ილია დარჩიაშვილი - აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენთვის არამხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ სანდო სტრატეგიული პარტნიორია

აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენთვის არამხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ სანდო სტრატეგიული პარტნიორია. საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ურთიერთობების ორმხრივ დღის წესრიგს, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა გამორჩეულ ხასიათს ატარებს და ეტაპობრივად ახალ დადებით განზომილებებს იძენს, „რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისათვის“.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე მიმოიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ, მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე, ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობაზე.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აღინიშნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა.

„არაერთხელ დაგვიმტკიცებია, და კვლავ მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ხელი შევუწყოთ მხარეებს შორის კონსტრუქციულ კომუნიკაციას და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კუთხით“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის ინფორმაციით, რეგიონის ჭრილში, განხილული იქნა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ერთობლივი რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე.

მინისტრის განცხადებით, აქცენტი გაკეთდა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობასა და საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩართულობაზე აღნიშნულ პროექტში, ასევე აღინიშნა საქართველოს ინიცირებული ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტების მნიშვნელობა ჩვენი რეგიონის დაკავშირებადობის და „შუა დერეფნის“ ფუნქციის გაზრდის საქმეში.

„ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით წამოვიწყეთ და წარმატებით ვახორციელებთ არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს, რომლებმაც თვისობრივად გაზარდეს ჩვენი რეგიონის როლი და ფუნქცია. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი რეგიონის მიმზიდველობა და ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება და ხელს შეუწყობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებადობის ზრდას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ქართველი და აზერბაიჯანელი ერების საკეთილდღეოდ კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრაზე ასევე გამოიხატა მზაობა რეგულარული შეხვედრების გაგრძელების, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნების და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით.

27 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის