ანა დოლიძე - ახლა არ არის დრო, ვეძებოთ ავთანდილი, ტარიელი, როსტევანი, ნესტან-დარეჯანი ან სხვა სრულყოფილი ადამიანები, დღეს ძალიან სერიოზული საქმე გვაქვს ყველას - შევცვალოთ ხელისუფლება

ზუსტად სამი თვის წინ, რიყეზე შეკრებილმა 300 ათასმა ადამიანმა პოლიტიკოსებს მოგვცეს ერთი დავალება - შეცვალეთ ხელისუფლება - დღეს ჩვენ, ვინც აქ ვართ, გადავდგით ერთი ნაბიჯი ამ დავალების შესასრულებლად, ეს ნაბიჯია ძალების გაერთიანება, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალ გაერთიანებაში შეიძლება რაღაც საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა იყოს, მაგრამ ეს არა თუ პრობლემა, არამედ ქართული კულტურის სიძლიერეა.

„ზუსტად სამი თვის წინ, აქ, რიყეზე შეკრებილმა 300 ათასმა ადამიანმა და მათმა ოჯახებმა, პოლიტიკოსებს მოგვცეს ერთი დავალება - შეცვალეთ ხელისუფლება იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს საბოლოო დეოკუპაცია და განხორციელდეს ქართველი ხალხის გეოპოლიტიკური არჩევანი. ეს დავალება ასი წლის წინ გასცა ჩვენმა ბოლშევიკებისგან ნაწამებმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ამბროსი ხელაიამ, როცა მან მიმართა თავის წერილში საერთაშორისო საზოგადოებას და უთხრა, ორი რამ გვინდა: საქართველოს დეოკუპაცია და ის, რომ მოგვეცეს ქართველებს საშუალება ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. მაშინაც და დღესაც, ერის არჩევანი იყო ევროპა. დღეს ჩვენ, ვინც აქ ვართ, გადავდგით ერთი ნაბიჯი ამ დავალების შესასრულებლად, ეს ნაბიჯია ძალების გაერთიანება იმისათვის, რომ ეს ამოცანა განხორციელდეს.

ყველამ, ვინც აქ ვართ, შეიძლება რაღაც დავთმეთ, პიროვნული გემოვნება გვერდზე გადავდეთ, მაგრამ ახლა არ არის დრო, ჩვენ ვეძებოთ ავთანდილი, ტარიელი, როსტევანი, ნესტან-დარეჯანი ან ვიღაც სრულყოფილი ადამიანები, დღეს ძალიან სერიოზული საქმე გვაქვს ყველას გასაკეთებელი. ჩვენ ვართ განსხვავებულები, შეიძლება რაღაც საკითხებში აზრთა სხვადასხვაობაა, ეს აზრთა სხვადასხვაობა გამოვლინდება, მაგრამ ეს სხვადასხვაობა არის ჩვენი ტრადიციების და ჩვენი კულტურის სიძლიერე“ , - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, პარტია "ლელო" ანა დოლიძის პარტიასთან "ხალხისთვის" და მოძრაობასთან "თავისუფლების მოედანი" საარჩევნოდ გაერთიანდა.

ოპოზიციური ერთობის პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ