თეონა აქუბარდია - საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დანიამაც დაიწყო, შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი აქტივობები, მათ შორის ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა, რომლის ბიუჯეტიც 71, 5 მილიონ კრონას შეადგენდა

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დანიამ დაიწყო - დანიამ შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი აქტივობები, ახალი პროგრამების მხარდაჭერა და ასევე, ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა, რაც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 71, 5 მილიონ დანიურ კრონას შეადგენდა, - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა გააკეთა.

როგორც აქუბარდიამ განმარტა, ამის თაობაზე საუბარია მისი წერილის პასუხად, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წერილში.

აქუბარდიას თქმით, წერილის თანახმად, დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რაც არის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველი დანიასა და საქართველოს შორის.

"მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" მიუხედავად საკუთარი ხალხის წინააღმდეგობის და დასავლელი მეგობრების მოწოდებებისა, რუსული კანონი მიიღო, შედეგად ქვეყანას დაეხურა კარი ევროკავშირის და ნატოს წევრობისკენ, რაც ჩვენი კონსტიტუციის 78-მუხლით გარანტირებულ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს. მეტიც, მნიშვნელოვნად დაზიანდა ასევე კონსტიტუციის 70-ე მუხლით განსაზღვრული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რამდენადაც აშშ-მ გადახედა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და გააუქმა მრავალეროვანი სამხედრო სწავლება ღირსეული პარტნიორი. ამას მოჰყვა ევროკავშირის მხრიდან ევროპის მშვიდობის ფონდიდან 30 მილიონი ევროს გაყინვა, ისევე როგორც საფრანგეთის და გერმანიის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ განაცხადი. შედეგად კი მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა ჩვენმა ჯარმა, როგორც რეპუტაციულად, ასევე მატერიალურად.

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული პასუხით ჩემს წერილზე ირკვევა, რომ დანიამ საქართველოსთან ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი რიგი აქტივობები და ახალი პროგრამების მხარდაჭერა. დანიამ ასევე შეაჩერა

ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 71, 5 მილიონ დანიურ კრონას შეადგენდა.

შესაბამისად, მმართველმა პარტიამ უკვე საგრძნობლად დააზიანა როგორც ჩვენი დემოკრატიული განვითარება, ნატოსა და ევროკავშირში წევრობის გზა, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.

რაც არ უნდა გაუგებრობად გაყიდოს ეს თავდაცვის მინისტრმა, ძალიან მკაფიო და გასაგებია მოწოდებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, რომ საერთო ღირებულებებისგან და ევროატლანტიკური გზიდან გადახვევა ქმნის ამ მოცემულობას, რაც ბუნებრივია, რუსულ კანონს და ანტიდასავლურ რიტორიკას უკავშირდება.

ბუნებრივია, აღნიშნული ინფორმაცია ცნობილია მთავრობისთვის, თუმცა ფაქტია, რომ ისინი საკუთარ ხალხს უმალავენ ინფორმაციას, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს ქვეყნის სუვერენიტეტი და თავდაცვისუნარიანობა.

ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამ სიმძიმით დაზიანებაზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, მის მთავრობას და მორჩილ უმრავლესობას, რომელიც ვერც კი ბედავს უპასუხოს ქართულ ჯარს, რატომ ჩააყენა ასეთ მძიმე მდგომარეობაში ქვეყანა", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის