ჩემთვის საინტერესოა „ახალი“, „გირჩი“ და „დროა“, ამ ალიანსთან საუბარი და ორმხრივი კონსულტაციები დაწყებულია, - ამის
შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ პარტიების მოლაპარაკება საკმარისი არ არის, აუცილებელია, წინასაარჩევნო კამპანიაში დამოუკიდებელი დეპუტატებიც აქტიურად ჩაერთონ.
„ჯერ კიდევ მაშინ, როცა „ლელოს“, „გირჩს“, „დროასა“ და „ახალს“ შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, გამოვხატე ჩემი პოზიცია, რომ ეს ცენტრი იქნებოდა ჩემთვის საინტერესო, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლისთვის, სხვადასხვა მიზეზების გამო, გარდა იმისა, რომ „ალდეს“ წევრები ვართ და მარტივია ჩვენთვის ურთიერთობა იდეების თვალსაზრისით. გული დამწყდა, რომ „ლელომ“ და ამ ჯგუფმა ვერ მოახერხა, ბოლომდე მიეყვანათ ეს მოლაპარაკებები. მე ვისურვებდი, რომ მაინც ყოფილიყო სამი ძირითადი ცენტრი და არც ერთს ჰქონოდა ბარიერის გადალახვის პრობლემა. ეს მოლაპარაკებები არ შედგა და მე ისევ დავრჩი ჩემი პოზიციის ერთგული, რომ ჩემთვის საინტერესოა „ახალი“, „გირჩი“ და „დროა“, ამ ალიანსთან საუბარი და ორმხრივი კონსულტაციები დაწყებულია. ვსაუბრობთ შესაძლებლობებზე, კამპანიაზე... რაღაც კონტურები უკვე გამოკვეთილია, თუმცა, როგორც კი ბოლომდე მივა ეს მოლაპარაკებები და თუ შევთანხმდებით, რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ კრიტიკულ მომენტში ფრაგმენტირება აღარ ხდება პრობლემა, თუმცა, ჯერ კიდევ ფრაგმენტირებულია ოპოზიცია, არ არის მხოლოდ საკმარისი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოილაპარაკონ, არიან ინდივიდები, მათ შორის, დამოუკიდებელი დეპუტატები. ვფიქრობ, რომ მათი აქტიურობა და ჩართვა წინასაარჩევნო კამპანიაში არის ძალიან უმნიშვნელოვანესი, რადგან მათ თავიანთი სიტყვა ამ ხნის განმავლობაში უკვე ნათქვამი აქვთ.
ამ ოთხ ოპოზიციურ ცენტრს, რომელიც ახლა ამ მოვლენების გარშემო შეიქმნა, ვფიქრობ, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა არც ერთს არ ექნება. ყველა ცენტრისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ კიდევ უფრო გამსხვილდნენ“ , - განაცხადა სამნიძემ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიასა და მის გზავნილებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რითაც საზოგადოების ემოციებზე თამაშობენ.
„მთავარი საკითხია, რომ სწორად დავინახოთ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ეს არის ბოდვა, გაგიჟდნენ და ა.შ. ეს ასე არ არის, ეს არის მიზანმიმართული, ძალიან კარგად დაგეგმილი კამპანია. რაც არ უნდა ჰგავდეს ეს რუსულ პროპაგანდასა და რუსულ გზას, არჩევნების წინ როგორ შეიძლება დააშინო შენი საზოგადოება, ისინი იყენებენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სენტიმენტებს, ემოციებს და ამაზე თამაშობს „ქართული ოცნება“. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მაქსიმალური სიმართლე და რიგ მესიჯებში უნდა იყოს სერიოზული კოორდინაცია.
როდესაც „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს მშვიდობასა და ომზე, ეს არის მისი მთავარი გზავნილი და ვერაფერს სთავაზობს საზოგადოებას, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ ვილაპარაკოთ, რა ელის ქვეყანას, თუ გაგრძელდა და დავკარგეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომელთანაც დაკავშირებულია უსაფრთხოება და კეთილდღეობა უკვე 30 წელზე მეტია. ეს იცის ქართულმა საზოგადოებამ, მაგრამ როდესაც მუდმივად ესმის პროპაგანდა და მუდმივად თამაშობენ მის შიშებსა და ემოციებზე... ჩვენთან ომი არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა, რომ არ გვახსოვდეს ეს ტკივილი“ , - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.