გუშინ რასაც ვუყურებდით, ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ პანაშვიდი იყო, აღიარებითი პანაშვიდი, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალი ოფისის გახსნაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ივანიშვილის განცხადების მიზანია დაძაბულობისა და დაპირისპირების შემოტანა.
„ჩვენ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების თვითაღიარება. ისინი ესწრაფვიან დაპირისპირებას, ჩვენ ვაერთიანებთ, ჩვენთვის მთავარია ერთიანობა. საქართველოს სჭირდება ერთიანობა იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომლებიც მოქალაქეებს აქვთ. მარტივი არჩევანი გვაქვს, ივანიშვილის გზა არის დაპირისპირება, ძალადობა ქართველ ხალხზე, ჩვენი არჩევანია ერთიანობა და ლოგოც კი გვაქვს ერთიანობის. ივანიშვილის განცხადება არის დაძაბულობისა და დაპირისპირების შემოტანა. ქრისტიანული მარტივი ფორმულა იცით - ბოროტი ყოფს, კეთილი აერთიანებს. დიახ, ბიძინა ივანიშვილი ყოფს, ჩვენ ვაერთიანებთ. 12 წლის თავზე მოდიხარ და კვლავ ძალადობასა და რეპრესიებს აანონსებდე, ეს არის ნონსენსი და ამას საქართველოს მოქალაქეები საკადრის პასუხს გასცემენ. გუშინ რასაც ვუყურებდით, ფაქტობრივად იყო ქართული ოცნების“ პანაშვიდი, აღიარებითი პანაშვიდი იყო.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, მონობასა და ღირსებას, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის, შესაბამისად, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს დაუჭერს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა.
გარდა ამისა, მისი თქმით, ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს.