სიაში ადგილებზე გვევაჭრებოდნენ, გიგა ბოკერია გაიწიოს სიიდანო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, თენგო კირთაძემ პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კირთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, აკაკი ბობოხიძეს პოლიტსაბჭოში გავლენის შენარჩუნება სურდა, რადგან წარმოდგენა აქვს, რომ მას პოლიტიკური მომავალი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „რაღაც ბერკეტი უჭირავს“.
„ერთ-ერთი მთავარი აგიტატორი კაკო ბობოხიძე იყო. მათ შორის რეგიონალურ წარმომადგენლებს უხსნიდა, რომ ჩვენ თუ განახლების გზით არ ჩავატარებთ რეფორმებს პარტიაში, პარტიას მომავალი არ აქვს. ახლა ვხვდები, რომ ამას იმიტომ ამბობდა, რომ იცოდა, ისეთი შედეგი დადგებოდა, რომელიც მას არ დააკარგვინებდა ელემენტარულ ძალაუფლებას. როცა დაჯდა შედეგი, ჩვენ ვაღიარეთ, მიუხედავად იმისა, რომ წესი შეგვიცვალეს. სია დადგა ისე, როგორც დადგა. ახალი პოლიტსაბჭო უნდა შესულიყო და თვითონ არ ამტკიცებდნენ ამ სიას, ანუ სიაში ადგილებზე გვევაჭრებოდნენ, გიგა ბოკერია გაიწიოს სიიდანო.
კაკო ბობოხიძეს წარმოდგენა ჰქონდა, რომ მას პოლიტიკური მომავალი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც ბერკეტი უჭირავს. სამწუხაროდ, არ ესმის, რას ნიშნავს ნებაყოფლობითი ურთიერთობები პარტიაში, საზოგადოებაში და პოლიტიკაში, სადაც ყველა საერთო სარგებლის პრინციპით მოქმედებს. ეს არის გაცილებით დიდი „ტორმუზი" მისთვის, ვიდრე „ლიმონკა" ხელში, რომ თქვას პოლიტიკურ საბჭოში მინდა უმრავლესობა, თორემ პარტიას ავაფეთქებ“, - განაცხადა თენგო კირთაძემ.
თენგო კირთაძემ „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთ ლიდერზე, გიგი წერეთელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ყველაზე მეტად ის აინტერესებდა, რომ „ვიღაცასთან მომხდარიყო გამსხვილება, ერთი-ორი საპარლამენტო ადგილი მოეცათ ჩვენთვის, რომ თვითონ მოხვედრილიყო პარლამენტში“.
„თუ ვინმე იყო დარწმუნებული, რომ ჩვენ შანსი გვაქვს, ჩვენ სწორად მივდივართ, ჩვენი რეიტინგი იზრდება და ჩვენ ვაკეთებთ ამ პროდუქტს ამიტომ ყველაზე მეტად გვჯერა, ეს ჩვენ ვიყავით, ეს გუნდი. ჩვენ გვქონდა ეს გზავნილი, რომ არჩევნებზე გავდივართ ჩვენ, მათ შორის კაკო ბობოხიძესთანაც შეთანხმებული, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, გიგი წერეთელს ყველაზე მეტად ის აინტერესებდა, რომ ვიღაცასთან მომხდარიყო გამსხვილება, ერთი-ორი საპარლამენტო ადგილი მოეცათ ჩვენთვის, რომ თვითონ მოხვედრილიყო პარლამენტში“, - განაცხადა თენგო კირთაძემ.