გიორგი მსხილაძე - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტის შეჩერება პრეზიდენტის უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევაა - დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას და  ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოვუწოდებთ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტის შეჩერება პრეზიდენტის უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევაა - დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოვუწოდებთ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გაუგონარი რამ ხდება, რაც ქვეყნის ტრაგედიაა და არავის აქვს უფლება, დემოკრატიულად, ხალხის მიერ არჩეულ სახელმწიფოს მეთაურს მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილება წაართვას.

"საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა. ამჯერად უკვე საქართველოს სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი, მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აქვს სრული უფლებამოსილება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

პირველი, თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ; მეორე, ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა; მესამე, ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა, მიუღებელია საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის.

დღეს გაუგონარი რამ ხდება. ეს უკვე მთლიანად ქვეყნის ტრაგედიაა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავის აქვს უფლება, დემოკრატიულად, ხალხის მიერ არჩეულ სახელმწიფოს მეთაურს წაართვას მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილება.

მივმართავთ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო/ოდირს, რომლის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესს, ეს იყო გამჭვირვალე პროცესი. მივმართავთ და მოვუწოდებთ ყველას, აღნიშნულ საკითხზე მოახდინონ სათანადო რეაგირება“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ და დასძინა:

"საზოგადოებას შევახსენებ, რომ მოსარჩელემ სასამართლოს დღეს, 22 ივლისს მიმართა. სასამართლომ სარჩელი დღეს, 22 ივლისსვე დააკმაყოფილა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადდანიშნული წევრი უფლებამოსილებას ხვალ, 23 ივლისს უნდა შესდგომოდა".

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მ. კ-ს სარჩელი გახდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს