ვილი სანიოლი - ფეხბურთელებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს, ვამაყობ - კვლავ ბოლომდე ვიბრძოლებთ!

ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ საქართველო-პორტუგალიის მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სანიოლის თქმით, საქართველოს ნაკრებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

"ფეხბურთელების მიმართ მთავარი გზავნილი ეს იყო - ითამაშეთ! როცა არ გაქვთ ბურთი, დისციპლინა დაიცავით, როცა გაქვთ ბურთი, ითამაშეთ. მართლაც შესანიშნავად გაისარჯნენ და ყველა მოლოდინს გადააჭარბეს!

დღეს ბევრის თქმა არ შემიძლია, გაანალიზება უფრო გვიან ხდება. ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს. მთავარი იყო, რამე არ გვენანა. როცა დებიუტანტი ხარ, განსაკუთრებული წნეხი არ გაქვს. მთავარი იყო, საქართველოსთვის სიამაყე მოგვეტანა და ასეც გავაკეთეთ!

როცა საქართველოში ჩავედი, ცოტა სხვა ფეხბურთი იყო. ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ბევრი გააკეთა. ბიჭებს სურთ, არა მხოლოდ მოიგონ, არამედ კარგი თამაშით გაიმარჯვონ.

ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. რაც შეეხება კიტეიშვილს, ევროპის ტოპ-ლიგებში თამაშს იმსახურებს. ჩვენ არც კი გვიცდია მომავალ მეტოქეებზე წინასწარ მსჯელობა. კვლავ ბოლომდე ვიბრძოლებთ!

მსაჯის სასტვენი სანამ არ არ გავიგეთ, მანამდე შედეგზე ფოკუსირებულები ვიყავით", - განაცხადა სანიოლმა.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ