კახა წიქარიშვილი - ვიცით, „კლანი“ როგორ კეტავს სასამართლოში შესასვლელ გზებს, მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია და ორჯერ მეტს მოვიპოვებდი იუსტიციის საბჭოს წევრობის მეშვეობით - ჩაკეტეს ყველაფერი

მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია და ორჯერ მეტს კიდევ მოვიპოვებდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მეშვეობით, ისეთ ინფორმაციას, რომელიც რიგითი მოქალაქისთვის მიუწვდომელია, - ამის შესახებ კახა წიქარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

წიქარიშვილის შეფასებით, სასამართლო „კლანი“ არ დაუშვებდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისეთ წევრს, რომელიც სწორედ მას ებრძვის და საბჭოში მისი დანიშვნის პროცესიც სწორედ ამიტომ შეაჩერეს.

„ჩვენ ვიცით, კლანი როგორ კეტავს სასამართლოში შესასვლელ გზებს. დღეს თუ ვნახავთ, მოსამართლეები როგორ ინიშნებიან, 90% ინიშნება თანაშემწე-მდივნებიდან. ადვოკატებისა და სხვა პროფესიის ადამიანების შესვლა სასამართლოში თითქმის შეუძლებელია. 90% ინიშნება შიდა კადრი და იქაც, ყველა თანაშემწესა და მდივანს არ შეუძლია, გახდეს მოსამართლე, იქაც სჭირდება ჩაწყობა.

ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარიგება დადო რამდენიმე ოპოზიციონერთან, რათა შეეყვანა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ის ხუთი წევრი, რომელიც შეიყვანა. დარჩა ეს ერთი ადგილი და ამ ადგილს რა უნდა შეეცვალა ისეთი, არანაირი ბერკეტი არ აქვს, მაგრამ, ალბათ, ეს ერთი წევრი აღმოჩნდა საშიში იმიტომ, რომ ეს წევრი ვიქნებოდი მე, რომელსაც მაქვს გამოცდილება ამ კლანთან ბრძოლის, მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია და ორჯერ მეტს კიდევ მოვიპოვებდი ამ წევრობის მეშვეობით. საბჭოს წევრს ისეთ წყაროებთან და ისეთ ინფორმაციასთან აქვს წვდომა, რომელიც რიგით მოქალაქეს არ აქვს. ჯერ ერთი, საჯარო ინფორმაციას აღარ გასცემენ. ძალიან ელემენტარული რაღაც რომ ითხოვო საბჭოდან, მაგალითად, რამდენი მოსამართლეა გორის სასამართლოში ან რამდენი მოსამართლე მუშაობს კომერციულ პალატაში, ამ ინფორმაციასაც კი არ გაძლევენ. სხდომაზე დამკვირვებლებსაც არ ასწრებენ, სხდომების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ, იმდენად ჩაკეტეს ყველაფერი.

მივმართავ მანუჩარ კაკოჩაშვილს - თქვენ, რომელმაც შეიტანეთ ეს საჩივარი და გააჩერეთ ჩემი დანიშვნის პროცესი, რა იცით სასამართლოში არსებული კლანის შესახებ? ხართ სისხლის სამართლის საქმეების ადვოკატი, თუ იცით, რატომ გაქრა გამამართლებელი განაჩენი? იმიტომ, რომ სასამართლოში არის კლანი, რომელიც ყველა საქმეს ზედამხედველობას უწევდა და თუ მოსამართლეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა უნდოდა, იცით სად უნდა მისულიყო? - კლანთან, რომელთანაც შეათანხმებდა თავის განაჩენს. კლანი კი არ აძლევდა მოსამართლეებს უფლებას, გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა. ურჩი მოსამართლეები რომ გადაჰყავდათ ერთი სასამართლოდან მეორეში და დისციპლინური წესით რომ სჯიდნენ, მთელი სისტემა დამონებული რომ ჰყავდათ, იცით ვისი ხელით ხდებოდა? - ეს იყო კლანი. ზურაბ ადეიშვილი რომ მართავდა სასამართლო სისტემას, მართავდა მიხეილ ჩინჩალაძის ხელით. ის დავალებას აძლევდა ჩინჩალაძეს, ჩინჩალაძე - ირაკლი შენგელიას და ა.შ.“ - განაცხადა წიქარიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მ. კ-ს სარჩელი გახდა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის