საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

როგორც ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ მომდევნო წლებში საქართველოს ნაკრები უფრო მეტ წარმატებას თუ არა, აქამდე მიღწეულის მსგავს შედეგს მაინც დადებს.

„გამარჯობა საქართველო! ძალიან რთულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის და ნიკა კვეკვესკირის შემდეგ საუბარი. მინდა მხოლოდ ის ვთქვა, რომ სამნახევარი წელი ძალიან დიდი აღმოჩნდა დღევანდელ დღემდე. ძალიან ბევრი ოფლი დაიღვარა, ჩემი არა, მოთამაშეების. ვიმედოვნებ, რომ კიდევ სამწელიწადნახევარში იგივე შედეგს დავდებთ თუ არა უკეთესს“, - განაცხადა ვილი სანიოლმა სიტყვით მიმართვისას.

ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ეს არ უნდა იყოს რაღაცის დასასრული, ეს უნდა იყოს დასაწყისი“.

„ჩვენთვის იყო ძალიან განსაკუთრებული რამდენიმე თვე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ერს ასეთ გახარებულს ვხედავ, მიხარია, რომ ამდენი სიამოვნება, ამდენი ემოცია მოვიტანეთ თქვენთან და თქვენი ძალიან დიდი დამსახურებაა. თქვენ მოგვეცით თავდაჯერება და იმ სიყვარულისთვის, რაც თქვენ გვაჩუქეთ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, ძალიან დიდი მადლობა. ეს არ უნდა იყოს რაღაცის დასასრული, ეს უნდა იყოს დასაწყისი, ამიტომ, გაუმარჯოს საქართველოს”, - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტმა ღირსების ორდენები და მედლები ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადასცა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დილით დაბრუნდა.

22:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია