. სხვაგვარად არც შეიძლება. ქართველი ხალხი თავმოყვარეა, შეუძლებელია ავიტანოთ, რომ ქვეყნის კურსს გვიცვლიან ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ და თან გვცემენ. დღისით-მზისით ქუჩაში, სადარბაზოებთან გვხვდებიან და გვირტყამენ, ვისაც განსხვავებული აზრი გვაქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალეკო ელისაშვილი.

“წინასაარჩევნო სამოქმედო გეგმაზე ოპოზიციური პარტიის წევრებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები. რაც უფრო ეფექტურად დაგვამარცხებინებს “ქართულ ოცნებას”, მე იმის მომხრე ვარ. უმნიშვნელოვანესია, ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, არ დარჩეს 5%-იანი ბარიერის მიღმა, რადგან იმ პარტიების ხმები, რომლებიც ვერ გადალახავენ მინიმალურ ზღვარს, ძირითადად “ქართულ ოცნებაზე” გადანაწილდება... იმ ყველა უბედურების შემდეგ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში დაგვატყდა თავს, ჩემთვის “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობა წითელი ხაზი აღარ არის. არც ერთიან საარჩევნო სიაში ყოფნას გამოვრიცხავ, უბრალოდ, აწონ-დაწონა გვჭირდება, რომელი უფრო ეფექტურია “ქართული ოცნების” დასამარცხებლად”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაც იკვეთება, როდესაც კონსულტაციებზე საერთო გამოწვევაზე ვმსჯელობთ, ზოგიერთი პოლიტიკოსი პარტიულ და პირად ინტერესებს ანიჭებს უპირატესობას. გახარიას არ ვგულისხმობ - გახარია “მოექცა”, ამ ბოლო დროს, მიწაზე ჩამოვიდა... ახლა ისეთი სიტუაციაა, არც ერთი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაცია არ მინდა, ამიტომ კონკრეტულ გვარ-სახელებს არ დავასახლებ. ძალიან მარტივად არის ყველაფერი, ყველა ვთანხმდებით, რომ “ქართული ოცნება” გასაშვებია, მეორე მხრივ, გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დადო - ქარტია, რომელზეც თითქმის ყველამ მოვაწერეთ ხელი. ჩვენ უნდა შევქმნათ პოლიტიკური მოდელი, რომლის მიხედვითაც ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვეღარ “დაითრიოს” ხელისუფლება. მოდიან პარტიები ხელისუფლებაში და აღარ მიდიან. აი, ამიტომ აღარ მეშინია “ნაციონალური მოძრაობის”. ეს ხალხი ჩემ გვერდით ზის პარლამენტში წლების განმავლობაში, არც იკბინებიან და არც თმაზე მქაჩავენ. ეს ხალხი, როგორც ცალკეული ინდივიდები, ხომ არ არიან საშიში? უბრალოდ, მათ ხელში თავმოყრილი ძალაუფლებაა სახიფათო და ამას აღარ დავუშვებთ”, - მიიჩნევს “მოქალაქეების” ლიდერი და შეკითხვაზე - “მაგრამ შესაძლოა “ნაცმოძრაობა” დაბრკოლება გახდეს ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატისთვის...” - პასუხობს:

“ილია ჭავჭავაძე რომ ჩამოვიდა პეტერბურგიდან, გოიმ ქართველებს მშობლიურ ენაზე მეტყველება უჭირდათ, ფრანგულად და რუსულად ლაპარაკობდნენ, ქართული გაზეთი არ ჰქონდათ, გვარებს რუსულ ყაიდაზე იკეთებდნენ... ეს მოცემულობა შეცვალა ილიამ, იმისდა მიუხედავად, რომ ლანძღავდნენ, თათხავდნენ და იქით ეძახდნენ გოიმს. სწორედ მისი ძალისხმევით გახდა მოდური ქართულად წერა-კითხვა და საუბარი. ახლა ილია აღარ გვყავს, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ელექტორატი, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ ქვეყანა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას, უნდა შევთანხმდეთ საერთო სტრატეგიაზე, ახლა პოლიტიკური დივიდენდების მიღების დრო არ არის...”

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის