საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ავტომატიზაციისა და ტესტ-ინჟინერინგის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი, ამავდროულად, კომპანია Helio.AI-ის ტექნიკური დირექტორი, ნათია ქუხილავა Forbes-ის კონკურსის - 30 Under 30 - ევროპის 2024 წლის სიაში მოხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, გამოცემამ ნათია ქუხილავა ტექნოლოგიისა და ელექტრონული კომერციის კატეგორიაში გამარჯვებულებს შორის დაასახელა.
უნივერსიტეტის ცნობით, ინოვატორთა კონკურსში მონაწილეობას 400 ნომინანტი იღებდა, საკონკურსოდ წარმოდგენილი 6 ნომინაციიდან - ანტრეპრენიორები და მეწარმეები, ხელოვნება და სტილი, განათლება და მეცნიერება, ფინანსები, სპორტი - 35 გამარჯვებული გამოვლინდა.
2024 წლის 30 Under 30-ის ტექნოლოგიებისა და ელექტრონული კომერციის ნომინაციაში ჟიურის წევრები იყვნენ ქართულ ბაზარზე წარმატებული კომპანიებისა და საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციების სასწავლო ცენტრების ხელმძღვანელები.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე აღნიშნავს, კურსდამთავრებულების წარმატებები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციურობასა და კონკურენტუნარიანობას.
„ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სფეროები უსაზღვროა და ის თანდათან ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. ეს არის პროცესი, რომელიც გულისხმობს „ჭკვიანი“ ტექნოლოგიებისა და ადამიანის ინოვაციური უნარების თანხვედრას. ამის საფუძველს სწორედ თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები ქმნის. ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყანაში ინფორმატიკის, პროგრამირებისა და ციფრული ტექნოლოგიების კერად აღიარებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციურობასა და კონკურენტუნარიანობას. სწორედ ახალგაზრდები, ინოვაციური იდეებით, უკეთესობისკენ ცვლიან ქვეყნის მომავალს მაშინ, როცა ცვლილებები ყველაზე მეტად საჭიროა“, - აღნიშნავს თამარ ლომინაძე.