გიორგი გაბიტაშვილი - 2022-2024 წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ფულის გათეთრების დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების და დევნის უზრუნველსაყოფად

2022-2024 წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ფულის გათეთრების დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების და დევნის უზრუნველსაყოფად. კერძოდ: შემუშავდა პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოების და ვირტუალური აქტივების ამოღების შესახებ სახელმძღვანელოები. ამ დანაშაულებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების პრაქტიკაში ეფექტურად განხორციელების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომელთა გადამზადება, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გაბიტაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, კერძოდ გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური ლიცენზირებული პროგრამით და საჭირო ტექნიკით აღჭურვილი ციფრული ლაბორატორია, დაინერგა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკა.

როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებას და გენერალურ პროკურატურაში შექმნილია ფულის გათეთრების დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.

„განხორციელებულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ფულის გათეთრების დანაშაულზე გამოძიების დაწყების და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებლები, კერძოდ 2021-2023 წლებში, ფულის გათეთრების ფაქტებზე, დევნა დაიწყო 316 პირის, მათ შორის - 253 ფიზიკური და 63 იურიდიული პირის მიმართ. ამავე პერიოდში, ფულის გათეთრების დანაშაულებზე გამოტანილი განაჩენებით ჩამორთმეულია დაახლოებით, 95 მილიონი ლარის ღირებულების ვირტუალური აქტივები, უძრავი ქონება და ავტომანქანები“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, მომავალში განხორციელდება ფულის გათეთრების დანაშაულის სექტორული ანალიზი, დაიდენტიფიცირდება მოწყვლადი სექტორები და უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფორმატში, შემუშავდება ერთიანი სტრატეგია ეფექტური ნაბიჯების გადასადგმელად.

„მნიშვნელოვანია ამოღებული ან/და დაყადაღებული აქტივების მართვის შესაბამისი სამსახურის შექმნა. მნიშვნელოვანია გამომძიებლებისა და პროკურორების გადამზადება იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნის, ექვივალენტური ღირებულების აქტივებისა და დანაშაულის იარაღის კონფისკაციის საკითხებთან დაკავშირებით. ეს ღონისძიებები უფრო ეფექტიანს გახდის პარალელურ ფინანსურ გამოძიებას“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა

როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა თქვა, ცალკეული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და განხორციელებული რეფორმები ვერ იქნებოდა შედეგიანი საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობის გარეშე.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად