გიგი გიგიაძე - საქართველო ძალიან სწრაფი ნაბიჯებით შორდება ევროკავშირს, ევროპულ პერსპექტივას და ძალიან სწრაფად ინაცვლებს სხვა მიმართულებით

ძალიან მკაფიო გზავნილი იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, რომ ევროკავშირი, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, აღარ იზიარებს და ვეღარ ხედავს ამ ხელისუფლებას ქართველი ხალხის ნების განმახორციელებლად, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, საქართველოს ყოფილმა ელჩმა დანიაში, გიგი გიგიაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა, რითაც ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა.

გიგიაძის განმარტებით, თუ ევროკავშირის მხრიდან იქნება სანქციები საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ეს იქნება, პირველ რიგში, პასუხი იმ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რასაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან მიმართებაში.

„ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო გზავნილები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან. დღეს იქნა ძალიან მკაფიოდ განხილული სიტუაცია, რომელიც არის საქართველოში, ძალიან დეტალურად იქნა განხილული ის დინამიკა, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე შეიქმნა საქართველოში და ძალიან მარტივად, ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ეს პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“, აშორებს ევროკავშირს და აშორებს ქართველ ხალხს ევროპულ პერსპექტივას. იმ შემთხვევაში, თუ არაფერი შეიცვლება, თუ არ შეიცვლება კურსი, რომელიც აღებული აქვს „ქართულ ოცნებას,“ საქართველოსთან პროცესები ვეღარ გაგრძელდება. ასეთი მკაფიო გზავნილები მე არ მახსენდება ბოლო პერიოდში. იმ რეალობაში, სადაც ეს კანონი არსებობს, ევროკავშირი საქართველოსთან არ გახსნის მოლაპარაკებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ჩვენ ახლა უკვე ვიმყოფებით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ძალიან მკაფიოდ გახდა ცხადი, რომ საქართველო უკვე ვეღარ იქნება განხილული ევროკავშირის მიერ, როგორც მომავალი წევრი ქვეყანა. ამ ხელისუფლების პირობებში, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკის პირობებში, რუსული კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ, საქართველოსთან მიმართებით ვეღარ იქნება გადადგმული შემხვედრი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან. ახლა უკვე, საბჭოს ფარგლებში იქნება კონკრეტულად განხილული, რა ბერკეტები აქვს დამატებით ევროკავშირს, რათა მოახდინოს გავლენა ხელისუფლებაზე და შეაცვლევინოს ის კურსი, რომელიც აღებული აქვს „ქართულ ოცნებას“. ეს იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, რომ ევროკავშირი, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, აღარ იზიარებს და ვეღარ ხედავს ამ ხელისუფლებას ქართველი ხალხის ნების განმახორციელებლად.

ჩვენ გვესმის კრიტიკული და უკიდურესად მძაფრი განცხადებები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან სანქციებისთვის და პირდაპირ ითხოვენ დასანქცირებას. მე არა მგონია, რომ მათი დასანქცირებით ქვეყნის კურსი შეიცვლება ან ხელისუფლების წარმომადგენლები შეიცვლიან აზრს. ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ყველა ის დეზინფორმაცია, რაც ვრცელდება მათი მხრიდან, რომ თითქოს ამ „რუსული კანონის“ მიღებით საქართველო 20-30%-ით უახლოვდება თურმე ევროკავშირს, ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილი. რეალურად, საქართველო ძალიან სწრაფი ნაბიჯებით შორდება ევროკავშირს, ევროპულ პერსპექტივას და ძალიან სწრაფად ინაცვლებს სხვა მიმართულებით. ეს იქნება გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის, სწორედ ამიტომ არ საუბრობს ევროკავშირი ჯერ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე, რადგან ეს, პირველ რიგში, ნეგატიურად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე და ამის გაკეთება არ უნდათ. ჯერ სურთ, თავიდან ბოლომდე გააქარწყლონ დეზინფორმაცია, რომელიც მომდინარეობს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“ , - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო