მინისტრი - საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე, აღებული  გვაქვს ვალდებულებები, რასაც ვასრულებთ, შესაბამისად, სამხედრო დახმარების გაყინვაზე მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია

საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე, აღებული გვაქვს ვალდებულებები, რასაც თანმიმდევრულად, ლოგიკურად ვასრულებთ, შესაბამისად, ევროკავშირის მიერ სამხედრო დახმარების გაყინვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მინისტრის თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, მათ შორის ოკუპაცია, არსად არ წასულა. მისივე განცხადებით, საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იმისთვის, რომ უფრო მეტად შეძლოს საფრთხეებთან გამკლავება.

"ზოგადად, მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლითაც ქვეყანამ უნდა შეძლოს საფრთხეების თავიდან აცილება. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკრო გადაწყვეტილებები, რადგან ის გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ოკუპაცია, არსად არ წასულა. საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იმისთვის, რომ ჩვენ უფრო მეტად შევძლოთ საფრთხეებთან გამკლავება. შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან მალე დაუბრუნდება თავის ძველ ნიშნულს და ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას და ვფიქრობ, რომ ზოგადადაც, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე. ჩვენ ყველას გვაქვს აღებული ჩვენი ვალდებულებები, ჩვენ თანმიმდევრულად, ლოგიკურად ვასრულებთ ამ ვალდებულებებს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს არცერთი პროცესი არ შეუჩერებია, თანმიმდევრულად აგრძელებს რეფორმების დღის წესრიგს, ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს მთავარ მიზნამდე და ეს არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა.

"მე არ ვიხმარდი ისეთ, ძალიან მკაცრ შეფასებას, რომელიც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. ვფიქრობ, რომ ეს არის მიკრო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ვერანაირად ვერ შეაფერხებს საქართველოს სწრაფვას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ დღეს თუ ამ მიმართულებით არის გამოწვევები მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, მე იგივე შემიძლია გავიხსენო, გვქონდა ჩვენ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით სირთულეები, თუმცა ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ სტატუსი მიეღო ქვეყანას და მსგავსი ტიპის ოპტიმიზმი მაქვს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ძალიან მალე ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებსაც, რომელიც არის ძალიან გრძელი, რთული პროცესი, თუმცა, ჩვენ მზაობა გვაქვს იმისთვის, რომ საქართველო შეუქცევადად ვატაროთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს