დარწმუნებული ვარ იმ ჟინით, სულისკვეთებითა და მონდომებით, რაც პირველ ორ თამაშზე აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა, შესაძლებელია პორტუგალიასთან წარმატებას მივაღწიოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შანსები ჯერ კიდევ აქვს.
მან ქართველ ფეხბურთელებს 26 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებთან გასამართ შეხვედრაში წარმატებები უსურვა.
„მინდა შევეხო ჩეხეთთან თამაშს, ფრეს და პირველ მოპოვებულ ქულას, რაც მისასალმებელია. ვულოცავ ყველას, ფეხბურთელებს, გულშემატკივარს. ძალიან დიდი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით ბოლო წუთზე, რომ აღნიშნული შეხვედრა მოგვეგო, სამი ქულა აგვეღო. თუმცა, სპორტის ამ სახეობაში ყველაფერი ხდება და სწორედ ამიტომ არის ფეხბურთი საინტერესო. ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.
26 ივნისს, ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით, მაგრამ ფეხბურთის თამაში დღეს ყველასთან შეიძლება და წარმატებას ნებისმიერ გუნდთან შეიძლება მიაღწიო. ამიტომ ჩვენს ბიჭებს მინდა გამარჯვება ვუსურვო. ეს შეხვედრა არ იქნება მარტივი, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმ ჟინით, სულისკვეთებითა და მონდომებით, რაც პირველ ორ თამაშზე აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა, შესაძლებელია პორტუგალიასთან წარმატებას მივაღწიოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერი შეეხო ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოსაზრებებს, თითქოს, ეროვნულ ნაკრებში კონკრეტული ფეხბურთელების თამაშს თავად წყვეტს და აღნიშნა, რომ ეს არის სრული აბსურდი.
„მინდა ერთ სიბინძურეზე პატარა კომენტარი გავაკეთო. არ მინდა ქართველ გულშემატკივარს შეურაცხყოფა მივაყენო. ვინც ფეხბურთში ერკვევა, ეს მათ არ ეხებათ. თუმცა, ის ადამიანები, ვინც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევიან, გაგებაში არ არიან, სწორედ მათთვის ვამბობ. ძალიან დიდი აბსურდია, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში არ ვათამაშებ. ჩვენ ვნახეთ ვინ წერს მსგავს კომენტარებს, გავაკეთეთ ანალიზი და 99% ვინც ამას წერს, არიან ისინი, ვინც „გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდნენ. როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი სიბინძურე გაიფიქრო? ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, ამას იკადრებდნენ. ამაზე უარესებსაც აკეთებდნენ, 2012 წლამდე. როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას და ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ არა. ეს არის ძალიან დიდი სისულელე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს - მათ, ვინც შეძლო გერმანიაში ჩასვლა და თამაშებზე დასწრება და მათ, ვინც საქართველოდან უგულშემატკივრა ეროვნულ ნაკრებს.
„ასევე, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქვეყნის, ჩვენი ნაკრების წარმატება უხარია. წინ კიდევ ბევრი გამარჯვებები გველოდება. 26-ში კი, ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს“, - განაცხადა თბილისის მერმა ვიდეო მიმართვისას.