ქეთევან თურაზაშვილმა სტრასბურგში საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ დებატებში მიიღო მონაწილეობა

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა სტრასბურგში საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ დებატებში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეების“ პრესსამსახური ავრცელებს.

დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება ოპოზიციონერი დეპუტატების დევნის ფაქტებსა და აქტივისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე, მათ შორის პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის ცემის ფაქტზე გაამახვილა.

როგორც დეპუტატი აღნიშნა, ხელისუფლება არათუ გმობს, არამედ ახალისებს ძალადობას ყველას მიმართ, ვინც მათ აზრს არ იზიარებს.

მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალსა და განსხვავებულ აზრს საფრთხეს უქმნის.

,,პირველ რიგში ვულოცავ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს პორტუგალიასთან გუშინდელ გამარჯვებას, თქვენით ძალიან ვამაყობთ.

დიდი მადლობა ყველა ინიციატორს, დღევანდელი დებატების მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში გათვალისწინებისთვის.

საქართველოს ხელისუფლებამ მეორედ დააინიცირა და საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც გასულ წელს ქართველი ხალხის მოთხოვნის საფუძველზე უკან გაიწვია.

ეგრეთწოდებული „აგენტების კანონი“ საფრთხეს უქმნის საქართველოში დემოკრატიას, ქვეყნის ევროპულ მომავალს, რისკის ქვეშ აყენებს განსხვავებულ აზრს და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-შეერთებული შტატების ურთიერთობებს.

სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებებისა და ასიათასობით დემონსტრანტის მოთხოვნის გათვალისწინების ნაცვლად, მმართველმა პარტიამ საპროტესტო აქციების ძალადობრივი მეთოდებით დაშლა დაიწყო. პოლიციელებმა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მითითებით, სცემეს აქციის მონაწილეებს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, მათ შორის ჩემი პარტიის ლიდერს, პარლამენტის წევრ ალეკო ელისაშვილს, რომელიც პოლიციელებმა უკანონოდ დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ მას საპარლამენტო იმუნიტეტი იცავს. გარდა, ამისა აქციების მიმდინარეობისას დაახლოებით 200 დემონსტრანტი დააკავეს, მაგრამ დღემდე არ არის დასჯილი არცერთი პოლიციელი.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმას ადასტურებს, რომ საქართველოში დემოკრატია ნამდვილად გამოწვევების წინაშე დგას.

ფაქტია, რომ მმართველი პარტია ყველა ძალადობრივ მეთოდს, დაშინებას, მუქარას, ჩასაფრებას იყენებს ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ამ კანონს ეწინააღმდეგება. დაშინების და ადევნების შემთხვევები იყო ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მისამართითაც. მიუხედავად იმისა, რომ მივმართე შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, ამ დრომდე გამოძიებას არაფერი აქვს გაკეთებული.

მმართველი პარტია სტრატეგიული პარტნიორების ლიდერებს და მათ ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ვენეციის კომისიას, მიკერძოებაში ადანაშაულებს.

ეს ყველაფერი ეჭვს ბადებს, რომ ქართული ოცნება მომავალ არჩევნებზე ძალაუფლების შესანარჩუნებლად ბევრ არადემოკრატიულ მეთოდს გამოიყენებს. შესაბამისად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების როლი მომავალ არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მიხარია, რომ საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომავალ არჩევნებს საქართველოში დააკვირდეს.

ევროპულმა სახელმწიფოებმა, ასევე უნდა დაუწესონ ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, ვინც საქართველოში დემოკრატიას და საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხის წინაშე აყენებს.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს და არ შეეგუება ისეთ კანონმდებლობას, რომელიც მათ ევროკავშირს აშორებს. ქართველი ხალხი ხედავს და გრძნობს ევროპული ლიდერების მხარდაჭერას, რომელიც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს მომავალ, ძალიან რთულ, საარჩევნო პროცესში“ - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

პარტია „მოქალაქეების“ ინფორმაციით, ,,ქართულ ოცნებას“ სტრასბურგში საქართველოს საკითხზე დებატების ჩაგდების მცდელობა ჰქონდა, თუმცა საკითხზე გამართული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ დებატები შედგება. დებატების შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციას „დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში“ 66 ხმით დაუჭირა მხარი.

„რეზოლუციის ტექსტი საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეგრეთწოდებული ,,უცხოური გავლენის შესახებ" კანონის მიღება არის, როგორც დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტის, ისე ევროპის საბჭოს წინაშე საქართველოს ვალდებულებების დარღვევა. რეზოლუცია ამბობს, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან, პირიქით, ის აშკარად მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარებას, და რომ კანონი მთლიანად უნდა გაუქმდეს შემდგომი შეფერხების გარეშე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა