მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაში (COSAC) მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბუდაპეშტში ევროკავშირის უნგრეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს სწრაფვაზე ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.

„რუსული ოკუპაციის და საქართველოს ორ რეგიონში მისი უკანონო სამხედრო ყოფნის პირობებში, უსაფრთხოების ქოლგის გარეშე გაზრდილ საფრთხეებთან გამკლავება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობა შორეულ ოცნებად არ დარჩეს საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეალობად იქცეს ახლო მომავალში", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან ყურადღება გაამახვილა კანდიდატ ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა პროცესის შეუფერხებლად წარმართვის აუცილებლობას საქართველოსთან მიმართებაში:

,,საქართველო გასული წლის დეკემბრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მადლობელი ვართ ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებისთვის. თუმცა, სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან განსხვავებით ჯერ კიდევ ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯები, დავიწყოთ დიალოგი მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი საერთო ინტერესების მისაღწევად და ევროკავშირის გაფართოების წარმატებისთვის, რაც ასევე მნიშვნელოვანია ევროპულ უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროკავშირის გაფართოების საკითხზე გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღო სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა პიტერ სტარაიმ.

COSAC-ის თავმჯდომარეთა შეხვედრაში, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა - უნგრეთი მასპინძლობს ქ. ბუდაპეშტში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები და ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრას უძღვებოდა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ზოლტან ტეშეი. ევროკავშირის უნგრეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები შეხვედრის მონაწილეებს უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა იანოს ბოკამ გააცნო.

კონფერენციის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს