დავით მჟავანაძე - ძმები თალაკვაძეების ფინანსური ინტერესების სასარგებლოდ ხდება მდინარე ნატანების ხეობის აოხრება - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება ბრძოლა სასამართლოს გზით გავაგრძელოთ

ძმები თალაკვაძეების ფინანსური ინტერესების სასარგებლოდ ხდება მდინარე ნატანების ხეობის აოხრება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის პარტიის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩილ და ავთანდილ თალაკვაძეები ცდილობენ, რომ მდინარე ნატანების ხეობა საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის წყაროდ აქციონ.

როგორც დავით მჟავანაძემ აღნიშნა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, სასამართლოს გზით გააგრძელოს ბრძოლა.

„ხელში მიჭირავს საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი, „რუსულ კანონზე“ ხელის მომწერი არჩილ თალაკვაძის და მისი ძმის - ავთანდილ თალაკვაძის ფოტოები.

ამ ადამიანების ფინანსური ინტერესების სასარგებლოდ ხდება მდინარე ნატანების ხეობის აოხრება. ამ ადამიანებს ეგრეთ წოდებულ „დამლაგებლად“ ადგილზე ჰყავთ დავით გოლიაძე, რომლის ფოტოსურათი მისი საქმიანობიდან გამომდინარე, არ იძებნება. მოგეხსენებათ, დავით გოლიაძე არის სუს-ის „ოდეერი“, ის არის დამლაგებელი, როგორც „კრიმინალური სამყაროს“ წარმომადგენლებთან, ისე ადგილობრივებთან. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ მდინარე ნატანების ხეობა საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის წყაროდ აქციონ.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი მტკიცებულება, ჩვენ მოვიპოვეთ ექსპერტების დასკვნები, რომლებიც არის სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული, სადაც ცალსახად, შავით თეთრზე წერია, რომ ამ კონკრეტულ ხეობაში, ამ მასშტაბის ქვა-ღორღის ამოღება არის მიუღებელი, რადგან ეს წარმოქმნის უამრავ პრობლემას, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს გარემოს.

კონკრეტულად, პრობლემა ეხება სამ ცენტრალურ ხიდს, დაიკარგა რამდენიმე უსახელო მდინარე, ასევე, საფრთხე ექმნება სასმელი წყლის პრობლემასაც, დაიწევს წყლის დონეები - ეს ყველაფერი წერია ამ დასკვნაში. ყველა ამ მტკიცებულების შეგროვების შემდეგ, მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს და მოვითხოვეთ ამ ლიცენზიის შეჩერება, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო დადგა არა ხალხის, არამედ თალაკვაძეების მხარეს და უარი გვითხრეს ამ ლიცენზიის შეჩერებაზე.

ჩვენ არ ვაპირებთ უარი ვთქვათ ბრძოლაზე, ჩვენ კვლავ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას. სწორედ ამიტომ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება სასამართლოს გზით გავაგრძელოთ ბრძოლა.

ჩვენ უკვე მივმართეთ სასამართლოს და ამ გზით ვეცდებით სიმართლის დადგენას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ოზურგეთი, გურია არ გახდეს თალაკვაძეების სათარეშო ადგილი.

ხელთ მაქვს ბრძანება, რომელზეც უარი გვეთქვა, მაგრამ რაც არ უნდა კომიკური და ამავე დროს, სამწუხარო არ უნდა იყოს, პირველ ფურცელზე ადასტურებენ, რომ აქ შესაძლებელია მოხდეს კიდევ უფრო მეტი უსახელო მდინარის დაკარგვა, პრობლემა შეექმნებათ სასმელ წყალზე ადგილობრივებს, მაგრამ მეორე გვერდზე შავით თეთრზე წერია, რომ ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდება.

აი, ასეთ უკანონო, უსამართლო სახელმწიფოში გვიწევს ცხოვრება, სახელმწიფოში, სადაც კონკრეტული ჩინოვნიკები ნაცვლად იმისა, რომ ემსახურონ ხალხს, ცდილობენ მოირგონ კანონიც, ისარგებლონ ფუფუნებით, ემსახურონ საკუთარ თავს და დააგროვონ ბევრი ფული, მაგრამ ეს არ გაუვათ, თალაკვაძეების თარეში არ გამოვა!“ - განაცხადა დავით მჟავანაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა