თამაზ ტყემალაძისადმი მიძღვნილი „ქართული სულის“ ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

29 ივლისს, ხელოვნების ფესტივალ „ქართული სულის“ ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ცნობილ ლიტერატორს, პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს, თამაზ ტყემალაძეს მიეძღვნა. ღონისძიება, სიმბოლურად, მის დაბადების დღეზე გაიმართა.

თამაზ ტყემალაძეს 75 წელი შეუსრულდებოდა. პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა. ღონისძიებას თამაზ ტყემალაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ. ალბომმა ფესტივალის არქივიდან მოპოვებული ფოტოები და ჩანაწერები გააერთიანა. ის KTW ჯგუფის მხარდაჭერით გამოიცა. „ფესტივალი „ქართული სული“ თბილისიდან დაიწყო და მალე მთელი საქართველო მოიცვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს სჭირდება ის, რისთვისაც ეს ფესტივალი დაარსდა - მომავლის იმედი“. - ეს სიტყვები თამაზ ტყემალაძეს ეკუთვნის.

ის ფესტივალ „ქართული სულის“ საორგანიზაციო საბჭოს წევრი და სადღესასწაულო ღონისძიებების წამყვანი იყო.

„თამაზ ტყემალაძე ჩემი მასწავლებელი და უფროსი მეგობარი იყო. ის, როგორც პატრიოტი და ქვეყნის ერთგული კაცი, თავისი საქმიანობით ჩვენი ქვეყნის მემატიანე გახლდათ. რუსთაველის სიტყვებით რომ ვთქვათ, „მაჯაშისა შემტყვებარი“ იყო, ზუსტად იცოდა, სად უჭირდა ან ულხინდა ხალხს, სიღრმისეულად იცნობდა საქართველოს ისტორიას, მწერლობას და, საერთოდ, კულტურას. სწორედ ქართული იდენტობის გარკვევა-დაფუძნება წარმოადგენდა ფესტივალის მიზანს, რომლის ისტორიის სათავეებთან იდგა თამაზ ტყემალაძე. ეს ალბომი მის ნათელ ხსოვნას ეძღვნება,“ - პრეზენტაციაზე აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ, KTW ჯგუფის დამფუძნებელმა. „ქართული სული“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტარდება.

ფესტივალის ისტორია 2002 წლის გაზაფხულიდან იწყება. თავდაპირველად ეს იყო მიძღვნითი ზეიმები და დღესასწაულები, რომლებიც საიუბილეო თარიღებს ემთხვეოდა. მოგვიანებით, ღონისძიებები ჩვეულ კულტურულ გარემოს გასცდა და მთელი საქართველო მოიცვა. 2007 წლიდან დაწესდა „ქართული სულის“ სპეციალური ჯილდო და ოქროს მედალი, რომლითაც ფესტივალმა დააჯილდოვა კულტურის გამორჩეული მოღვაწეები და ანსამბლები, მწერლები და მხატვრები, მუსიკოსები და ქორეოგრაფები. ჯილდოსთან ერთად ლაურეატებს ფულადი პრიზიც გადაეცემოდათ.

„ქართული სულის“ ფესტივალის მიზანიც ხომ ეს არის - მიანიჭოს ადამიანებს სიხარული, გააერთიანოს ისინი სიყვარულში“. - თამაზ ტყემალაძე, 2018 წელი.

(R)

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება