ჯაბა სამუშიამ ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორთან ზაზა ფურცელაძესთან ერთად თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

თსუ-ს ინფორმაციით, ხელშეკრულების ფარგლებში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებისთვის ბრიტანელი ექსპერტები პროფესიული გადამზადების კუთხით უფასო ტრენინგ-კურსს წაიკითხავენ.

„მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაძლიეროთ ენობრივი კომპონენტი და ხელი შევუწყოთ ჩვენს სტუდენტებს, იყვნენ კონკურენტუნარიანნი ევროპულ ბაზარზე. ვიმედოვნებ, შემდგომი თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმება პედაგოგების გადამზადებაც სწავლების თანამედროვე მეთოდების მიმართულებით“,- აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

„ჩვენთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თსუ ენების ცენტრთან თანამშრომლობა არის უმნიშვნელოვანესი. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი იქნება წარმატებული და ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ინგლისური ენა არ არის ჩვენი ერთადერთი პრიორიტეტი, ჩვენ ასევე ვმუშაობთ ტრანსნაციონალური განათლების მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც ქართული და ბრიტანული უნივერსიტეტები განახორციელებენ ერთობლივ პროგრამებს. ვიმედოვნებთ, ჩვენი თანამშრომლობა ამ პროექტის ფარგლებში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ.

თსუ-ისა და ბრიტანეთის საბჭოს შორის თანამშრომლობა თსუ ენების ცენტრის ინიციატივით ხორციელდება. ტრენინგი გათვალისწინებულია სტუდენტებისთვის, რომლებიც გეგმავენ ინგლისური ენის მასწავლებლობას. ონლაინ ტრენინგს ჩაატარებენ ბრიტანელი ექსპერტები, ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლების ხელშეწყობით. ონლაინ ტრენინგ-კურსი შეიცავს როგორც დამოუკიდებლად გასაკეთებელ მოდულებს, ისე ინტერაქციას კურსის ბრიტანელ მენტორთან, ადგილობრივ ფასილიტატორებთან და კურსის სხვა მონაწილეებთან.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა