თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ პარტნიორი ქვეყნების განცხადებებს სიმძაფრე დაუკარგოს - ხელისუფლება დეზინფორმაციით საზოგადოების მოტყუებას ცდილობს

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლის მოტყუებასაც ხელისუფლება ცდილობს - ის ძალაუფლების შენარჩუნებას კრემლის მხარდაჭერით ცდილობს, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იმ განცხადებებს, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისგან კეთდება დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით, სიმძაფრე დაუკარგოს.

"მაშინ, როდესაც ევროკავშირის გაფართოება 2030 წელს მოხდება და შესაძლებლობა აქვს საქართველოს, რომ ღია კარში შევიდეს, უმნიშვნელოვანესია მსჯელობა კანდიდატი ქვეყნის შესაძლებლობებისა და იმ რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამ ვითარებაში, "ქართული ოცნება" კარს უხურავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

გერმანია წამყვანი ქვეყანაა ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების კუთხით. იმ ვითარებაში, როდესაც თავდასხმები მიმდინარეობდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე, რა თქმა უნდა, რეაგირება ევროკავშირის ერთიან ფორმატშიც და ასევე დამოუკიდებლადაც იქნება. "ქართული ოცნების" პროპაგანდა, რომ ისინი ევროკავშირში ღირსებით მიდიან, ტყუილია ქართველი ხალხის წინაშე. გერმანია, დარწმუნებული ვარ, კვლავ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით მოხდება.

ჯარის დაფინანსებების შემცირებასა თუ სამხედრო სწავლებების გაუქმებას, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები გაუგებრობას უწოდებენ, ეს მხოლოდ ხაზგასმაა იმისა, რომ ისინი პროპაგანდისთვის, საფრთხის შემცველ ნებისმიერი ინფორმაციის დაკნინებას ცდილობენ. ეს ერთგვარი დეზინფორმაციის ტაქტიკაა, რომ სიმართლეს ტყუილი დაუპირისპირონ, მაგრამ უკვე ვხედავთ ამ ყველაფრის შედეგებს, როდესაც გვითხრეს, რომ პირდაპირი კონტაქტები შემცირდებოდა, ეს სახეზე იყო უკვე პრემიერის ანგარიშის მოსმენისას, როდესაც მის გამოსვლას მხოლოდ უნგრეთის ელჩი ესწრებოდა.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლის მოტყუებასაც ხელისუფლება ცდილობს.

ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას კრემლის მხარდაჭერით ცდილობს და ბრალს ევროკავშირს დებს," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩის, ჰეტერ ფიშერის განცხადებით, გერმანია საქართველოსთან დაკავშირებით ურთიერთობის გადახედვას აწარმოებს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებაში ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის. ასევე, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმა. ჩვენ გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო. ჩვენ შემდგომ მოქმედებებს განვიხილავთ"- განაცხადა პეტერ ფიშერმა.

ასევე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევროც გაყინა. ელჩის თქმითვე, ისინი საქართველოში არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და სანქციებსაც განიხილავენ, თუმცა ამ საკითხზე, ამ დროისთვის ევროპულ სტრუქტურებში ერთსულოვნება არაა.

გიორგი ანთაძე - თუ ასე გაგრძელდა, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას და სათანადო რელსებზე დაბრუნებას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, ან კიდევ სულაც წარმოუდგენლად გართულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024
რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია