„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საარჩევნო და პოლიტიკურ აქტორებთან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან ხანგრძლივი ურთიერთობის გათვალისწინებით, IRI-ის 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, საარჩევნო ოლქებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფარავს.
მათივე ინფორმაციით, საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა მხარე ღიაა ქვეყანაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ყოფნისთვის.
„დამკვირვებლები თავიანთ საქმიანობას შეუდგებიან საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. ეს მისიას საშუალებას მისცემს უკეთ გაიგოს ამ არჩევნების კონტექსტი, ხოლო პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებთან ერთობლივი ძალისხმევით, მხარი დაუჭიროს ინკლუზიურ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს“, - განაცხადა IRI-ის ევრაზიის დივიზიის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.
ორგანიზაციის ცნობით, ეს არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მომენტი იქნება.
„გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო პროცესის საჭიროება, რომელიც მოქალაქეებს მრავალფეროვან არჩევანს მისცემს, წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემულ 9 დათქმიდან ერთ-ერთს, რომელიც ქვეყანამ 2023 წლის ბოლოს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ მიიღო,” - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, როგორც ნიქსმა განაცხადა, საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა აქვს საარჩევნო გამჭვირვალობას პრიორიტეტი მიანიჭოს და უზრუნველყოს რომ საქართველოში სანდო, ყველანაირი ზეწოლისა და ფიზიკური დაბრკოლებებისგან თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს არჩევნები იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიული გზისთვის”, - განაცხადა ნიქსმა.
ცნობისთვის, IRI-ის სადამკვირვებლო მისია საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის შესაბამისად წარმართავს. დაკვირვების შედეგად გაცემული რეკომენდაციები და მიგნებები დაეყრდნობა საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებს და იმ ვალდებულებებს, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები ქცევის კოდექსის ფარგლებში აღიარებენ. “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ 20 წელზე მეტია საქართველოში მხარს უჭერს პოლიტიკური, საარჩევნო და სამოქალაქო მიმართულებების აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას შინაარსზე დაფუძნებული პლატფორმისა და გზავნილების შემუშავებაში, მოწყვლადი ჯგუფების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ხელშეწყობას, მეთოდოლოგიურად გამართულ და ხარისხიან კვლევებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის პროცესის წახალისებას.