ჯოშუა ჰაკი - “უცხოური გავლენების” კანონი ანტიდემოკრატიული გადახვევის სიმბოლოა - ბოლო თვეებში სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა დონეზე იყო ჩართული, რათა ნათლად ეთქვა მთავრობისთვის, რომ არასწორი მიმართულებით მიემართებოდა

ბოლო თვეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა დონეზე იყო ჩართული, რათა ნათლად ეთქვა საქართველოს მთავრობისთვის, რომ ის არასწორი მიმართულებით მიემართებოდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯოშუა ჰაკმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

ჰაკის თქმით, საქართველოს მთავრობა მკვეთრად უხვევს ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიიდან, “უცხოური გავლენების” კანონი კი ანტიდემოკრატიული გადახვევის სიმბოლოა.

“ეს მოსმენა უკიდურესად მნიშვნელოვან დროს ტარდება, როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ასევე, საქართველოს სამომავლო დემოკრატიისთვისაც.

საქართველოს მთავრობა მკვეთრად უხვევს ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიიდან და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და აშშ-სთან ურთიერთობებს რისკის ქვეშ აყენებს. მან მიიღო არადემოკრატიული კანონპროექტები, სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება მოახდინა, დეზინფორმაცია და რიტორიკული თავდასხმები დაიწყო აშშ-სა და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს.

“უცხოური გავლენების” კანონი, რომელიც მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” 28 მაისს მიიღო, ამ ანტიდემოკრატიული გადახვევის სიმბოლოა. ეს კანონი, რომელიც რუსეთში მიღებული კანონის ანარეკლია, შექმნილია კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად, დამოუკიდებელი არასამთავრობო აქტივისტებისა და ჟურნალისტების “გაშავებისთვის” და საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების შიშით დამორჩილებისთვის.

ბოლო თვეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა დონეზე იყო ჩართული, რათა ქართველი ხალხისთვის ნათელი გაეხადა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მათი დემოკრატიული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, ამავდროულად ნათლად ვეუბნებოდით საქართველოს მთავრობას, რომ ის არასწორი მიმართულებით მიემართებოდა”, - განაცხადა ჰაკმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს