ნათია თურნავა - ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ დეპოზიტების დაზღვევის ეფექტური სისტემის შექმნაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა - ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, კონფერენციაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ბაზრისთვის დეპოზიტების გარანტიის სქემის უპირატესობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სხვადასხვა ქვეყნის ინდუსტრიის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მონაწილეებმა დეპოზიტების დაზღვევის სისტემების მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა უმნიშვნელოვანესი საყრდენია არა მხოლოდ ფინანსური სტრესის მართვისა და მეანაბრეების დაცვის, არამედ ბაზრის ნდობის აღდგენისთვის.

მისი განცხადებით, საქართველოში ბანკები საკმაოდ განვითარებულია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი ქვეყანამ დეპოზიტების დაზღვევის ეფექტური სისტემის შექმნაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, შედეგად სისტემის ჯამური აქტივები საქართველოს წლიურ მშპ-ს აჭარბებს.

"სისტემა კარგადაა კაპიტალიზირებული და ლიკვიდურობის მყარ ბუფერებს ინარჩუნებს, აქვს ძლიერი მომგებიანობა და აქტივების კარგი ხარისხი. ჩვენ მიერ ტესტირებულ მკაცრ სტრეს-სცენარებშიც კი, ბანკები ახერხებენ შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა და განაგრძონ ფინანსური სერვისების მიწოდება", - დასძინა მან.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და რეზოლუციის ფუნქციაზე ისაუბრა, რაც სებ-ს საქართველოს რეზოლუციის ორგანოდ აქცევს და პასუხისმგებელს ხდის რეზოლუციის ჩარჩოს შემუშავებასა და ქვეყანაში მის ფუნქციონირებაზე.

"ჩვენი ჩარჩო დაფუძნებულია ევროპულ BRR დირექტივაზე, ძირითადად შეესაბამება მას და ამჟამად ვართ ევროკავშირის ჩარჩოსთან სრული შესაბამისობის გზაზე. გარდა ამისა, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ ჩვენი ჩარჩოს გაძლიერებაზე, რადგან მისი როლი მომავალში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში