რობინ დანიგანი - აშშ-ს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს

შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რობინ დანიგანმა ისაუბრა თავისუფლების იდეაზე და განაცხადა, რომ თავისუფლებას დიდი ფასი აქვს. ელჩის თქმით, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს - ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს, პროგრესის შთაგონების ნაცვლად და მათ, ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს, თუმცა ელჩის განცხადებით სჯერა, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს.

ელჩმა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატში ისტორიული ასპარეზობა მიულოცა.

„ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით! ყველას მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. მადლობა გორის გოგონათა არაჩვეულებრივ გუნდს ჩვენი ეროვნული ჰიმნების უმშვენიერესი შესრულებისთვის!

დამოუკიდებლობის დღეს ამერიკელები ერთად აღვნიშნავთ ჩვენს თავისუფლებას. ეს არის დღე, როდესაც ვფიქრდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გაღებულ უზარმაზარ მსხვერპლზე, და ეს არის დღე, როდესაც გვახსოვს, რომ თავისუფლებას დიდი ფასი აქვს. თუმცა, ამავდროულად ეს არის ზეიმის, ოპტიმიზმისა და სიხარულის დღე.

ამიტომ, მსურს ამ საღამოს ზეიმი დავიწყოთ იმით, რომ მივულოცო გუნდს, რომელმაც მთელს საქართველოს და ყველას, ვისაც საქართველო გვიყვარს, დიდი სიხარული და ოპტიმიზმი მოგვიტანა– ვულოცავ ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს და ყველა საქართველოს მოქალაქეს ევროპის ჩემპიონატში ისტორიულ ასპარეზობას!

ამერიკული ოცნების არსი არის რწმენა იმისა, რომ თუ თავისუფალ საზოგადოებაში იცხოვრებ და იშრომებ და ძალისხმევას არ დაიშურებ, შეძლებ შენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას. ეს რწმენა და ოპტიმიზმი არის ამერიკული სულისკვეთების არსი.

და მე მჯერა, რომ ეს არის ქართული სულისკვეთების არსიც. მე ხშირად მაოცებს ქართველებისა და ამერიკელების მსგავსება, როდესაც საქმე ეხება ოპტიმიზმს ჩვენი მომავლისა და ჩვენი შვილების მომავლის მიმართ. რწმენა, რომ ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებას და ჩვენი ქვეყნების გაძლიერებას.

მაგრამ ამისათვის აუცილებელია ძალისხმევის გაგრძელება. 248 წლის განმავლობაში ამერიკელები იბრძოდნენ ბრძოლის ველზე, იბრძოდნენ პოლიტიკური ძალაუფლების დარბაზებში და იბრძოდნენ სასამართლო დარბაზებში ჩვენი დემოკრატიის გასაუმჯობესებლად და ჩვენი ქვეყნის დანაპირების შესასრულებლად.

ამერიკელები აწყობდნენ მსვლელობებს ქუჩებში, ხიდებზე; აწყობდნენ საპროტესტო აქციებს ყველა შესაძლო ადგილას, კაფეტერიასა თუ ავტობუსში. ყველა მათგანი ერთი მიზნის მიღწევას ესწრაფოდა- გამხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატები უფრო სრულყოფილი კავშირი.

ეს გზა არასოდეს ყოფილა მარტივი, ხოლო გამოწვევები, ზოგჯერ, დაუძლეველი ჩანდა. მაგრამ, ჩვენ არასდროს დავნებებულვართ და ყოველ ჯერზე ამ სირთულეების გადალახვით უკეთესი ვხდებოდით.

ქართველ ხალხსაც დამოუკიდებლობისთვის და საერთო ოცნებისკენ სწრაფვის ხანგრძლივი ისტორია აქვს, -ოცნებისა, რომ ერთ დღეს მათი შვილები უფრო სრულყოფილ სამყაროში იცხოვრებენ.

106 წლის წინ ქართველი ხალხი გაერთიანდა ახალი დამოუკიდებელი ქვეყნის შესაქმნელად. იმ დანაპირებით, რომ საქართველოს ექნებოდა სუვერენული ძალაუფლება და უზრუნველყოფდა თავისი მოქალაქეების სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს.

მაგრამ საქართველოს გზა, ისევე როგორც ამერიკის გზა, ადვილი არ ყოფილა. ამერიკელების მსგავსად, ქართველებსაც მუდმივი ძალისხმევის გაღება უწევდათ დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ქართველებს, ვინც 1978 წელს ქართული ენა და ეროვნული იდენტობა დაკარგვას გადაარჩინა.

ჩვენ დიდად ვაფასებთ ათასობით ქართველს, ვინც 1989 წლის აპრილში უშიშრად შეიკრიბა და მშვიდობიანი დემონსტრაციით, ხელიხელჩაკიდებულმა, საბჭოთა ტანკებისა და იარაღის პირისპირ მდგომმა, მოითხოვა დამოუკიდებლობა.

ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართველ ხალხს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც 2008 წელს სიმამაცით იბრძოდნენ საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ.

დღეს, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს - ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს, პროგრესის შთაგონების ნაცვლად და მათ, ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს.

მაგრამ მე მჯერა, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს. და რომ, როგორც დემოკრატიებს, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას და შევქმნათ უკეთესი ქვეყანა მომავალი თაობებისთვის.

შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს. ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს განათლების სისტემას და ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გასული 32 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი წარმატების ისტორიაა ორივე ქვეყნისთვის, სარგებლის მომტანი როგორც ამერიკელების, ასევე ქართველებისთვის. აშშ-თან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ათწლეულის განმავლობაში გაწეული შრომისა და პარტნიორობის შედეგად მიღწეული პროგრესით, ქართველმა ხალხმა მოიპოვა შესაძლებლობა, რომ ერთ დღეს გახდეს ევროკავშირის წევრი. იმედი მაქვს, საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას.

ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო საელჩოს არაჩვეულებრივ გუნდს ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობის მხარდასაჭერად. ასევე მადლობა ამ უზარმაზარი დღესასწაულის ორგანიზებისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს გულუხვ სპონსორებს მხარდაჭერისთვის! გმადლობთ - თქვენი მეგობრობისა და პარტნიორობისთვის. მადლობა ფორმაში ჩაცმულ მამაკაცებსა და ქალებს, ამერიკელებს და ქართველებს, რომლებიც ყველაზე დიდ რისკს სწევენ ჩვენი თავისუფლების დასაცავად.

ნება მომეცით დასასრულს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის დღე არის გახსენება, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვა უწყვეტი გზაა. ეს არის გახსენება იმისა, რომ ძალა ოპტიმიზმშია, რომ ძალა ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებისთვის ბრძოლაშია და რომ ძალა ერთმანეთის მხარდამხარ დგომაშია იმ პრინციპების დასაცავად, რომლებიც გვაერთიანებს.

გთხოვთ, შემომიერთდით, და წარმოვთქვათ ჩვენი თავისუფლების, ჩვენი პარტნიორობისა და ჩვენი შვილების მომავლის სადღეგრძელო. დაბადების დღეს გილოცავ, ამერიკა!“, - აღნიშნა ელჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - ხელისუფლებამ იცის, რომ ამერიკასთან ურთიერთობების დალაგების კუთხით ჩიხშია, ახლა მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ - არჩევნები მოიგონ და შემდეგ თქვან: ხალხმა ჩვენ აგვირჩია და დაანებეთ თავი ამ ქვეყანას
ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო