ჯო ბაიდენი - საჭიროა პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევა - ამერიკაში მსგავსი ძალადობის ადგილი არ არის, წერტილი

საჭიროა ჩვენს პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევა და გვახსოვდეს, რომ როდესაც არ ვეთანხმებით, ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეზობლები, ჩვენ ვართ მეგობრები, თანამშრომლები, მოქალაქეები და რაც მთავარია - ჩვენ ამერიკელები ვართ, ერთად უნდა დავდგეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომელმაც ოვალური კაბინეტიდან ამერიკელებს მიმართა.

მისი თქმით, პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შემდეგ, საჭიროა, ყველამ გადადგას ნაბიჯი უკან.

„გუშინდელი სროლა დონალდ ტრამპის შეკრებაზე პენსილვანიაში მოგვიწოდებს, გადავდგათ ნაბიჯი უკან, ავწონ-დავწონოთ სად ვართ, როგორ მივდივართ წინ აქედან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ქვეყანამ პოლიტიკური ძალადობის ნორმალიზება არ უნდა დაუშვას.

„ამერიკაში მსგავსი ძალადობის ადგილი არ არის. ნებისმიერი ძალადობის. წერტილი. არანაირი გამონაკლისი. არ შეიძლება დავუშვათ ამ ძალადობის ნორმალიზება“, - განაცხადა ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან.

მან ხაზი გაუსვა, რომ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, პოლიტიკა არ უნდა გახდეს ბრძოლის ველი.

„უთანხმოება გარდაუვალია და ამერიკული დემოკრატია ადამიანის ბუნების ნაწილია, მაგრამ პოლიტიკა არასოდეს უნდა იყოს პირდაპირი ბრძოლის ველი ან, ღმერთმა ნუ ქნას, მკვლელობის ველი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ამერიკაში უთანხმოებას საარჩევნო ყუთებთან აგვარებენ და არა ტყვიებით. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკაში ყველას ღირსეულად და პატივისცემით ეპყრობოდნენ და იქ სიძულვილის ადგილი არ არის.

„უნდა გამოვიდეთ ჩვენი სასილოსე ორმოებიდან, სადაც მხოლოდ მათ ვუსმენთ, ვისაც ვეთანხმებით და სადაც დეზინფორმაცია მძვინვარებს, სადაც უცხოელი აქტორები ანთებენ ჩვენი დაყოფის ცეცხლს, რათა შექმნან შედეგები, რომლებიც შეესაბამება არა ჩვენს, არამედ მათ ინტერესებს”, - აღნიშნა ბაიდენმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს