უილიამ კორტნი - „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიული ნიღაბი ჩამოიხსნა - აშშ-ისა და ევროპის კოორდინირებულ ზომებს შეიძლება ყველაზე დიდი ეფექტი ჰქონდეს

აშშ-ისა და ევროპის კოორდინირებულ ზომებს შეიძლება ყველაზე დიდი ეფექტი ჰქონდეს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი სტატიაში „ქართული გამოვლენა“ წერს.

„კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ჩრდილოვანი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა, დემოკრატიული ნიღაბი ჩამოიხსნა. მისმა ნაბიჯმა, მიეღო რეპრესიული, რუსული სტილის კანონი, საზოგადოების ფართო პროტესტი გამოიწვია. დასავლეთს დახმარება მათზე სანქციების დაწესებით შეუძლია, ვინც ქართველებისთვის თავისუფლების წართმევას ცდილობს“, - წერს უილიამ კორტნი.

უილიამ კორტნი აღნიშნავს, რომ საქართველოს აშშ-ის ინტერესებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„იქ ათასობით ამერიკელი ცხოვრობს ან საქართველოს ყოველწლიურად სტუმრობს. იქ ბიზნესები და არასამთავრობო ორგანიზაციები ფუნქციონირებს. აშშ ცდილობს გააგრძელოს თანამშრომლობა რუსეთისთვის „კრიტიკული კომპონენტების“ მიწოდების შესაჩერებლად და ტერორიზმთან და ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ საბრძოლველად. საქართველოს გავლით ტრანზიტი სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მარშრუტს წარმოადგენს. აშშ შეშფოთებულია ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ რუსეთის გეგმებით“, - აღნიშნავს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი.

ამასთან, უილიამ კორტნი წერს, რომ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მეშვეობით, რომელიც რუსული კანონის მიხედვით არის შექმნილი, შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების გაყალბება სცადოს, „როგორც რუსეთში, მთავრობამ შეიძლება კანონი ბოროტად გამოიყენოს და დაბლოკოს დამკვირვებლები, აკრძალოს პოლიტიკური რეკლამა ან ოპოზიციის კანდიდატების დისკვალიფიკაცია მოახდინოს“.

ასევე, კორტნის თქმით, კიდევ ერთმა ახალმა კანონმა, შესაძლოა, საქართველო შავი ფულის საგადასახადო სამოთხედ აქციოს.

„რუსეთში ეს კანონები დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილის გასაქრობად გამოიყენეს. ივანიშვილი იმუქრება, რომ სააკაშვილის პარტია „ყველა დანაშაულზე პასუხს მკაცრად აგებს“. ეს პოლიტიკურ სასამართლო შოუებზე მიანიშნებს. აშშ-საქართველოს ურთიერთობის საფუძველი ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობაა. მაგრამ მზარდი რეპრესიების ფონზე, ღირებულებების განსხვავება ხდება. საპასუხოდ, აშშ-მა უფრო შემზღუდავი სავიზო პოლიტიკა გამოაცხადა მათთვის, ვინც სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობაზეა პასუხისმგებელი. აშშ-ისა და ევროპის კოორდინირებულ ზომებს შეიძლება ყველაზე დიდი ეფექტი ჰქონდეს. გაწევრიანების პრივილეგიასთან დაკავშირებით ევროკავშირის ბერკეტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ავტორიტარული მმართველობის ამჟამინდელი ტალღა ქართველებს ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს ვერ წაართმევს. ეს ამ ამბიციების მხარდაჭერისგან არც დასავლეთს შეაფერხებს“, - წერს უილიამ კორტნი.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს