ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია დაიწო და გამოიკვეთა სახელმწიფო ინიციატივები, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია დაიწო და გამოიკვეთა სახელმწიფო ინიციატივები, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასებისას ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებით დაიწყო.

„მართალია, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება, თუმცა მმართველმა პარტიამ მის ხელთ არსებული, მათ შორის სახელმწიფო რესურსების მობილიზება და არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია დიდი ხანია დაიწყო. ტრადიციულად, აღნიშნული კამპანია მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებით ხასიათდება. გამოიკვეთა სახელმწიფო ინიციატივები, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს.

29 აპრილის აქციის, რომელიც სამთავრობო პოლიტიკისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად გაიმართა, მოსამზადებელ სამუშაოებში „ქართული ოცნება“ აქტიურად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს.

2024 წლის თებერვალში მთავრობა გამოვიდა ძალოვნების პენსიის მომატების ინიციატივით. სახელმწიფომ ამჯერადაც მიმართა წინასაარჩევნოდ ჯარიმების ჩამოწერის პრაქტიკას. 2024 წლის აპრილში ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის შესახებ მთავრობის ინიციატივაზე განაცხადა. 2024 წლის თებერვალში ცნობილი გახდა პენსიონერისათვის სესხის პროცენტის შემცირების შესახებ. 2024 წლის თებერვალში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა სტუდენტებისათვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დააანონსა. წინასაარჩევნოდ ხელფასების ზრდა დაფიქსირდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მრავალრიცხოვან განათლების სექტორში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის ხელისუფლების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას დამატებითი როლი ექნება წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათის განსაზღვრაში.

„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასებისას შემდეგი ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა: ევროკავშირთან დაახლოების პარალელურად, ქვეყანაში მომძლავრდა ანტიდასავლური, მათ შორის, ევროსკეპტიკური გზავნილები. ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად მმართველმა პარტიამ ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსისა და ევროინტეგრაციის უალტერნატივობა, რითაც საზოგადოებაში არსებული პროევროპული კონსენსუსის გადასინჯვა სცადა; ქართული საზოგადოების უწყვეტი პროტესტის, მრავალრიცხოვანი აქციების, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის, ევროკავშირის, ევროპული სახელმწიფოების, აშშ-ის, გაეროს, ნატო-ს გენერალური მდივნის, ევროსაბჭოს, ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უმკაცრესი კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ხელმეორედ ინიციირებული კანონპროექტი სამივე მოსმენით მიიღო და პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოც დაძლია. აღსანიშნავია, რომ კანონი განსაკუთრებით ნეგატიურად იმოქმედებს იმ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგს გეგმავენ. ორგანიზაციათა ნაწილი შესაძლოა მუშაობის იძულებით შეწყვეტის საფრთხის წინაშე დადგეს; საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვეყნის ისტორიაში პირველად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ დასანქცირდნენ, რასაც, სავარაუდოდ, დამატებითი როლი ექნება წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათის განსაზღვრაში; ხელისუფლების მიერ გადადგმულ ადამიანის უფლებათა შემლახავ და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელ ნაბიჯებს შორისაა ლგბტქი თემის საწინააღმდეგო საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიციირებაც; წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება შევიდა, თუმცა კვლავ არასაკმარისად არის ასახული ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისა (ეუთო/ოდირი) და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციები. საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში მედიაგარემო მკვეთრად გაუარესებულია. მკვეთრად პოლარიზებულია სოციალური მედიაც“, - ნათქვამია ანგარიშში.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის