ვიქტორ დოლიძე - საქართველო რჩება ნატო-ს ყველაზე ახლო პარტნიორად და ღირებულ საყრდენად როგორც რეგიონში, ასევე ევროატლანტიკური თვალსაზრისით - ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება

საქართველო რჩება ნატო-ს ყველაზე ახლო პარტნიორად და ღირებულ საყრდენად როგორც რეგიონში, ასევე ევროატლანტიკური თვალსაზრისით, ეს როგორც ნატო-მ, ასევე ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით და ეს პროცესი გაგრძელდება მომავალშიც, - ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

ელჩის თქმით, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით მომავალი ნაბიჯები და პოლიტიკური კონტექსტი.

„ზოგადად, ამგვარი მასშტაბური შეხვედრების გამოყენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ბუნებრივია. ჩვენ არასდროს არ ვკარგავთ ხოლმე ამგვარ შესაძლებლობებს. თქვენ იცით, რომ საქართველო სამიტებზე დღის წესრიგში ყოველთვის დგას მაღალ დონეზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შესაძლებლობაც არ გავუშვით ხელიდან. მინისტრს ჰქონდა საშუალება, რომ შეხვედროდა თავის კოლეგებს, ნატოელ მინისტრებს, ისევე როგორც ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის უმაღლესი დონის წარმომადგენლებს. გუშინ გვქონდა შეხვედრა ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან ჩვენს რეგიონში, ხავიერ კოლომინასთან, სადაც ვისაუბრეთ ყველა თემაზე, მათ შორის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, ამ შესაძლებლობების გამოყენებაზე, საქართველოს ე.წ SNGP- ის განვითარებაზე, რომელიც საქართველოზე მორგებული პროგრამაა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით მომავალ ნაბიჯებზე ვისაუბრეთ, ისევე რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკურ კონტექსტზე და ჩვენი მომავალი წევრობის თვალსაზრისითაც გვქონდა განხილული სხვადასხვა თემები. საქართველო არის და რჩება ნატო-ს ფუნდამენტურ პარტნიორად, ყველაზე ახლო პარტნიორად და ღირებულ საყრდენად როგორც რეგიონში, ასევე ევროატლანტიკური თვალსაზრისით. ეს როგორც ნატო-მ, ასევე ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით და ეს პროცესი გაგრძელდება მომავალშიც”, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ნატო-ში საქართველოს ელჩის თქმით, წლევანდელი ვაშინგტონის საიუბილეო სამიტის უმთავრეს საკითხებს შორის არის: რუსეთისგან მომდინარე საფრთხე, ნატო-ს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, უკრაინის მაქსიმალური დახმარება და გლობალური პარტნიორობის თვალსაზრისით ურთიერთობების გაუმჯობესება.

„საქართველოს და მინისტრს ეძლევა საშუალება, რომ პარტნიორებთან, კოლეგებთან განიხილოს ისეთი თემები, როგორიც არის მათ შორის საქართველოს ჩართულობა საერთო ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების ფარგლებში და ჩვენი როლი ძალიან დიდია და კონტრიბუცია და წვლილი არის ძალიან დიდი, მათ შორის ის მსხვერპლი, რომელიც ქვეყანამ გაიღო. ამას ყველა ერთმნიშვნელოვნად აფასებს ბუნებრივია, თუმცა ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ მხარდაჭერას ნატო-სთვის და მოკავშირეებისთვის ამ მიმართულებით და ამავე დროს, საკუთარი თავდაცვისუნარიანობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გაძლიერებას, რასთან დაკავშირებითაც როგორც მოკავშირეებში, ასევე საქართველოში ვფიქრობ, ორი აზრი არ არსებობს”, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ნატო-ში საქართველოს ელჩის თქმით, დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მართავს მასშტაბურ სადილს, სადაც მიწვეული იქნებიან პრაქტიკულად ყველა რეგიონის პარტნიორები და ილია დარჩიაშვილს ექნება შესაძლებლობა, გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებით ისაუბროს კოლეგებთან.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება