ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2024

ტრამპი ნატოს აღმოსავლეთ გაფართოებაზე უარს იტყვის? - „პოლიტიკოს" სენსაციური სტატია და გამოხმაურება თბილისში

ტექდათვალიერება ძვირდება და კიდევ უფრო მეტი მძღოლი ეცდება თავი აარიდოს მანქანის შემოწმებას

რის რესტავრაციას აპირებს გერმანული კომპანია გელათში და რატომ დაიხურა მონასტერი მლოცველებისთვის

* * *

ტრამპი ნატოს აღმოსავლეთ გაფართოებაზე უარს იტყვის? - „პოლიტიკოს" სენსაციური სტატია და გამოხმაურება თბილისში

“იმ შემთხვევაში თუ ამერიკის არჩევნებში ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, სავარაუდოდ, იგი პუტინს შესთავაზებს გარიგებას, რომლის მიხედვითაც ნატო უარს იტყვის აღმოსავლეთით გაფართოებაზე და საქართველოსა და უკრაინის მიღებაზე. ამას გარდა, ტრამპი მზად იქნება პუტინთან მოლაპარაკებები გამართოს და ომის დასრულების სანაცვლოდ მას უკრაინის ტერიტორიები დაუთმოს. ამის შესახებ ამერიკული ონლაინ გამოცემა “პოლიტიკო” ტრამპის ორ ყოფილ მრჩეველზე დაყრდნობით წერს. ტრამპის საგარეო ორიენტირების შესახებ ინტერესი განსაკუთრებით ბაიდენთან მისი დებატების შემდეგ გაცხოველდა, სადაც ექსპრეზიდენტმა მოქმედ პრეზიდენტს სრული ფიასკო აგემა, რომელიც იმდენად მძიმე იყო დემოკრატიული ბანაკისთვის, რომ ბაიდენის შეცვლაზეც კი დაიწყეს სერიოზული მსჯელობა. ყოფილი მრჩევლები “პოლიტიკოსთან” აცხადებენ, რომ ალიანსის სრულ გაუქმებაზე, რაზეც ხშირად იყო საუბრები, ტრამპი არ წავა”, -წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტრამპი ნატოს აღმოსავლეთ გაფართოებაზე უარს იტყვის? - „პოლიტიკოს" სენსაციური სტატია და გამოხმაურება თბილისში.

“ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტი, რომელიც კოლექტიურ ურთიერთდაცვას გულისხმობს, ასევე დარჩება ძალაში, თუმცა რესპუბლიკელების კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ნატოში ამერიკის ჩართულობის მასშტაბი მნიშვნელოვნად შემცირდება. ამასთან, როგორც “პოლიტიკოს” ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა უთხრა, ამერიკა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიწოდებას გააგრძელებს. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ეს ინფორმაცია დასაზუსტებელია, თუმცა თუ ტრამპი პუტინთან დათმობაზე წავიდა, ესე იგი მას სხვა გამოსავალი არ აქვს. “ის ალბათ ამაზე წავა იმ შემთხვევაში, თუ გამოსავალი არ ექნება. მე მაინც მგონია, რომ ეს შემოგდებული ინფორმაციაა, რომელსაც გადამოწმება სჭირდება. მართალია “პოლიტიკო” სერიოზული გამოცემაა, მაგრამ ბრმად მისი ნდობა არ შეიძლება”, - აღნიშნავს ანჯაფარიძე. ტრამპის მეორე იდეა არის ე.წ. ნატოს ორსაფეხურიანი სისტემა. ალიანსის წევრი ქვეყნები, რომელთა თავდაცვითი ხარჯები მშპ-ს 2%-ს არ აღწევს, არ ისარგებლებენ შეერთებული შტატების დაცვით და უსაფრთხოების გარანტიებით”,- აღნიშნავს გამოცემა.

“ამრიგად, ეს სახელმწიფოები არ დაექვემდებარებიან სამოკავშირეო ხელშეკრულების მე-5 მუხლს, რომლის მიხედვითაც ბლოკში მოკავშირეები კონფლიქტში უნდა შევიდნენ თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნის მხარეზე. ამავდროულად, ტრამპის გუნდის ყოფილი წევრები აღნიშნავენ, რომ ეს საკმაოდ მოქნილი და ორაზროვანი პუნქტია და პრინციპში ერთმნიშვნელოვან სამხედრო მხარდაჭერას არ გულისხმობს. რესპონდენტების თქმით, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკა ევროპის თავზე “ბირთვულ ქოლგას” შეინარჩუნებს, ასევე საჰაერო ძალას და ბაზებს გერმანიაში, ინგლისსა და თურქეთში, ისევე როგორც საზღვაო ფლოტს. ამავდროულად, ქვეითი ჯარის, ჯავშანტექნიკის, ლოგისტიკისა და არტილერიის ძირითადი ნაწილი გახდება ევროპული სახელმწიფოების პასუხისმგებლობა, რითაც შემცირდება ვაშინგტონის როლი ევროპის უსაფრთხოებაში. ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ნაკლებად მოსალოდნელია ტრამპმა ეს განახორციელოს”,- განაგრძობს გამოცემა.

“ეს ინფორმაცია დიდი კითხვის ქვეშაა, თუ რამდენად სწორად მოიტანა “პოლიტიკომ” ის, რაც უთხრეს და არის თუ არა ეს მართლა ტრამპის გადაწყვეტილება? საერთოდ პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ამერიკაში და მით უმეტეს საპრეზიდნეტო კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიისას ბევრ რაღაცას ამბობენ, თუმცა მერე, როცა გაპრეზიდენტდებიან, ხშირად სხვა რამეებს აკეთებენ. ამრიგად, მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს, რადგან ჯერ ტრამპი პრეზიდენტი უნდა გახდეს. თან მოგეხსენებათ მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული და ძალიან ბევრი ისეთი პროცესებია, რამაც შესაძლოა საპრეზიდენტო რბოლიდან მისი ჩამოშორება გამოიწვიოს. ამიტომაც, მე პირადად ამ ინფორმაციას მაინცდამაინც სერიოზულად არ აღვიქვამდი. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, თითქოს ეს სიმართლეა, რუსეთთან ასეთ გარეგებაზე წასვლა ეს არის ამერიკის მიერ სახის დაკარგვა, რადგან ამერიკის გადასახადების გადამხდელები პასუხს ხომ მოითხოვენ? წაგებულ საქმეში რატომ ვისვრიდით ამხელა თანხებსო?” - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

ტექდათვალიერება ძვირდება და კიდევ უფრო მეტი მძღოლი ეცდება თავი აარიდოს მანქანის შემოწმებას

“მომდევნო წლიდან ტექნიკური დათვალიერების საფასური, სავარაუდოდ, გაიზრდება და ავტომობილის მფლობელებს 60 ლარის ნაცვლად, 90 ლარის გადახდა მოუწევთ. და ხარვეზების შემთხვევაში კი საფასურს კიდევ 20 ლარი დაემატება. ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ მძღოლების ნაწილი ტექინსპექტირებაზე უარს ამბობს, ამიტომ საინტერესოა, გადასახადის მომატება, დამატებითი წნეხი ხომ არ იქნება ამ მიმართულებით. ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს გადასახადის ზრდაზე ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიური კონსულტაცია აქვთ და განახლებული ტარიფი ძალაში 2025 წლიდან შევა. ტექინსპექტირების ცენტრები ამბობენ, რომ მათი ხარჯი იზრდება და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, გადასახადის მატება უწევთ, თუმცა, როგორ ცნობილია, უამრავ მძღოლს საკუთარი ავტომობილი ტექდათვალიერებაზე არ მიჰყავს, ამიტომ გასარკვევია, ინსპექტირების გაძვირება მიმართვიანობაზე როგორ იმოქმედებს”,- წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტექდათვალიერება ძვირდება და კიდევ უფრო მეტი მძღოლი ეცდება თავი აარიდოს მანქანის შემოწმებას / “ოდესმე ხომ უნდა მივხვდეთ, რომ მხოლოდ გადასახადის გაძვირებით, ჯარიმების ზრდით და რაღაცის გართულებით ვერ მივალთ შედეგამდე?”

“5 წელია დაიწყო ტექინსპექტირების რეფორმა, აქედან გამომდინარე, საჭიროება დადგა, რომ საფასური გადაიხედოს. აღსანიშნავია, რომ ტექინსპექტირების ცენტრებიდან კადრების გადინების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. შარშან ამ მაჩვენებელმა 57-59% შეადგინა, რაც კატასტროფული მონაცემია. ტექინსპექტირების ცენტრებს უჭირთ კადრების მოზიდვა იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც მათ დღესდღეობით გააჩნიათ. ამიტომ ინსპექტირების საფასურის 30 ლარით გაძვირება ამ ფაქტორსაც უკავშირდება”, - განაცხადა "ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის” აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა. ხოლო დარგის ექსპერტი ლაშა დარბაისელი აცხადებს, რომ ეს იქნება ზედმეტი ფინანსური ხარჯი ავტომფლობელებისთვის და მეტი არაფერი. “გადასახადის ზრდა არანაირ შედეგს არ მოგვცემს, გარდა იმისა, რომ ეს არის მძღოლების ზედმეტი ფინანსური ხარჯი. ეს იქნება ზედმეტი სარგებლის მიღება ცენტრებისთვის”, - თვლის ექსპერტი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“60 ლარს გადაიხდიან თუ 90 ლარს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან 30 ლარი არავის არაფერს არ უწყვეტს, პრობლემა და საკითხი სულ სხვაა და სხვაგან უნდა ვეძებოთ გამოსავლის გზები. ავტოპარკი არის განსაახლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რაღაც დროის გასვლის შემდეგ, უფრო მეტი და მეტი ავტომობილი ვეღარ გაივლის ტექნიკურ დათვალიერებას. ბიზნესია და მისი გადასაწყვეტია, გაზრდის თუ არა გადასახადს. რა თქმა უნდა, კერძო სექტორმა არ უნდა იმუშაოს წაგებაზე ან ნულოვან მოგებაზე. გასათვალისწინებელია, რა მიზეზით ხდება მოგების მიღება. თუ იმ მიზეზით, რომ რაიმე გამოსწორდეს, ეს არის საერთოდ სხვა რამ, თუმცა ტექნიკური ინსპექტირების გაძვირება თუ იმიტომ ხდება, რომ უბრალოდ ბიზნესს უჭირს, წაგებაზე მუშაობს და ამიტომ სჭირდება დამატებითი შემოსავალი, ეს სულ სხვა ამბავია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა დარბაისელი.

“ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებიც ბიზნესია და ზემოთხსენებული ორი ამბიდან მგონია, რომ გადასახადის ზრდა მცირედი მოგების მისაღებად ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ფინანსური გადასახადი გაზრდა რაიმე პრობლემას გამოასწორებს. რეალურად არაფერი მოგვარდება და ეს არის უბრალოდ, ერთგვარი არგუმენტი რაღაცის გამოსასწორებლად. ვიცით, რომ ბევრი მძღოლი თავს არიდებს ტექნიკურ ინპექტირებას. ალბათ, იმიტომ, რომ გამართულად არ მუშაობს სისტემა. ჩემი აზრით, ხარვეზი ბიზნესმა თავის თავში არ უნდა ეძიოს, რადგან ამ ყველაფრის ინიციატორი სახელმწიფოა და ხელისუფლებამ ტექდათვალიერება შემოიღო ქვეყანაში, მაშინ ბიზნესისთვის ისეთი კონკრეტული მითითება უნდა მიეცა, რომელიც იმუშავებდა. იქნება, რაღაცებს გადახედვაა საჭირო, მაგალითად, გაიოლდეს ავტომობილების შემოწმება, რომ მძღოლები გააქტიურდნენ. ასეთი ბევრი კითხვა არსებობს, ამიტომ მხოლოდ გადასახადის შემოღება არაა საქმე, არამედ რეგულირებაც საჭიროა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ოდესმე ხომ უნდა მივხვდეთ, რომ მხოლოდ გადასახადის გაძვირებით, ჯარიმების ზრდით და რაღაცის გართულებით ვერ მივალთ შედეგამდე? რაიმე ისეთი შევთავაზოთ მოქალაქეებს, რაც მათთვის მეტად მისაღები იქნება და თან იმუშავებს კიდეც. რა თქმა უნდა, კერძო სექტორი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ მხოლოდ ამ ბიზნესში კი არა, არამედ ყველგან საჭიროა სახელმწიფოს ჩართვა, რომ მიმართულება მიეცეს ყველაფერს”, - დაასკვნის ლაშა დარბაისელი. მართალია, ბოლო წლებში, ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა მზარდია, მაგრამ ტექნიკურ დათვალირებაზე მაინც უამრავი მძღოლი ამბობს უარს. 2023 წელს 917 000 ავტომობილი იყო შემოწმდა, 2022 წელს კი - 789 000 მანქანა. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში დაახლოებით მილიონ ნახევარზე მეტი მოძრავი ავტომობილია. ფეისბუქ გვერდ “ჩემი ქალაქი მკლავს” დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ გზებზე აღსრულებაა საჭირო”, - წერს სტატიის ავტორი.

“თუ მოხდება კონტროლი, ვინც არ გაივლის შემოწმებას, იმათთვის, რა თქმა უნდა, იქნება პრობლემა, ხოლო თუ აღსრულება არ იქნება, ამ შემთხვევაში, კი ბატონო, არის იმის რისკი, რომ ტექნიკურ დათვალიერებას თავი აარიდონ. არსებობს სხვადასხვა მეთოდი, მაგალითად, გზისპირა ინსპექტირება, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ, გამონაბოლქვთან მიმართებაში. ამ ტიპის კონტროლი თუკი იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ნორმაში ჩადგება. ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხარჯი ეზრდებათ და ამიტომ ითხოვენ გადასახადის მატებას. ეს არის ერთგვარი არგუმენტი. ჩვენც გვქონდა მათთან კომუნიკაცია და რასაკვირველია, არსებობს ხარჯი, თუმცა მგონია, რომ სხვა ქვეყნის მაგალითებია სანახავი, თუ რამდენია ტექნიკური ინსპექტირების გადასახადი და იმის მიხედვით, ფარდობითად, უნდა მოხდეს ჩვენთანაც შემოღება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ჯაფარიძე.

რის რესტავრაციას აპირებს გერმანული კომპანია გელათში და რატომ დაიხურა მონასტერი მლოცველებისთვის

“2 ივლისიდან 15 აგვისტომდე გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დაიკეტა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ტაძარში სტუმრების შეშვება გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით შეჩერდა, რათა მიმდინარე სამუშაოების გამო ვიზიტორების უსაფრთხოება დაცული იყოს, რისაც ოპონენტებს არ სჯერათ და აცხადებენ, რომ პროექტის გარშემო ბევრი კითხვა გაჩნდა. ჩაკეტილია სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზაც. პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. გელათში გუშინ არ შეუშვეს მედიის წარმომადგენლებიც. კომპლექსი გასულ წელსაც იყო რამდენიმე დღით დაკეტილი, თუმცა მაშინ უშუალოდ ჭიშკარს ედო ბოქლომი და იქამდე მისვლა მედიას თავისუფლად შეეძლო. ტაძრის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მამა კირიონის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დროებით გადახურვის სამუშაოები. მალე ადგილზე გერმანელი სპეციალისტები ჩავლენ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, გადახურვის პარალელურად დაიწყება შიდა სამუშაოები”,- წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რის რესტავრაციას აპირებს გერმანული კომპანია გელათში და რატომ დაიხურა მონასტერი მლოცველებისთვის.

“უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მოზაიკის და მხატვრობის მომდევნო სარეაბილიტაციო ეტაპს დაიწყებენ. უკვე დაწყებულია დროებითი გადახურვის სამუშაოები. ეს არის გერმანული კომპანია “ლეიერის” მიერ დამზადებული მასალები, რომლებიც მხოლოდ გელათის კონსტრუქციისთვისაა მორგებული და მოხდება ტაძრის დროებითი გადახურვა. სამუშაოებს შეასრულებს გერმანული კომპანია “ქვადრექსი”. სამუშაო გაგრძელდება 6 კვირის განმავლობაში, ჩვენ აღებული გვაქვს 45 დღე. შეიძლება უამინდობა იყოს ან რამე მოხდეს და 3 დღე დავამატეთ. თქვენ, ალბათ, ნახეთ, შემოსასვლელში ბანერი, რომ 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე იკეტება მონასტერი. ეს განხორციელდა მომლოცველების და მნახველების უსაფრთხოების მიზნით, რადგან გერმანულმა კომპანიამ გამოგზავნა წერილი და გვთხოვეს, რომ თუ ამ კუთხით არ იქნება უსაფრთხოება და არ დაიკეტება მონასტერი, მაშინ ისინი ამ სამუშაოს ვერ შეასრულებენ. ამიტომ ეს ყველაფერი ხორციელდება არა ჩვენი ახირების გამო, არამედ მოქალაქეების უსაფრთხოების გამო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამა კირიონი.

“გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს დასრულდა, თუმცა მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა. “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პროექტის გარშემო ძალიან ბევრი კითხვები არსებობს და საჭიროა ყველაფრის გასაჯაროება. როგორც იგი აღნიშნავს, ბუნდოვანებას აჩენს ის ფაქტიც, რომ მთლიანად სოფელი დაიკეტა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პროექტთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. იქ სამუშაოები მიმდინარეობს და პროექტი დღემდე უცნობია, ამიტომ ჯობს გაასაჯაროონ. გერმანულ მხარესთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა და ეს აქამდეც უნდა დაწყებულიყო. აქ ბუნდოვანებას აჩენს ის, რომ მთლიანად სოფელი დაიკეტა. წარმოუდგენელია რაღაც კონსტიტუციური შეზღუდვების დაწესება გელათის ირგვლივ, როდესაც ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო დავხმარებოდით იმ პროცესს და უფრო მეტი სინათლე შეგვეტანა იმ სიბნელეში, რასაც ხელისუფლება წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე ბარათაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა