ჯაბა სამუშიამ თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, 102 წლის წინ საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ეკონომიკური მეცნიერების სწავლებას.

მათივე ცნობით, ამ თარიღს მიეძღვნა ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

ინფორმაციის მიხედვით, კონფერენციაზე, თსუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი ავთანდილ სილაგაძე, ნაყოფიერი სამეცნიერო და საუნივერსიტეტო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, ივანე ჯავახიშვილის მედლით დაჯილდოვდა.

„ძალიან დიდი შრომაა საჭირო იმისათვის, რომ ისეთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანო მეცნიერების განვითარებაში, როგორიც ბატონმა ავთანდილმა შეიტანა. აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი უმნიშვნელოვანესი წიგნები, რომელიც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო საჭირო და ღირებული გახდება ახალი თაობებისათვის. ამიტომაც ძალიან გვინდა, რომ ჩვენ ეს ღვაწლი დავაფასოთ, გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დავაჯილდოოთ ავთანდილი საპატიო ჯილდოთი“, -აღნიშნა თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, საუნივერსიტეტო სივრცეში განხორციელებული საქმეები და გამოცდილება გაიხსენა, აკადემიკოსმა ავთანდილ სილაგაძემ, ისაუბრა იმ წლების მნიშვნელობაზე, რომელიც უნივერსიტეტთან აკავშირებს, მადლობა გადაუხადა ფაკულტეტს და უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი ჯილდოსთვის.

„ჩემთვის თქვენ მიერ გადმოცემული ჯილდო არის უდიდესი მნიშვნელობის. დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის, რომ უნივერსიტეტში ჩემი საქმიანობის პერიოდში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას და თანამშრომლობას ვგრძნობ. უფრო დიდი მოტივაციით, სიხარულით და ენერგიით გავაგრძელებ ჩემს საუნივერსიტეტო საქმიანობას“, - განაცხადა ავთანდილ სილაგაძემ.

ინფორმაციის თანახმად, კონფერენციის შემდგომ, ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, დილიდან შეიკრიბა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები. უნივერსიტეტის რექტორმა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა და ფაკულტეტის წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებლის, ფილიპე გოგიჩაიშვილის საფლავი, გაიხსენეს ფაკულტეტის დაარსების ისტორია და პატივი მიაგეს დიდი მეცნიერის ხსოვნას.

1918 წელს გახსნილ თბილისის უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით, ეკონომიკური მეცნიერების სწავლებას ჩაეყარა საფუძველი. ამ საქმეს უშუალოდ ხელმძღვანელობდა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, რომელიც აღიარებულია საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებლად. 1922 წლის 30 ივლისს, თბილისის უნივერსიტეტში გაიხსნა სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტი, რითაც საქართველოში დაიწყო ეკონომიკური მეცნიერების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს