მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს არჩევანი არის ევროკავშირისკენ სვლა, რადგან საქართველო არის ევროპის და ევროპული ფასეულობების განუყოფელი ნაწილი

გუშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს საქართველოს საკითხზე. კვირის ბოლოს, წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საბჭოზე, პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით. ამ ყველაფერს თან სდევს უსაფუძვლოდ შექმნილი კითხვის ნიშნები საქართველოს ევროპულ კურსთან და მის მიმართ საქართველოს ხელისუფლების გულწრფელობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, საქართველოს არჩევანი არის ევროკავშირისკენ სვლა, იმიტომ რომ საქართველო არის ევროპის და ევროპული ფასეულობების განუყოფელი ნაწილი.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამტკიცებელი ნამდვილად არაფერი აქვს, მსურს კიდევ ერთხელ მკაფიოდ გავიმეორო, ის რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის და მისი ერთგული მხარდამჭერებისთვის არის მარტივი ჭეშმარიტება: საქართველოს არჩევანი არის ევროკავშირისკენ სვლა, იმიტომ რომ საქართველო არის ევროპის და ევროპული ფასეულობების განუყოფელი ნაწილი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია ევროკავშირთან 10-წლიანი წარმატებული ასოცირების პროცესი, რამაც ქვეყანას მოუტანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, გადატრიალებების და ომის გარეშე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან ის პარტნიორები, რომელთან ერთადაც საქართველოს სურს ერთ ოჯახში ცხოვრება თანასწორ საფუძვლებზე და ერთმანეთის პატივისცემით, ისე როგორც ამ ოჯახს შეეფერება, მისი შექმნის დღიდან.

„საქართველოს მთავარი წუხილი არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რაც არ გვაძლევს შესაძლებლობას აფხაზებთან და ოსებთან ერთად ვისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რაც ქვეყნის განვითარებას მოაქვს.

უმარტივესია იმის გაანალიზება, რომ ამ პირობებში საქართველოს კურსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები უადგილოა და შეურაცხყოფს საქართველოს და ქართველი ხალხს. საქართველოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა კი „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფებისთვის მოუშლელი ჩვევაა და აღარავის გვიკვირს ეს, მაგრამ ამ დეზინფორმაციული ნარატივის მოსმენა საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორების მხრიდან ასევე ადვილი მისახვედრია, ვის აძლევს ხელს. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში პირველად არ ხდება უსაფუძვლო ბრალდებებით ქვეყნის გარედან საქართველოს კრიტიკის იმ ზომამდე მიყვანა, რაც ხელს აძლევს ოპოზიციას ხელისუფლების შანტაჟის და ქვეყნის რყევის გასაძლიერებლად. ვერც ერთ შემთხვევაში, სიცრუეზე დაფუძნებული კამპანიები ვერ აღმოჩნდა წარმატებული ოპოზიციის იმ მიზნის მისაღწევად, რაც დიდი ხანია ამოძრავებს მას, მაგრამ, ზიანდება ჩვენი სამშობლოს რეპუტაცია, იქმნება არასწორი წარმოდგენები საქართველოზე, გაორმაგებული და არასაჭირო ძალისხმევა იხარჯება ჭეშმარიტების მტკიცებაზე, მაშინ როდესაც ეს ძალისხმევა სულ სხვა მიმართულებით არის მისამართი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამასთან, დასძინა, რომ დღეს საქართველოს პარტნიორების მხრიდან გაბუტვა და მუქარები კი არა, სერიოზული დიალოგი და მხარში დგომა სჭირდება, იმისთვის, რომ მშვიდობით და ღირსებით შევძლოთ საერთო მიზნის მიღწევა.

„ჩვენი მიზანი ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფაა სწორედ იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენულ არჩევანს - ევროკავშირში წევრობას საფრთხე არ დაემუქროს. გუშინვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში ლუქსემბურგში. არაერთხელ თქმულა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პარტნიორებს შორის ნდობას და დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და იმედი მაქვს, სწორედ ასე გაგრძელდება სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობა საქართველოსთან", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის