ესთერ ლინჩი - მნიშვნელოვანია, არა მარტო ის, რამდენად კარგია კანონი, არამედ რეალურად, რამდენად აღსრულებადია - სწორედ ეს იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ევროპის პროფკავშირების წევრი გახდა.

რას ნიშნავს ევროპის პროფკავშირების წევრობა საქართველოსთვის იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და ახლა ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის.

რა გარანტიებისა და სარგებლის მოტანა შეუძლია ამას როგორც ქვეყნისთვის, ისე, თითოეული დასაქმებულისთვის საქართველოში, ამ თემაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა, ესთერ ლინჩმა ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მშრომელების ხმა ყველგან ისმოდეს იმ დარბაზებსა და ოთახებში, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, რაც ქართველ დასაქმებულებზე გავლენას იქონიებს. ევროკავშირის ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირის პროფკავშირების კონფედერაცია მიჩნეულია სწორედ იმ მთავარ ორგანიზაციად, სადაც მშრომელების ხმა ყველა მათთან დაკავშირებულ საკითხთან მიმართებით უნდა გაისმას. ეს ყველა საკითხს შეეხება, მათ შორის, გენდერულ უთანასწორობას, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებას, მინიმალურ ხელფასს. ანუ, ყველა საკითხი, რომელიც შრომით ურთიერთობებს შეეხება, სწორედ ამ ორგანიზაციაში წყდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ქართველი მშრომელები წარმოდგენილები იყვნენ იმ მაგიდის ირგვლივ, სადაც ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები წყდება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც მშრომელებს შორის სოლიდარობა არის, სწორედ მაშინ მიიღება ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ხვედრს გააუმჯობესებს“,-განაცხადა ესთერ ლინჩმა.

მისი განმარტებით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ევროპის პროფკავშირებში გაწევრიანება დასაქმებულების უფლებებს გააუმჯობესებს.

როგორც ესთერ ლინჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ზეწოლის მოხდენა მთავრობაზე, რომ ნაბიჯები გადაიდგას და დასაქმებულების უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„ამ ვიზიტის ფარგლებში ჩემი მიზანი იყო, საქართველოს პროფკავშირებისგან ადგილზე გამეგო, თუ რამდენად შესაბამისობაშია მათი საქმიანობა იმ როლთან, რომელიც ევროპის კავშირში და ევროპის ქვეყნებშია განსაზღვრული. ასევე, გარკვეულწილად, ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე, რათა მან ის ნაბიჯები გადადგას, რომელიც მშრომელთა უფლებების აღსრულებას უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით, ხელფასს და იმ პირობებს შეეხება, რა პირობებშიც მშრომელებს მუშაობა უწევთ“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ესთერ ლინჩმა საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბრის მთავარი თემა იყო ის, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს საქართველოში დასაქმებულების მდგომარეობა.

„შევხვდი საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს. ვისაუბრეთ, როგორ უნდა გაუმჯობესდეს მშრომელების მდგომარეობა. მივედით იმ დასკვნამდე და სწორედ ეს იყო მინისტრის მხრიდან გზავნილი, რომ დასაქმებულთა მდგომარეობის გაუმჯობესება, მათ შორის ევროკავშირის ხელშეკრულების ძალით, მხოლოდ სოციალური დიალოგის გზითაა შესაძლებელი. მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ ევროპის პროფკავშირების გაერთიანება შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე ძალა იყოს ამ პროცესში, რადგან წარსულში სხვა ქვეყნებთან მუშაობის თვალსაზრისით ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნია“,-განაცხადა ესთერ ლინჩმა.

რაც შეეხება სოციალურ დიალოგს და ამ თვალსაზრისით სასურველი შედეგის დადგომას, ევროპის პროფკავშირების პირველმა პირმა განმარტა, რომ ამისთვის სხვადასხვა მეთოდი და გზა არსებობს.

„მნიშვნელოვანია, ყველანი შევჯერდეთ იმაზე, რომ აუცილებელია, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას ყოველმხრივ დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, წავახალისოთ იმისთვის, რომ ამ დიალოგის გზით იმ შედეგებს მივაღწიოთ, რომელიც ყველასთვის სასურველია. მიხეილ სარჯველაძე პროფესიით იურისტია, მეც იურისტი ვარ, საკმაოდ საინტერესო მსჯელობა გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, ძალიან ხანგრძლივი, ამასთანავე, საკმაოდ ძვირადღირებული სასამართლო პროცესების გვერდის ავლით, მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს უფლებები იყოს არა თეორიულად, არამედ მისი გამოყენების საშუალება ჰქონდეთ რეალურად ადამიანებს. რა თქმა უნდა, ეს ადამიანებს თავდაჯერებულობას შემატებს“, - განაცხადა ესთერ ლინჩმა.

ამასთან, მან ისაუბრა იმაზეც, რა მოლოდინები აქვს ქართული პროფკავშირებისგან.

„ჩემი ხელმძღვანელობის სტილი გახლავთ ის, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინო წევრი ქვეყნების ორგანიზაციებს და სწორედ ამას ვაკეთებთ. ჩვენ ევროპული პროფკავშირების ძალიან დიდი ოჯახი ვართ, რომელიც 45 მილიონზე მეტ მშრომელს მოიცავს, რამეთუ ჩემი ფუნქცია-მოვალეობაა, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინო წევრი სახელმწიფოების პროფკავშირებს და მათ შორის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას. მნიშვნელოვანია, არა მარტო ის, რამდენად კარგია კანონი, თუნდაც ეს იყოს მინიმალური ხელფასის შესახებ ან მშრომელთა უსაფრთხოების შესახებ, არამედ რეალურად, რამდენად აღსრულებადია. სწორედ ეს იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. საქართველოს პროფკავშირების შესახებ ვესაუბრები ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, რომელთაც დაბრუნების შემდეგ შევხვდები“,-განაცხადა ესთერ ლინჩმა.

მისი განმარტებით, პროფკავშირებისთვის მთავარი პრიორიტეტი არის ანაზღაურება, შრომის უსაფრთხოება, სამუშაო ადგილის სტაბილურობა და ა.შ.

„მე ფემინისტი ვარ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ფემინისტური რევოლუცია ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, გარკვეულ წარმატებებს უკვე მივაღწიეთ იმ თვალსაზრისით, რომ ერთი და იგივე სამუშაოსთვის ქალებმა და კაცებმა ერთნაირი ხელფასი მიიღონ, თუმცა, ეს ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება“,-განაცხადა ესთერ ლინჩმა.

ამასთან, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ევროპის პროფკავშირებში გაწევრიანებას „უპრეცედენტო გადაწყვეტილებას“ უწოდებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც საერთაშორისო პროფკავშირულ ოჯახში, რვა წლის განმავლობაში პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

„ფაქტობრივად, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ევროპის პროფკავშირი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირებს აერთიანებს. ამ საერთო ოჯახში საქართველოს პროფკავშირების გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ თითოეული მშრომელის ხმა, თითოეული მშრომელის გამოწვევა ხდება ამ დიდი ევროპული ოჯახის გამოწვევა, რომელსაც ევროკავშირის ყველა სტრუქტურასთან ძალიან მჭიდრო და გავლენიანი ურთიერთობები აქვს. რა გზაც გაიარეს ევროპელმა მშრომელებმა, საქართველოში იმ გამოცდილებების გაზიარება და დანერგვა მოხდება. საქართველოს პროფკავშირები არაერთი საკითხის ადვოკატირებას ეწეოდა, ეს იყო მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის შემწეობა, საპენსიო რეფორმა, სოციალური დიალოგი, შრომის უსაფრთხოება, არაფორმალური დასაქმება და ა.შ. ეს ყველაფერი ასევე ხდება ამ დიდი და ძლიერი ოჯახის გამოწევა და პრიორიტეტი“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია