ირაკლი კობახიძე - თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერება სამწუხარო და კონტრპროდუქტიულია ურთიერთობების გადატვირთვისთვის - ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება სწორი და სამართლიანი ნაბიჯები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე, „არის სამწუხარო“.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ასეთი გადაწყვეტილებები კონტრპროდუქტიულია ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით.

„მინდა გამოვეხმაურო ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო. სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ გასული 4 წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ამ ურთიერთობების ნამდვილად გადატვირთვა სჭირდება. ამისთვის ქართული მხარე, ჩვენი ხელისუფლება, სახელმწიფო თავიდან ბოლომდე არის მზად. ასევე, ვართ შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები არის კონტრპროდუქტიული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით, თუმცა კვლავაც ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები. სწორედ, ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ჩვენ ამისათვის თავიდან ბოლომდე მზად ვართ“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადაიდო.

გარდა ამისა, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განაცხადებთ, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა. მისივე თქმით, „ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც".

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს