ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებულად მყარი, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება იმისათვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ომის პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე:
"მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებმაც ოქტომბერში კიდევ ერთხელ უნდა თქვან გადამწყვეტი სიტყვა და დაიცვან საქართველოს ნათელი მომავალი.
გავიხსენებ 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციიდან დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის განვითარებაში პრინციპული გარდატეხა შეიტანა. 2012 წელს ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ რეჟიმი, რომლის ხელწერა იყო ადამიანების წამება, უკანონო პატიმრებით სავსე ციხეები, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება, საქართველოს ტერიტორიებზე კონტროლის დაკარგვა.
ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობის წყალობით, 2012 წელს დავამარცხეთ სისხლიანი რეჟიმი და ვფიქრობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარასოდეს განაცხადებდა პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული და წარმოადგენდნენ იმ გლობალური გავლენის მქონე ძალის აგენტურას, რომელსაც დღეს გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. სწორედ გლობალური ომის პარტიის მფარველობის შედეგია, რომ ამ ბოროტებასთან დღემდე გვიწევს ბრძოლა.
ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ 2012 წლიდან დღემდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ეს ბრძოლა 2016, 2020 და 2021 წლებშიც საქართველოს და მისი სუვერენიტეტის გამარჯვებით დასრულდა. წინასწარ დაგეგმილი მცდელობის მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მფარველებს, საბოლოოდ, სამივე შემთხვევაში არჩევნების შედეგების აღიარება მოუწიათ.
საქართველო ანალოგიური მოცემულობით ხვდება 26 ოქტომბრის არჩევნებსაც. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებშიც საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს იმ ძალებზე, რომლებიც გასული 4 წლის მანძილზე საქართველოში არეულობის შემოტანას და ქვეყნის ომში ჩათრევას გამალებით ცდილობდნენ. კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ აგენტურაზე, გაიმარჯვებს მშვიდობის პარტია ომის პარტიაზე.
კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველებისთვის ესაა ბოლო გაბრძოლება საქართველოში არეულობის შემოსატანად და მეორე ფრონტის გასახსნელად. „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოში მშვიდობის საბოლოოდ განსამტკიცებლად, გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული რადიკალიზმისა და პოლარიზაციის დასასრულებლად, სიმშვიდის, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლის შესანარჩუნებლად, ეროვნული ღირსების დასაცავად და ამ ყველაფრის შედეგად, საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესანარჩუნებლად.
წლევანდელი არჩევნები ერთი რამით არის გამორჩეული. ქართველი ამომრჩეველი არასდროს ყოფილა ასეთი გათვითცნობიერებული იმ პოლიტიკური მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში და საქართველოს გარშემო ამ წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ასეთ პირობებში, დღეს ქართველი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო მარტივია. ამ ყველაფრის შედეგიცაა, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი, რეკორდული მხარდაჭერა აქვს და მას მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი უცხადებს ნდობას.
ურთულესი გამოწვევებისა და უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, გასული 4 წლის მანძილზე, ჩვენ ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა, გავაორმაგეთ დოლარში ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამ ყველაფრის შესაძლებლობა მოგვცა სწორედ ქართული საზოგადოების თანადგომამ, რომელმაც დეზინფორმაციისა და მანიპულაციის არაერთი ტალღის მიუხედავად, შეცდომა არ დაუშვა და საქართველო იმ ტრაგედიისგან დაიცვა, რომელიც, სამწუხაროდ, უკრაინაში დატრიალდა.
ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნებსაც უშეცდომოდ ჩაატარებს და „ქართული ოცნება“ საქართველოს პარლამენტში მორიგ ჯერზე მანდატების უმრავლესობას მიიღებს. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებულად მყარი, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება იმისათვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ომის პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში; იმისათვის, რომ საქართველომ შეუქცევადად განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და მიაღწიოს ევროპული სტანდარტების კეთილდღეობას, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი პირობაა.
ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით, 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო, რაც ჩვენ ქვეყანას ორი ისტორიული რეგიონის დროებით დაკარგვად დაუჯდა. კონტროლი დავკარგეთ 125 დასახლებულ პუნქტზე, გარდაიცვალა 412 ჩვენი მოქალაქე, დაიჭრა და დასახიჩრდა 2 ათასამდე ადამიანი, ხოლო ომის შედეგად 26 000 ჩვენი თანამემამულე საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. სწორედ ამისათვის გვჭირდება ჩვენ მაქსიმალური სახალხო ლეგიტიმაცია.
დღეს, საქართველოს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი ქვეყნის გაწირვის რისკზე წავიდეს. საკმარისია გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფეიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფეიერვერკს მივიღებთ. იმისათვის, რომ ასეთი კრიტიკული არჩევანის წინაშე აღარასდროს დავდგეთ, აუცილებელია საბოლოოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა, დავასრულოთ აგენტურა, რადიკალიზმი და პოლარიზაცია, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა სწრაფი ტემპით განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას.
სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები კვლავაც არ იშლიან ფიქრს მეორე ფრონტზე, რამაც, მათი გათვლით, პირველ ფრონტზე არსებული რთული მოცემულობა უნდა შეცვალოს. სწორედ მეორე ფრონტის ლობირების შედეგია ის უპრეცედენტო ზეწოლა, რომელიც საქართველოზე უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება და უკრაინაში ომის დაწყების დღიდან განსაკუთრებულად გააქტიურდა.
გლობალური ომის პარტია სარგებლობს მნიშვნელოვანი გავლენით დღევანდელ ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაზე, რაც ქართულ საზოგადოებაში ქმნის აღქმას, რომ საქართველოს კონფლიქტი ამერიკის სახელმწიფოსთან და ევროკავშირთან აქვს. თუმცა, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ინტერესები შეიცვლება და ეს აღქმაც მყისიერად გაქრება.
გლობალური ომის პარტიის სურვილი ცხადია. რადგან დარწმუნდნენ, რომ ომში არ ჩავერთვებით და საქართველოს უკრაინის ბედის გაზიარებისთვის ვერ გავწირავთ, მათ აქვთ ბოლო მცდელობა, ხელისუფლებაში დააბრუნონ აგენტურა, უსამშობლო ადამიანების ერთობა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამ ნაბიჯს დავალების მიღებისთანავე გადადგამს. სწორედ ამიტომ ლობირებენ ისინი ძველ და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“ - სააკაშვილს, გვარამიას, ზურაბიშვილს, ხაზარაძეს, გახარიას, ბოკერიას და სხვა უსამშობლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ნებისმიერი დავალების შესრულებაზე მოაწერენ ხელს. „ან იომებთ ან წახვალთ“ - ეს არის ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს სათანადო პასუხს გასცემს.
ყველასათვის ცხადია, რომ ომში ჩართვის შემთხვევაში, საქართველო უკრაინაზე მძიმე შედეგსაც კი მიიღებს. ამ შედეგის თავიდან აცილება არის უპირველესი ამოცანა, რომელიც 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვებით საბოლოოდ გადაიჭრება.
გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც, ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო, თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება.
საქართველო თანმიმდევრულად ვითარდება, მათ შორის, ძლიერდება მისი სტრატეგიული ეკონომიკური დატვირთვა. ისტორიულად, საქართველო ერთმანეთს აკავშირებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას. ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვკვეთოთ საქართველოს როლი შუა დერეფნის პროექტში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა. ეს არის შედეგი, რომლისთვისაც „ქართული ოცნების“ გუნდი და პირადად მე წლების მანძილზე ვქმნიდით საფუძველს.
აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება არ არის ალტერნატივა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი იმ საერთო თანამშრომლობისთვის, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გაღრმავდეს. იმისათვის, რომ საქართველომ განავითაროს საკუთარი დამაკავშირებელი სავაჭრო-ეკონომიკური ფუნქცია, აუცილებელია თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ორივე მხარესთან - დასავლეთთან და აღმოსავლეთთან. დარწმუნებული ვარ, უკვე მომავალ წელს, საქართველოს ხელისუფლების ამ ძალისხმევას დასავლეთშიც დააფასებენ. დარწმუნებული ვარ, ყველა გაიაზრებს იმასაც, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებით ჩვენ, ქართულ საქმესთან ერთად, მათი საქმეც გავაკეთეთ.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და ღირსებას შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას შორის, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის საწინდარია.
მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - ეს არის ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი, რომელსაც ქართველ ამომრჩეველს „ქართული ოცნება“ სთავაზობს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.