იუსტიციის სამინისტრო თავად დაარეგისტრირებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც რეესტრში რეგისტრაციას ნებაყოფლობით არ გაივლიან, - ამის შესახებ მედიასთან საუბრისას "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს ექნება უფლება, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან მოიძიოს.
"თავისთავად, ამ ორგანიზაციებისთვის არ არის უცხო, რომ დაემალონ კანონს, იყვნენ გაუმჭვირვალო, ჩრდილში ჰქონდეთ თავიანთი ფინანსები და მიზნები და ასე აწარმოონ თავიანთი საქმიანობა, ამიტომ იქნებიან ორგანიზაციები, ვინც არ დარეგისტრირდება ამ რეესტრში და ძალიან კარგად დაინახავს საზოგადოება, რომელი ორგანიზაცია რა მიზანს ემსახურება. თუმცა ამის პარალელურად, არსებობს სახელმწიფოს უფლება, მოვალეობა და ვალდებულება, რომლითაც უნდა აღსრულდეს კანონი. მათ შორის, კანონში გაწერილია და უკვე კანონქვემდებარეებში დეტალურად გაიწერება რეგისტრაციის პირობები და ნებაყოფლობით არ დარეგისტრირების შემთხვევაში, თავისთავად იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება და ვალდებულება, რომ მოიძიოს ინფორმაცია, საჯარო წყაროებიდან იქნება ეს, კონკრეტული ორგანიზაციებიდან თუ სხვადასხვა საშუალებებიდან, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან და შეგროვებული ინფორმაციით თავად დაარეგისტრიროს ეს ორგანიზაციები რეესტრში. მათ შორის, იყო ერთი ამბავი ატეხილი, რომ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე თუ უნდა ითანამშრომლონ ადამიანები, თუ სხვა ორგანიზაციები, ვის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც გახდება ამ "ენჯეოების" დასარეგისტრირებლად პირველწყარო. რა თქმა უნდა, ნებისმიერმა ადამიანმა და სუბიექტმა უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, უნდა აღასრულოს ის კანონი, რომელიც მათივე ინტერესს ემსახურება და არ უნდა შეუწყონ ხელი ამ მავნებლურ პირდაპირ აგენტურად ქცეულ არასამთავრონო ორგანიზაციებს, რომ დარჩნენ ჩრდილში და თავისი საქმეები აკეთონ მალულად," - განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს, ძალაში დღეიდან შევიდა.
რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.