საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათი ცნობით, 2023-2024 სასწავლო წელს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ტრანსპორტის, სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, ლოგისტიკის, საკვები პროდუქტების გადამუშავებისა და სამაცივრო ტექნოლოგიის, სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის, ასევე, საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები, საერთო ჯამში, 88 ახალგაზრდამ დაამთავრა.

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ასპარეზზე გასვლა დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ბორის გითოლენდიამ მიულოცა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.

„სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერია სახელმწიფოში ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც ინდუსტრიის რევოლუციონირებას ახდენს. ეს უმნიშვნელოვანესი დარგი მოითხოვს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებს. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი 1928 წლიდან ზრდის სპეციალისტებს. დღეს ფაკულტეტზე ხორციელდება, საქართველოსა და ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული, მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის ისეთი, რომელთაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია და რაც მთავარია, ფაკულტეტი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადებას. ქართულ პროგრამებთან ერთად, ფაკულტეტზე, ასევე ხორციელდება მექანიკის ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელზეც უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც სწავლობენ. დაარსებიდან დღემდე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი დაამთავრა საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვადასხვა თაობის არაერთმა წარმომადგენელმა, რომლებიც მოღვაწეობდნენ და დღესაც მოღვაწეობენ სხვადასხვა დარგში როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. ვამაყობთ ჩვენი სტუდენტებითა და კურსდამთავრებულებით. მიგვაჩნია, რომ ფაკულტეტი ღირსეულად აგრძელებს იმ მეცნიერთა გაკვალულ გზას, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ მნიშვნელოვან მიმართულებას. სასიხარულოა, რომ 2023-2024 სასწავლო წლების 88 კურსდამთავრებული სამომავლოდ კარიერულ წინსვლას პროფესიისა და მეცნიერების მიმართულებით გეგმავს”, - განაცხადა ბორის გითოლენდიამ.

სტუ-ის ინფორმაციით, კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიების დასასრულს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორმა ბიზნესორგანიზაციებმა ერთობლივი „პრომო გამოფენა“ მოაწყვეს, რომელზეც კურსდამთავრებულთა დასაქმების მიზნით, მოქმედი ვაკანსიები წარმოადგინეს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება