ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის 25-ე პარაგრაფში სამართლიანად, პირდაპირ ჩაიწერა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ სპეცოპერაციას ახორციელებს - სწორედ ამის გამო არ დაუჭირეს დეკლარაციას მხარი, დანარჩენი არის იაფფასიანი პროპაგანდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია არა ტერიტორიული მთლიანობა და რუსი ჯარის საქართველოს ტერიტორიებიდან გასვლა, არამედ მათი ვიწროპარტიული მიზნები და ინტერესები.
"ძალიან მნიშვნელოვანი დეკლარაციაა. პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, უნდა დატოვოს საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სუვერენული ტერიტორია, მათ შორის, აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი. ჩანაწერია ასევე დემოკრატიასა და არჩევნებთან დაკავშირებით. სინამდვილეში, "ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანი კი არ არის დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობა, ან რუსის ჯარის გასვლა, არამედ, მათთვის მნიშვნელოვანია 25-ე პარაგრაფი, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლება ახორციელებს რუსულ ჰიბრიდულ ომს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის ჩანაწერი, რის გამოც სინამდვილეში არ დაუჭირეს მხარი. დანარჩენი არის იაფფასიანი პროპაგანდა," - განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ეუთო-ს მიერ მიღებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის.
გარდა ამისა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს. დეკლარაციის მიხედვით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას გმობს.
დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა "ქართული ოცნების" დელეგაციამ.