თენგიზ ნასარიძე - ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა და ხარისხობრივი მაჩვენებლები, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ, ხორბლის მოსავლის აღების, დაბინავების და რეალიზაციის საკითხები ხორბლის მოსავლის დაბინავების მიმართულებით შექმნილი შტაბის წევრებთან და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება საჰექტარო მოსავლიანობის ზრდაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ წელს, რაოდენობასთან ერთად, ხორბლის ხარისხიც მაღალია. აღნიშნულის შეახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„სამინისტროს შესაბამის სამსახურებს მუდმივ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია დარგის წარმომადგენლებთან და იღებენ დეტალურ ინფორმაციას როგორც აღებული, ასევე რეალიზებული მოსავლის შესახებ. წელს, შარშანდელთან შედარებით, ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა გაცილებით მაღალია, უკეთესია ხარისხიც და შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით, ფასიც მეტია. დღეის მდგომარეობით, კახეთში ხორბლის მოსავლის აღება სრულდება და პროცესი უკვე სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ფერმერებთან და თუ, მათი მხრიდან იქნება მოთხოვნა, მზად ვართ, ჩვენი ტექნიკით, ჩავერთოთ მოსავლის აღების პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ წელს ხორბლის აღების პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ვფიქრობ, წარმატებით დასრულდება“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ ხორბლის მოსავლის აღების პროცესის მართვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილმა ხორბლის მოსავლის დაბინავების საკოორდინაციო შტაბმა პროცესის ორგანიზებულად წარმართვა და ფერმერებისთვის პროცედურების გამარტივება უზრუნველყო.

შეხვედრაზე პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ პურ-პროდუქტების მიმართულებით ქვეყანაში სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებაზე ისაუბრა.

„გასულ წლებთან შედარებით, წელს სიტუაცია უკეთესია. ხორბლის მოსავალი, ჰექტარზე, საშუალოდ, 3.5 ტონა ფიქსირდება, რაც კარგი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ რაოდენობასთან ერთად გაზრდილია ხარისხობრივი მაჩვენებლებიც და შესაბამისად, მაღალი ხარისხის ქართული ფქვილი გვექნება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, პურ-პროდუქტების მიმართულებით, ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდება“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ხორბლის მწარმოებელი ფერმერები, წისქვილკომბინატების და ხორბლის მოსავლის დაბინავების საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში ჩართული შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის